Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ქართული „ბიზნესდესანტი" სტუმრობდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართულმა ბიზნესელიტამ ამ დღეებში პოსტრევოლუციურ ბათუმში ერთგვარი ბიზნესტური მოაწყო, რომელსაც ქართულ მედიაში საკმაო რეზონანსი მოჰყვა და რომელიც აჭარის ავტონომიურ

რესპუბლიკაში ინვესტიციების მოზიდვასა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას ისახავდა მიზნად. რამდენად შესაძლებელია ლოკალურად ქვეყნის ერთ რეგიონში "თბილი"საინვესტიციო კლიმატის ფორმირება?

წვიმიან ბათუმში ამ დღეებში ქართული ბიზნესელიტა და მთავრობა საინვესტიციო პროექტებზე მსჯელობდნენ. ამ ვოიაჟის ოფიციალური შეტყობინება, დაახლოებით, ამგვარია: აჭარის ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი, ძირითადად, ქართული კაპიტალი უნდა გახდეს. საინტერესოა, რომ ადგილობრივი ბიზნესელიტის ვიზიტი წინ უსწრებდა რუსული მსხვილი კაპიტალისათვის ბათუმში დაგეგმილ დიდ ფორუმს, რომლის ზოგადი აზრიც ნათელია.

ქართველი ბიზნესმენები მზად არიან აჭარაში სოლიდური ინვესტიციები ჩადონ, - განაცხადა გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ ბადრი პატარკაციშვილმა. პარალელურად, ბათუმში ჩასული მთავრობა ბიზნესს უსაფრთხო და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას ჰპირდება. ბიზნესელიტის აჭარულ ვოიაჟს, ბუნებრივია, პოლიტიკური შეფერილობა აქვს და, რასაკვირველია, სასარგებლო წამოწყებაა ბათუმის თემა და იქ ადგილობრივი კაპიტალის დაბანდება. მაგრამ სათუოა ერთ რომელიმე ლოკალურ რეგიონში შესაძლებელი იყოს სამეწარმეო ოაზისის შექმნა, მაშინ როდესაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამისათვის მაინცდამაინც სახარბიელო ბაზა არ არსებობს. შესაბამისად, პოსტრევოლუციურ ბათუმში ბიზნესმენთა "დიდი გასეირნება" რაღაცით ჩამოგავს ასლან აბაშიძის დაჟინებულ მოთხოვნას აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონა შექმნილიყო. ამგვარ მსგავსებას ხედავს ეკონომიკური ექსპერტი სოსო სიმონიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ კაპიტალის ხელოვნური მობილიზება გარემოს მთლიანად ვერ შეცვლის.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] "თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობა თავისთავად გულისხმობდა განსხვავებულ კანონმდებლობას, ანუ უფრო ლიბერალურ კანონმდებლობას ამ რეგიონისათვის. მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვეულებრივად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ბაზაზე რაღაც ამდაგვარი გაკეთდეს. ჩემი აზრით, ის საკანონმდებლო ბაზა რომ იმის საშუალებას იძლეოდეს, ინვესტიციები ჩაიდოს, ეფექტური იყოს და კარგი შედეგები, ანუ მეტი სიმდიდრე, მოგვცეს - ეს უკვე კარგი იქნებოდა, თუნდაც სხვაგან გაკეთებულიყო, მაგალითად, თბილისში ან სხვაგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ის გარემო, რომელიც არსებობს, არანაირად არ არის მიმზიდველი არც ადგილობრივი, არც უცხო ინვესტორისათვის. " (სილი დაცულია)

ანუ ქართული ბიზნესელიტის დაპირებები და, არსებული კანონმდებლობის პირობებში, აჭარის აყვავების პერსპექტივა, შესაძლოა, მხოლოდ კეთილი ჟესტი და ეკონომიკის ცალკეული სეგმენტის ლოკალურ გამოცოცხლებაზე გათვლილი ნაბიჯი იყოს და არა ზოგადი კანონზომიერება.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] "დაპირებები სიტყვებით ძალიან ბევრია, რომ იქნება ლიბერალური საგადასახადო კოდექსი. გარკვეულწილად, ძვრები, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს ძალიან მიზერულია დღეს. ასე რომ, ამჟამად არსებული კანონებით საინვესტიციო გარემო არანაირად არ არის მიმზიდველი და, ცხადია, ის მიმზიდველი ვერ იქნება ვერც ბათუმში. "(სტილი დაცულია)

ამდენად, სახელმწიფოს ერთ რეგიონში ბიზნესგარემოს გაჯანსაღების მცდელობა მისასალმებელია, თუმცა მისი ეფექტურობა ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან მთელ ქვეყანაში უნდა არსებობდეს იმგვარი თამაშის წესები, რომ სამეწარმეო გარემო მომხიბლავი იყოს და იგი რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არ იყოს დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG