Accessibility links

ქუთათურები პრეზიდენტის რწმუნებულის გადადგომას მოითხოვენ


იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დავით მუმლაძეს ოპონენტები გამოუჩნდნენ. საუბარია არა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე, არამედ რიგით ქუთაისელებსა და

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რომლებმაც 21 მაისს, დღის სამ საათზე, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. რა მოთხოვნები აქვთ ქუთაისელებს და რას უწუნებენ ისინი ახალ გუბერნატორს?

[ისმის აქციის მონაწილეთა ხმები] "ბატონო პრეზიდენტო, ბატონმა მუმლაძემ ვერ გაამართლა თქვენი და ჩვენი იმედები..."

ქუთაისის მერიის წინ გამართული აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტისაგან ერთ რამეს - მხარის გუბერნატორ დავით მუმლაძის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სამშობლო უმთავრესიას" წევრები, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, ძირითადად, საკადრო პოლიტიკისა და უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ.

[რამაზ იოსელიანის ხმა] "მან რამდენიმეთვიანი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ მაინცდამაინც ქუთაისის პრობლემებით არ იწუხებს თავს - ან არ აქვს უნარი, ან არ უნდა, რომ გააკეთოს - და ჯობია წავიდეს აქედან და პრეზიდენტმა გამოგვიგზავნოს ის კაცი, რომელსაც გული სტკივა იმერეთზე, ქუთაისზე, საქართველოზე და, საერთოდ, ყველაფერ ნორმალურზე და ადამიანურზე."

ეს იყო რამაზ იოსელიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, შვილი, რომელიც ქუჩაში დავით მუმლაძის საკადრო პოლიტიკამ გამოიყვანა. თუმცა კრიტიკოსები იმერეთის გუბერნატორს არც ჟურნალისტურ წრეებში აკლია. გაზეთ "ახალი ვერსიის" ქუთაისელი თანამშრომელი ფრიდონ კერვალიშვილი ყურადღებას ქუთაისის საკრებულოში განვითარებულ პროცესებზე ამახვილებს:

[ფრიდონ კერვალიშვილის ხმა] "პრაქტიკულად კომპლექტდება კადრები ქუთაისში და იმერეთის რეგიონალურ სტრუქტურაში მუმლაძის ახლობლებით ან ამ ახლობლების ახლობლებით. აქ საუბარი არის ზეწოლაზე ქუთაისის მთავრობის დაკომპლექტებისას. პრაქტიკულად ქუთაისის საკრებულო გადაიქცა მუმლაძეზე დაქვემდებარებულ ადამიანთა კრებულად..."

თავად დავით მუმლაძე საპროტესტო გამოსვლებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და მერიის წინ გამართულ მიტინგს თანამდებობადაკარგულთა აქციას უწოდებს:

[დავით მუმლაძის ხმა] "ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ და მეხოტბენი იყვნენ წინა ხელისუფლებისა, განსაკუთრებით ქუთაისში შექმნილი სიტუციის, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე, სხვა კრიმინალები, როგორიც არის შალიკიანი, მათ ცრემლის ღვრით გააცილეს. დღეისათვის მათ, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის პროცესები, რაც ვითარდება სახელმწიფოში და მათგან არც უნდა იყოს მოსაწონი. მათი ადგილი არ არის. ძალიან ბევრის ადგილი არის ციხეში."(სტილი დაცულია)

თუმცა, სანამ ოპონენტებს ციხეში გაისტუმრებს, დავით მუმლაძეს, სავარაუდოდ, ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ქუთაისში უკვე ხმამაღლა საუბრობენ ახალი რწმუნებულის არაჯანსაღ ბიზნესინტერესებზე. როგორც ჩვენი ქუთაისელი თანამშრომელი ნინო ღაჭავა იტყობინება, დავით მუმლაძის მამხილებელი მასალები ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებშიც არაერთხელ გამოქვეყნებულა:

[ნინო ღაჭავას ხმა] " ჭიათურაშიც იყო ერთი კვირის წინ, მე როგორც ვიცი, რაღაც პატარა აქცია, რომელიც ჭიათურმანგანუმის მშრომელებმა მოაწყვეს და აქ ასეთი ბრალდება გაისმა, თითქოს, ჭიათურაში მოქმედი კომპანია "გიო და კომპანია" გადაიფორმა, ჭიათურმანგანუმის კარიერები და საწარმოს თანალიცენზიანტი გახდა - ასეთი ბრალდებაც გაისმა" (სტილი დაცულია)

ამ და სხვა არაერთი ბრალდებით შეიარაღებული აქციის მონაწილე ქუთაისელები პრეზიდენტ სააკაშვილს რწმუნებულის შეცვლას სთხოვენ. მათი თქმით, დავით მუმლაძემ ქუთაისი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს:

[ისმის აქციის მონაწილეთა ხმები] "...თუ ეს ასე არ გაკეთდება, ჩვენი აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და არ დასრულდება მანამ, სანამ მუმლაძე არ დატოვებს ქუთაისს."

[ისმის ტაშის ხმა]
XS
SM
MD
LG