Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


540-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 540-ე გამოშვებას. დღეს გაგაცნობთ ზოგიერთ მოსაზრებას საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებული პროექტის შესახებ; შევეცდებით გავარკვიოთ, ჰყავთ თუ არა ფანები ქართველ მინისტრებს; შემოგთავაზებთ მასალას აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის შესახებ; ამ დღეებში გერმანიაში კონცერტებს მართავდა "ანჩისხატის" მომღერალთა გუნდი. ისინი დღეს ჩვენი გამოშვების სტუმრები იქნებიან. გადაცემას დაასრულებს ტრადიციული რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებული პროექტის შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტში" მზადდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ამ პროექტის მიხედვით, საქართველოში იქნება ერთი ან ერთზე მეტი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, 4 ან 6 ექვსი, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში დაიცავენ ადამიანის უფლებებს. ერთზე მეტი ომბუდსმენის პრაქტიკა არსებობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, შვეცია, ესპანეთი.
საქართველოში ახალ პროექტს მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეების ჰყავს. ძირითადად, თუ რას ეფუძნება მათი არგუმენტები, ამას ჩვენი კოლეგის გიორგი კაკაბაძის მასალიდიან შეიტყობთ.

გიორგი კაკაბაძე:
რამ განაპირობა პოზიცია, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის საქართველოში ერთი ომბუდსმენის მოღვაწეობა საკმარისი არ არის - საზღვარგარეთულმა გამოცდილებამ, თუ სხვა ფაქტორებმა?
ამ კითხვაზე "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომელმა სოზარ სუბარმა მიპასუხა:

[სუბარის ხმა] "ალბათ, ორივემ. საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ეს ინსტიტუტი სხდასხვანაირად მუშაობს. მაგრამ შვეციაში, სადაც ის პირველად გაჩნდა, დიდხანს კამათობდნენ: ჯერ იყო ერთი ომბუდსმენი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან სისტემა მოუქნელი იყო და სახალხო დამცველი ყველა საქმეს ვერ სწვდებოდა დიდი ბიუროკრატიული აპარატის არსებობის გამო. ასე გაჩნდა ჯერ სამი, მოგვიანებით კი ოთხი ომბუდსმენი.

რაც შეეხება საქართველოს. ჩვენთან ეს სტრუქტურა აბსოლუტურად არაეფექტური იყო. პიველ რიგში, ეს განპირობებული იყო იმ პიროვნებებით, რომლებიც კანონით მინიჭებული უფლებების მეათედსაც არ იყენებდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რომ ერთ ადამიანს ძალიან ბევრი მიმართულებით უწევდა მუშაობა, მას საშუალებას აძლევდა, რომ პასუხისმგებლობას გაქცეოდა".

ადამიანის უფლებების დამცველი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეტაპზე მაინც საქართველოში ერთი და მხოლოდ ერთი სახალხო დამცველი უნდა იყოს. რატომ?

[ზაქარეიშვილის ხმა] "იმიტომ, რომ სახალხო დამცველს არ ამოუწურავს თავისი რესურსები. ვინაიდან სახალხო დამცველი საკმაოდ სერიოზულად იყო დაცული და საქართველოს კანონმდებლობაში მისი როლი კარგად იყო გამოკვეთილი, ამიტომ შევარდნაძე ყოველთვის ცდილობდა, რომ სახალხო დამცველს არ გამოეყენებინა ის ბერკეტები, რომლებსაც ფლობდა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველად ინიშნებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა დამოუკიდებელი და იქნებოდა მართვადი. მაგრამ, შესაძლოა, ეს არგუმენტაცია არც იყოს მთავარი".

-მაშ, რა არის მთავარი?

[ზაქარეიშვილის ხმა] "აშკარად ჩანს პოლიტიკური სარჩული, - საქმე სახალხო დამცველში არ არის. ქვეყანაში, სამწუხაროდ, უქმდება ან სუსტდება ის პოზიციები, სადაც შეიძლება ფეხი მოიკიდოს ოპოზიციურმა აზრმა. ვინაიდან დღეს ქვეყანაში მართლაც არ არსებობს სისტემური ოპოზიცია, რაშიც ხელისუფლებას კი არ მიუძღვის ბრალი, არამედ ეს საზოგადოებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება, ამიტომ დღეს ხელისუფლება ცდილობს ისეთი თანამდებობების გაუქმებას, სადაც შეიძლება ფეხი მოეკიდა ოპოზიციურ აზრს. მაგალითად, ხელისუფლებამ უაღრესად შეასუსტა პარლამენტი, სადაც დღეს ხელისუფლების ოპონირება ფაქტობრივად ძნელი წარმოსადგენია. გენერალური პროკურორი, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს, გამოყვანილია სასამართლო ხელისუფლებიდან და დაემორჩილა პრეზიდენტს. აშკარად იკვეთება უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გაერთიანების ან საკონსტიტუციო სასამართლოს შესუსტების ტენდენცია. აშკარად ფეხს ითრევენ კონტროლის პალატის ხელმძღვანელის არჩევის საქმეში ანუ ძალიან ბევრ საკონსტიტუციო და კონსტიტუციით დაცულ თანამდებობებს, სადაც უნდა იყვნენ დამოუკიდებელი ფიგურები, შეგნებულად ასუსტებენ. და სწორედ ამ კონტექსტში ჯდება სახალხო დამცველიც. არაპოლიტიკურ ოპოზიციას სახალხო დამცველის თანამდებობა შეიძლება გამოეყენებინა საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. სწორედ ამის ეშინია ხელისუფლებას, რომ საზოგადოებაზე სხვამ არ იქონიოს გავლენა".

- მე მგონი, ბატონი პაატას ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ის სერიოზულ შეუსაბამობას ხედავს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ დემოკრატიულ ღირებულებებსა და მათ რეალიზაციას შორის. ბატონო სოზარ, თქვენ როგორ ფიქრობთ?

[სუბარის ხმა] "პაატას ნათქვამს ქვეყანაში არსებულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით ზოგ რამეში ვეთანხმები ზოგში კი არა. მაგალითად, არ ვეთანხმბი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლებიდან გამოვიდა გენერალური პროკურორი. ჩემი აზრით, არც არის მისი ადგილი სასამართლო ხელისუფლების შიგნით, რადგან გამოდის, რომ პროკურორიც და მოსამართლეც ერთ მხარეს წარმოადგენენ.

რაც შეეხება სახალხო დამცველს. მე პირიქით მგონია, ანუ თუ იქნება ერთი სახალხო დამცველი, მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია დანიშნავს თავის ადამიანს, რომელიც შესაძლოა არც დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. მაგრამ ყოველივე ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ვენდობით ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რომ მას შუეძლია სახალხო დამცველის პოსტზე დანიშნის მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი,მაშინ დიდი უფლებებით აღჭურვილი რამდენიმე სახალხო დამცველი მას უფრო მეტ ოპონირებას გაუწევს. რაც შეეხება "თავისუფლების ინსტიტუტში" მომზადებული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულ უფლებებს, სახალხო დამცველის ან სახალხო დამცველების ძალაუფლება სერიოზულად იზრდება და ეს კონსტიტუციით იქნება უზრუნველყოფილი, რაც მათ ლეგიტიმაციას და წონას ზრდის".

რასაკვირველია, ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით სხვა საკამათო ასპექტებიც არსებობს. მთავარი მაინც ისაა, რომ სახალხო დამცველს რეალური გავლენა ჰქონდეს და თუ ეს მართალაც მოხდება, მაშინ ამ თემაზე კამათი აქტუალობას დაკარგავს.


ჰყავთ თუ არა ფანები ქართველ მინისტრებს

ბიძინა რამიშვილი:
გასულ კვირაში, დასავლური პრესის მიმოხილვაში მარიამ ჭიაურელმა "ფაინენშინალ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატია გაგაცნოთ სათაურით "შინაგან საქმეთა მინისტრი პოპვარსკვლავის სტატუსით". სტატიის ავტორის, ტომ უარნერის დაკვირვებით, საქართველოს ახალგაზრდა მინისტრი გიორგი ბარამიძე ლამის პოპ-ვარსკვლავის მსგავსი პოპულარულობით სარგებლობს - თინეიჯერი გოგონები მისგან ავტოგრაფს იღებენ, ერთმა ბათუმელმა ახალგაზრდა დედამ კი ქუჩაში შემთხვევით გადაყრილ მინისტრს კოცნის უფლებაც კი სთხოვა. არის თუ არა ახალგაზრდა თაობა ახალგაზრდა მინისტრების ფანები - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თამარ ჩიქოვანი რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა.

[ ანის ხმა] " არც შევარდნაძესთან მომდომებია, არც სააკაშვილთან, არც რომელიმე სხვა პოლიტიკოსთან ერთად სურათის გადაღება."

თამარ ჩიქოვანი:
ეს 19 წლის ანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც, სხვა თანატოლების მსგავსად, საკმაოდ პოლიტიზებულია - ნოემბრის დღეებში საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც არ დაიზარა საარჩევნო უბანში მისვლა, მაგრამ, ამის მიუხედავად, თავს ახალგაზრდა ხელისუფლების თავგადაკლულ მომხრედ არ თვლის. 19 წლის ნინო და სალომე ასევე აღიარებენ, რომ თავისდაუნებურად ჩართულნი არიან პოლიტიკაში, რადგან თითქმის ყველგან - ოჯახში, უნივერსიტეტში თუ ტელევიზიით - მხოლოდ პოლიტიკაზეა საუბარი:

[სალომეს ხმა] "სახელი და გვარი ნამდვილად ძალიან ბევრი პოლიტიკოსის ვიცით. ეს, ალბათ, სიტუაციიდან გამომდინარეობს. ჩვენს გარდა, ძალიან პატარა ბავშვებმაც იციან. პრინციპში, უფრო ახალგაზრდები რომ არიან ესენი, შეიძლება იმოქმედოს...ჩემზე, პირადად, არ მოქმედებს დიდად - არც ერთზე არ ვგიჟდები, მაგრამ ბევრზე, ალბათ, მოქმედებს."(სტილი დაცულია)

მიუხედავად განცხადებისა, დიდად არავისზე ვგიჟდებითო, საუბრისას ჩემმა რესპონდენტებმა მაინც აღიარეს, რომ ზოგიერთი მინისტრის თუ პარლამენტარის მიმართ მაინცდამაინც გულგრილნი არ არიან:

[ნინოს ხმა]"ბევრი სიმპათიური მოვიდა - გიგი უგულავა, ლევან გაჩეჩილაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გამყრელიძე..."

ჩამონათვალში არ ფიგურირებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, ალბათ, პოპულარობით დღეს ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს უკან ჩამოიტოვებს. რატომ?

[ნინოს ხმა] " მიშა რატომ არ მომწონს? იუსტიციის მინისტრი რომ იყო, მაშინ უფრო "ახალგაზრდული" იყო. რა თქმა უნდა, ახლა რამხელა პასუხისმგებლობა დააწვა....შეიფერა პრეზიდენტობა... თან, რევოლუციისას როგორი ენერგიული იყო. ახლა ახალგაზრდული სულისკვეთება აღარ აქვს."

მთლიანობაში, ახალი თაობა მოესალმება ხელისუფლებაში ახალგაზრდების მოსვლას. მოტივი ასეთია: ცოტა ხნის წინ თავად იყვნენ ახალგაზრდები და კარგად იციან ახალგაზრდობის პრობლემები. გარდა ამისა, ერთსულოვანი აღიარებით, ახალგაზრდები ნაკლებად კორუმპირებულები არიან. რაც შეეხება იმას, რომ დღეს პოლიტიკური კარიერის გაკეთება ახალგაზრდებისთვის საკმაოდ იოლ საქმედ აღიქმება, ანი არ იზიარებს:

[ანის ხმა] " 26 წლის ბიჭი შეიძლება მინისტრი გახდეს, თუ მაინც ზურგს უკან ვიღაც უდგას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი 26 წლის ბიჭია უფრო ღირსეულიც და განათლებულიც, მაგრამ არა აქვთ თანამდებობა, რასაც იმსახურებენ. ასე რომ, ჯერ პოლიტიკოსობაზე არ მიფიქრია - არა მგონია, ასე მოხდეს."

ახალი თაობის კიდევ ერთი დაკვირვება: მართალია, ახალგაზრდა ქართველი მინისტრები მათ წრეში ჯერჯერობით პოპ-ვარსკვლავური პოპულარობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ საარჩევნო კამპანიაში პოპ-ვარსკვლავების მონაწილეობა ახალგაზრდებზე მოქმედებს. მაგალითად, ანის თქმით:

[ანის ხმა] " დათო ჯუჯაძის გამო მისცა ძალიან ბევმა ახალგაზრდამ ხმა აღორძინებას, ახლებს - უცნობის გამო. თუ რამე ხმა მიიღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სტუდენტობის დამსახურებაა. ვისაც ვეკითხებოდი, ვის აძლევთ ხმას - ახლებს, ახლებსო."

დასკვნა კი ასეთია - ყველაფრის მიუხედავად, სუსტი სქესის ახალგაზრდა ამომრჩეველზე პოლიტიკოსის გარეგნობა ისევე მოქმედებს, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ამომრჩევლის უმეტესობა ქალია, პოლიტიკოსებისთვის გარეგნობაზე ზრუნვა ნომერ პირველ ამოცანად იქცევა.

[ნინოს ხმა] "გოგო რომ ვარ, კაცი რომ გპირდება, ამას გაგიკეთებო, მჯერა. ამიტომაც მომწონს, როცა ამბობს, აგაყვავებო..."

ბიძინა რამიშვილი:
მასალა ქართველი მინისტრების გულშემატკივრების შესახებ თამარ ჩიქოვანმა მოამზადა.


აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის გახსენება

ბიძინა რამიშვილი:
20 მაისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გემანიის ქალაქ კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვოლფგანგ შულერმა წაიკითხა მოხსენება "ოთარ ლორთქიფანიძის როლი ქართულ და საერთაშორისო მეცნიერებაში". მეცნიერებმა ამ შეკრებით აღნიშნეს 2 წლისთავი ცნობილი ქართველი არქეოლოგის გარდაცვალებიდან. პროფესორ შულერის ინიციატივით ამიერიდან ყოველ წელს, ხან საქართველოში და ხან გერმანიაში, მაისის თვეში გაიმართება ოთარ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი არქეოლოგთა სამეცნიერო კონფერენციები. დავით პაიჭაძის სიუჟეტში ქართველი მეცნიერები იხსენებენ ოთარ ლორთქიფანიძეს და აღწერენ მის დამსახურებას ჰუმანიტარული მეცნიერების წინაშე.


[გურამ ლორთქიფანიძის ხმა] "ბატონ ოთარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქეოლოგიაში და არა მარტო არქეოლოგიაში. ის იყო გამოჩენილი ისტორიკოსი, ფილოლოგი, შეიძლება ითქვას, ტექსტოლოგი, რომელიც მეტად მაღალკვალიფიციურად აანალიზებდა ძველი ავტორების, ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების იმ შრომებს, საქართველოს რომ ეხება. ევროპაში ის ძალიან დიდი ნდობით სარგებლობდა. ამაზე მეტყველებს მისი პუბლიკაციები საფრანგეთში, ინგლისში და, განსაკუთრებით, გერმანიაში, სადაც ის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის, არქეოლოგიის აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახლდათ".

არქეოლოგი, აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მთელი ქართული არქეოლოგია ოთარ ლორთქიფანიძის სახელშია კონცენტრირებული. ის არის ავტორი წიგნისა "ქართული არქეოლოგია", რომელიც, გურამ ლორთქიფანიძის თქმით, არაერთი ევროპელი არქეოლოგის სამაგიდო წიგნია. ოთარ ლორთქიფანიძის მნიშვნელობას ევროპული მეცნიერებისათვის აღნიშნავს პროფესორი რისმაგ გორდეზიანიც:

[რისმაგ გორდეზიანის ხმა] "ევროპამ იგი აღიარა ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგად. ამის მაუწყებელი იყო ოთარ ლორთქიფანიძის მიერ საქართველოში გამართული კონფერენციები, რომლებიც იყო მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქეოლოგების თავშეყრის ადგილი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოთარ ლორთქიფანიძემ საქართველოსთან, კერძოდ კოლხეთთან დაკავშირებული პრობლემატიკა გადააქცია მსოფლიო მეცნიერების კვლევის ობიექტად. ეს მისი დამსახურებაა. კონფერენციათა პრობლემატიკა ისე იყო შერჩეული, რომ კოლხეთში მიმდინარე პროცესები განიხილებოდა ძველი კულტურების ფართო კონტექსტში და, შეიძლება ითქვას, კოლხეთის თემატიკა ცენტრალური ხდებოდა".

ამავე აზრს განავრცობს გურამ ლორთქიფანიძეც, რომლის აზრით, ოთარ ლორთქიფანიძის აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ანტიკური ხანის კოლხეთი მაშინდელი ოიკუმენის ორგანული ნაწილი იყო.

არქეოლოგი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი აღნიშნავს, რომ ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით ჩატარებულმა სიმპოზიუმებმა და კონფერენციებმა კარდინალური ცვლილებები შეიტანა შავი ზღვის ისტორიისა და არქეოლოგიის კვლევაში, ახლებურად წარმოსდგა დიდი ბერძნული კოლონიზაციის პრობლემური საკითხები და ელინისიტურ სამყაროში მიმდინარე ეკონომიკური და კულტურული პროცესები. ვახტანგ ლიჩელის აზრით, მნიშვნელოვანია ოთარ ლორთქიფანიძის მიერ ქართულ კულტურაში დადგენილი კანონზომიერებანი.

[ვახტანგ ლიჩელის ხმა] "ბატონმა ოთარმა უძველესი ქართული კულტურის კვლევა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. რაც მთავარია, კარგად აჩვენა ძველი ქართული კულტურის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში. ბატონი ოთარის უდიდესი დამსახურება გახლავთ ის, რომ მან უჩვენა: ქართული კულტურა მისი განვითარების ყველა ეტაპზე ატარებს მემკვიდრეობითობის ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქრონოლოგიურ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინოვაციები ანუ სიახლეები მეზობელი კულტურებიდან, ქართული კულტურა არის თვითმყოფადი და იგი განაგრძობს განვითარებას ადგილობრივ საფუძველზე".

ოთარ ლორთქიფანიძის კოლეგები ამბობდნენ, რომ საქართველოში ამ რანგის არქეოლოგი დღეს, შესაძლოა, არც იყოს, მაგრამ მის დამსახურებას ჩრდილი მიადგებოდა, მისივე წამოწყებული ბევრი საქმე რომ არ გაგრძელებულიყო.

[რისმაგ გორდეზიანის ხმა] "მან დატოვა ძალიან დიდი სკოლა. წარმატებით გრძელდება გათხრები ვანში. ოთარ ლორთქიფანიძემ გაკვალა ის გზა, რომლითაც მისი მოწაფეები, მისი კოლეგები ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს აღწევენ და გააქვთ ჩვენი კულტურა ევროპაში, ამერიკაში და ა.შ.".

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ პროფესორი რისმაგ გორდეზიანი. მასალა აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის შესახებ დავით პაიჭაძემ მოამზადა.


ანჩისხატის გუნდი გერმანიაში

ბიძინა რამიშვილი:
15 მაისს გერმანიაში თითქმის ერთთვიანი ტურნე დაასრულა "ანჩისხატის" მომღერალთა გუნდმა. ამ ხნის მანძილზე ანჩისხატელებმა ოცამდე კონცერტი გამართეს კიოლნის, ფრანკფურტის, ბერლინის, მიუნხენის, შტუტგარტის, ლაიფციგისა და სხვა ქალაქების საკონცერტო დარბაზებსა და ეკლესიებში. საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი გუნდის წევრები და ტურნეს ორგანიზატორები ჰამბურგში შეიკრიბნენ და გამოსათხოვარი საღამო მოაწყეს. დავით კაკაბაძემ ქართველ მუსიკოსებს სწორედ იქ მიაგნო.

დავით კაკაბაძე:
როგორც "ანჩისხატის" გერმანული ტურნეს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საზოგადოება "ლილეს" დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მარიკა ლაფაურმა მითხრა, ქართველ მუსიკოსებს დიდი წარმატება ხვდათ.

[ლაფაურის ხმა]

საფიქრებელია, რომ "დოიჩლანდრადიოს" ეთერით გამოსვლის შემდეგ "ანჩისხატს" გერმანიაში თაყვანისმცემელი მოემატება, თუმცა, გუნდის ხელმძღვანელმა მალხაზ ერქვანიძემ ჩემთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ "ანჩისხატს" გერმანიაში უკვე "თავისი" მსმენელი ჰყავს. მაგალითად მან მიუნხენის კონცერტი მოიყვანა:

[ერქვანიძის ხმა ]

უცხოელი მსმენელის წინაშე გამოსვლას, ცხადია, მუდამ ახლავს გარკვეული მიმზიდველობა: თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ შენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზატორი ხდები. მაგრამ მალხაზ ერქვანიძე ამბობს, რომ მისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც სამშობლოში გამართული კონცერტებია.

[ერქვანიძის ხმა ]

იმას, თუ როგორ იზრდებიან თავიანთ მსმენელთან ერთად, ანჩისხატელები განსაკუთრებით ცხადად გრძნობენ ყოველი წლის მიწურულს, როცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საანგარიშო კონცერტს მართავენ. "ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს ჩვენს ერთგულ მსმენელს წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიშს ვაბარებთ და ამიტომ ამ კონცერტს ყოველთვის განსაკუთრებული მღელვარებით ველითო", მეუბნება მალხაზ ერქვანიძე. მისივე ნაამბობიდან ვიგებ, რომ ქართველი მსმენელი "ანჩისხატს" არც გერმანიაში აკლია.

[ერქვანიძის ხმა ]

ველაპარაკე გუნდის კიდევ ერთ წევრს დავით შუღლიაშვილს, რომელმაც გერმანიის ტურნეს დროს, იტალიელ, კერძოდ კი სარდინიელ მომღერლებთან ერთ მოულოდნელ შეხვედრაზე მიამბო.
[შუღლიაშვილის ხმა ]

სარდინიელ მომღერლებთან ერთად "ანჩისხატის" მიერ შესრულებული სიმღერების ჩანაწერი, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება. ამჯერად მხოლოდ ქართველების სიმღერით დავკმაყოფილდეთ. გთავაზობთ წმიდა ნინოს ტროპარს "ანჩისხატის" გუნდის შესრულებით.



საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ახლა ჩვენი ტრადიციული რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი". მას ჩინეთში მომხდარი ერთი კურიოზით დავიწყებთ.

[მუსიკა]

სამოცდაერთი წლის პეკინელი ვან იანჩენი გარეგნობით ძალიან ჰგავს სუნ იატსენს, ჩინეთის ყოფილ პრეზიდენტს და რევოლუციონერს, რომელმაც ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი ჩამოაგდო ტახტიდან. ახლახან ვანმა იოლად დაარწმუნა პატრიოტულად განწყობილი ექვსი 80 წელს გადაცილებული პეკინელი, რომ იგი სუნ იატსენია და უცხოეთში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ცრუ ისტორიული გმირის მიერ მოხიბლულ მოხუცებს ძვირად დაუჯდათ გულუბრყვილობა. ვან იანჩენმა დაარწმუნა ისინი, რომ ფულს აგროვებს მემორიალის ასაგებად და ფულის სესხება სთხოვა. საბოლოო ჯამში თაღლითმა 29 ათას დოლარამდე გამოსტყუა სუნ იატსენის თაყვანისმცემლებს. შეგახსენებთ, რომ ნამდვილი სუნ იატსენი 1925 წელს გარდაიცვალა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის დღეს 130 წლის იქნებოდა.

[მუსიკა]

სიცილიის ხელისუფლების თანახმად, იქაურ მაფიას ახალი დევიზი აქვს: "Pagare tutti, pagare meno" - "ყველა იხდის, ყველა იხდის ნაკლებს." მაფიამ, რომლის შემოსავლის დიდ ნაწილს გამოძალვით მოკრებილი თანხა შეადგენს, ახალი, უფრო ლმობიერი სტრატეგია აირჩია. იგი თავის კლიენტებს უფრო ნაკლებს ართმევს, ვიდრე წინათ. სამაგიეროდ მოქმედების არე და კლიენტების რიცხვი გააფართოვა. სიცილიის ხელისუფლება აგრეთვე აცხადებს, რომ მაფიამ შეწყვიტა მტრების, საკუთარი წევრებისა და პოლიციელების მოკვლა. მაგრამ ბიზნესი არ შეუწყვეტია.

[მუსიკა]

დანიურმა ტრაულერმა გასულ კვირაში დანიისა და ნორვეგიის სასაზღვრო წყლებში იმდენად მსხვილი ნადავლი მოიგდო ბადეში, რომ ბადე ჩაწყდა. ბადეში გაბმული აღმოჩნდა გერმანიის წყალქვეშა ნავი, რომელიც წყლის ზედაპირზე ამოდიოდა. სხვათა შორის, ამ რეგიონში მსგავსი ინციდენტი ერთხელ უკვე მოხდა 20 წლის წინ, მაგრამ მაშინ გერმანიის წყალქვეშა ნავმა ტრაულერი წყალში ჩაითრია და ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ამჯერად კი ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. შემთხვევის ადგილზე მივიდა იქვე ახლოს მყოფი გერმანიის გემი და დახმარება გაუწია მეთევზეებსა და მათ "ნადავლს". მალე სამივე ხომალდმა განაგრძო კურსი.

[მუსიკა]

ნიუ იორკის ბუნების ისტორიის მუზეუმშ გაიხსნა სპეციალური პროგრამა "ენტომოფაგი" გურმანებისთვის ანუ მწერების მჭამელებისთვის. განსაკუთრებით წარმატებულ რეცეპტებს შორის იყო კერძები ტარანტულის, მორიელის, ტარაკანისა თუ მატლებისგან. მუზეუმის ექსპერტების თანახმად, მწერების მოშენება იოლია. ისინი ძალიან სწრაფად იმატებენ წონაში. ბევრს არ ჭამენ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებენ. დანაკარგი მჭირეა და ვეტერინარის დახმარებაც იშვიათად არის საჭირო. სხვათა შორის, ექსპოზიციის ავტორები იმ გარემოებაზეც მიაპყრობენ დამთვალიერებელთა ყურადღებას, რომ რიგითი ადამიანიც საკმაო რაოდენობით მწერებს მიირთმევს თავისდაუნებურად. მაგალითად, შეერთებულ შტატებში საკვების მაკონტროლებელი სამსახური აღიარებს, რომ მწერებისგან საკვების მთლად დაცვა შეუძლებელია. ამიტომ დაწესებულია საკვებში მწერების არსებობის დასაშვები ზღვრები. მაგალითად, შოკოლადში ნებადართულია 60-მდე მწერის ნაწილის შემცველობა ყოველ 100 გრამზე. ერთ ქილა სოკოში 24 ტკიპაა ნებადართული. 100 გრამი პამიდვრის წვენი ბუზის 30-მდე კვერცხს შეიძლება შეიცავდეს.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG