Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრები ერევანში


საქართველო-თურქეთის ურთიერთობისაგან განსხვავებით, თურქეთის ურთიერთობას ასევე კავკასიელ მეზობელთან, სომხეთთან, როგორც ცნობილია, "ახლოს" ვერ უწოდებ.

ამ ორ ქვეყანას არათუ, დავუშვათ, სამხედრო თანამეშრომლობა, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აკავშირებს. ამიტომ ერთგვარ სენსაციად ჩაითვალა 19 მაისს სტრასბურგში გამართული შეხვედრა სომხეთისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეების, არტურ ბაღდასარიანისა და ბულენტ არინჩის მონაწილეობით. მათი საუბარი სწორედ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საჭიროებას, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის პრობლემას, სომხების გენოციდთან დაკავშირებულ უთანხმოებასა და ზოგ სხვა საკითხს შეეხო.

სტრასბურგში თურქეთისა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრისაგან განსხვავებით, 21 მაისს ერევანში გამართული შეხვედრა სენსაციად არავის მიუჩნევია, მაგრამ, ქართველ მსმენელს, ის, ალბათ, მაინც დააინტერესებს: ლაპარაკია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრების სხდომაზე, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა - არა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელსაც პრეზიდენტის დელეგაციის ჩარჩოებში თურქეთში მოუწია ჩასვლა, არამედ მისი მოადგილე ირაკლი ალასანია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები იმედია, არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ ერევანში გამართულ შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი ივანოვი იდგა. მისდამი ინტერესი თვალშისაცემი იყო ხუთშაბათსვე, ერევანში რუსი მინისტრის ვიზიტის პირველ დღეს, როცა ის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს შეხვდა. გასაკვირი არაფერია - რუსეთსა და სომხეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, და მას უთუოდ განამტკიცებს შემდეგი სიახლე: ყალიბდება ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო შენაერთი. ჩვენი რადიოს ერევნელი კორესპონდენტის, სამხედრო ექსპერტ ჰრაჩ მელქუმიანის შეფასებით, ეს დაჯგუფება რამდენიმე ათას სამხედრო პირს გააერთიანებს. [მელქუმიანის ხმა] "ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებაში შედიან სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა და სომხეთის არმიის მეხუთე კორპუსი. ამას გარდა, რუსეთი დიდ დახმარებას უწევს სომხეთს საჰაერო თავდაცვის სფეროში. შექმნილია მძლავრი სისტემა - სომხეთში განთავსებულია საზენიტო-სარაკეტო მოწყობილობები. ბოლო სიახლე კი ის არის, რომ ხუთშაბათს სომხეთმა რუსეთისაგან შეიძინა "ილ-76" ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი."

რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას სამხედრო სფეროში, ის რომ სულ სხვა შინაარსით არის დატვირთული, ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვამ და მასზე პასუხმა დაადასტურა. შეკითხვა ასეთი იყო: რა ეტაპზეა მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზებების გაყვანის საკითხში? სერგეი ივანოვის პასუხი: [ივანოვის ხმა] "ეს პროცესი მართლაც ცოტა დამუხრუჭდა - ობიექტური მიზეზებით: მთავრობები შეიცვალა რუსეთშიც და საქართველოშიც, შეიქმნა ახალი დელეგაციები. მოლაპარაკება გაგრძელდება. მაგრამ რუსეთის მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი (ის მეც არაერთხელ გამომითქვამს): ეს არის მოლაპარაკების საგანი და მოლაპარაკებისა არა მარტო გაყვანის ვადებზე, არამედ, პირველ რიგში, ამ ბაზების სტატუსზე. ეს ერთი და მეორე: სწრაფ გაყვანაზე, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიიდან გასვლისას მოხდა, ლაპარაკიც კი ზედმეტია. აუცილებელია დრო, აუცილებელია დიდი ფინანსური სახსრები, რათა ეს ორი ბაზა რუსეთის ტერიტორიაზე მოვაწყოთ".

ორმხრივ ურთიერთობებზე, ალბათ საკმარისი ითქვა, ახლა დსთ-ის საერთო მიზნებსა და ამოცანებზე. პარასკევს, თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელთა სხდომის შემდეგ რუსმა მინისტრმა, სერგეი ივანოვმა აქცენტი საჰაერო თავდაცვის საკითხზე გააკეთა: [ივანოვის ხმა] "სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთობლივი სისტემის მოქმედებას. უნდა ვთქვა, რომ ეს სისტემა, ერთობლივი სისტემა, სიცოცხლისუნარიანია, მოქმედებისუნარიანია, რაშიც ამასწინათ დავრწმუნდით ერთად ჩატარებული სწავლებების დროს. ამ სფეროში თანამეშროლობის მორიგი ზომა უთუოდ მიზნობრივი პროგრამის მიღებაა, რომლის მიზანია დსთ-ის ქვეყნების შეიარაღებული ძალების კომპლექსური მოქმედება საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში. ამ პროგრამის პროექტი დღეს იქნა მოწონებული და დასამტკიცებლად გაეგზავნა დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს".

დაბოლოს, ზაფხულში ყაზახეთისა და ყირგიზეთის ტერიტორიებზე დსთ-ის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები გაიმართება. საქართველოს 9 წელია, აღარ მიუღია მონაწილეობა დსთ-ის მსგავს ღონისძიებებში. სხვათა შორის, ეს მარტო საქართველოს არ ეხება: ტაჯიკეთი და უზბეკეთიც რამდენიმე წელია, აღარ მონაწილეობენ დსთ-ის სამხედრო სწავლებებში.
XS
SM
MD
LG