Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ჩალაბისთან კავშირს წყვეტს


უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ერაყში ცნობილმა პოლიტიკურმა ფიგურამ აჰმედ ჩალაბიმ შეერთებული შტატების

მთავრობისგან ორი გადამწყვეტი დარტყმა იგემა- ერთი პირდაპირი, მეორე კი არაპირდაპირი. სამშაბათს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღარ აპირებს ჩალაბის ერაყის ნაციონალური კონგრესის სადაზვერვო სამუშაოების პროგრამის გაგრძელებას. ამ პროგრამას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ყოველთვიური 335 000 დოლარით აფინანსებდა. ხუთშაბათს კი შეერთებული შტატების ერაყის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბაღდადში ჩალაბის მდიდრული რეზიდენცია გაჩხრიკეს და დოკუმენტები და კომპიუტერები წაიღეს. ამ ფაქტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამერიკის საუკეთესო მეგობარია ერაყში.

[
ჩალაბის ზემოხსენებული განაცხადი ამერიკასთან მეგობრობის შესახებ ოდესღაც მართლაც შეესაბამებოდა სიმართლეს. თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვების თანახმად, ახლა ვაშინგტონს ჩალაბი თითქმის მოძულებული ჰყავს.

პაუელმა ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2003 წლის თებერვლის გამოსვლა გაიხსენა. მაშინ იგი საბჭოს დოკუმენტურად უმტკიცებდა, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა.

[კოლინ პაუელის ხმა]"მაშინ, ჩემი პრეზენტაცია სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული კოლექტიური დასკვნების, მათ შორის ხმოვანი დასკვნების ასახვა იყო. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყარო არაზუსტი იყო და ზოგიერთ შემთხვევაში შეგნებულად შევყავდით შეცდომაში. სწორედ ამიტომ მე გაწბილებული ვარ და ძალზე ვწუხვარ. "

წყარო, რომელზეც პაუელი მიუთითებდა, ნაწილობრივ მაინც ჩალაბის სამსახურის, ერაყის ნაციონალური კონგრესის მიერ იყო მოძიებული. ჯგუფი იმ ერაყელი ემიგრანტების მიერ დაკომპლექტდა, რომლებიც შეერთებულ შტატებს წლების განმავლობაში არწმუნებდნენ სადამ ჰუსეინის დამხობის აუცილებლობაში. ეს ადამიანებივე ამტკიცებდნენ, რომ სადამის დამხობის შემდეგ ერაყელები ამერიკელ ჯარისკაცებს გულთბილად მიიღებდნენ.

ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი, მათ შორის თავად პაუელი, ჩალაბის სკეპტიკურად ეკიდებოდა. მაგრამ სხვები, მათგან თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი და მისი მოადგილე პაულ ვულფოვიცი ჩალაბის განსაკუთრებულად ენდობოდნენ. მათი დახმარებით, ჩალაბი ვაშინგტონის ერაყულ პოლიტიკაში კარგა ხანს გავლენიან პირად რჩებოდა. ამ მხარდაჭერისა და გავლენის ნიშნად იგი ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წევრიც გახდა.

როგორც ჩალაბი ამბობს, მის წინაღმდეგ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულების შეცვლა განპირობებული იყო, ერთის მხრივ, ერაყელი პოლიტიკოსებით, მეორეს მხრივ კი გაეროს პროგრამის- "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ " დარღვევათა გამომძიებელ ორგანიზაციებს შორის არსებული კონკურენციით. გამოძიებას ერთდროულად სამი ორგანიზაცია აწარმოებს- ჩალაბის ერაყის ნაციონალური კონგრესი, შეერთებული შტატების საგამოძიებო ჯგუფი და გაერო. ჩალაბის თქმით, მისი სახლის ჩხრეკა იმას ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და გაეროს ჩალაბის მიერ წარმოებული გამოძიებისთვის ხელის შეშლა სურთ.

[ჩალაბის ხმა]" გამოძიებამ, რომელსაც ნავთობი საკვებისათვის პროგრამის დარღვევების შესასწავლად ვაწარმოებ, გაეროს წესიერების შესახებ ეჭვები დაბადა. მათ ეს არ მოსწონთ."

ამასთან დაკავშირებით, 20 მაისს ერაყში კოალიციის ძალების წარმომადგენელმა დენ სენიორმა განაცხადა, რომ ჩალაბის რეზიდენციის გაჩხრეკვის ბრძანება ერაყელმა ოფიციალურმა პირებმა გასცეს და არა ამერიკელებმა. მისივე განმარტებით, ჩალაბის სახლის ჩხრეკვა არანაირად არ უკავშირდება გაეროს ცნობილ სასურსათო პროგრამას. ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესის ოფისის წარმომადგენელის რიჩარდ ბაუჩერის თქმით კი ჩხრეკა კრიმინალურ საკითხებს უკავშირდება და პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ჩალაბისა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუარესების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს- ჩალაბის საეჭვო სადაზვერვო საქმიანობა და მისი ასევე საეჭვო პოლიტიკური ყოფაქცევა. თუმცა, როგორც მემკვიდრეობის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი ჯეიმს ფილიპსი ამბობს, ამერიკელების მიერ ჩალაბის სანაგვეზე გადაგდება მისთვის შესაძლოა ერაყში პოლიტიკური კარიერის დაწყების საუკეთესო საშუალებადაც კი იქცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგრძნო რა ვაშინგტონისგან მომავალი საფრთხე, ჩალაბიმ უკვე მოსინჯა ნიადაგი ერაყის ადგილობრივ ალტერნატიულ პოლიტიკურ წრეებში. უკვე საუბრობენ მის კავშირებზე ერაყის შიიტთა სულიერ ლიდერთან გრანდ აიათოლა ალი ალ სისტანისთან. პოლიტიკურ ანალიტიკოსთა ინფორმაციით, ჩალაბი რამდენჯერმე ირანშიც იმყოფებოდა. იმავე ინფორმაციით, ერაყელებს შორის ჩალაბი პოპულარობითა და მხარდაჭერით თითქმის არ სარგებლობს.
XS
SM
MD
LG