Accessibility links

logo-print

კრიმინალური შემთხვევის პოლიტიკური ასპექტი


ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი კენჭაძეს, რომელსაც ბრალი ფულის გამოძალვაში ედება.



გიორგი კენჭაძის მხილებისა და დაკავების ფაქტს სხვადასხვა პიროვნების მხრიდან განსხვავებული შეფასება მოჰყვა. პირადად მიხეილ სააკაშვილმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და დაემუქრა ყველას, ვინც თავის მდგომარეობას თავნებობისა და ანგარებისთვის გამოიყენებს. ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა კენჭაძის შემთხვევა პარტიის გამარჯვებად მონათლეს. ოპონენტებმა იკითხეს, რატომ არ მიეცა გამომძალველს საშუალება, შესულიყო სახელმწიფო კანცელარიის შენობაში და გამოემჟღავნებინა თავისი მფარველი. კენჭაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, წაქეზებულს სამართალდამცავების მხრიდან. ელენე თევდორაძის განმარტებით, დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ პირადად მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი უსათუოდ დაასახელებს სხვას ან სხვებს, თუკი მასზე ზეწოლა გაგრძელდება.

ის ფაქტი, რომ სახელისუფლო პარტიამ გამოავლინა და გაამჟღავნა თავისი თანაგუნდელის კრიმინალური საქციელი, უარყოფითად არავის შეუფასებია. მაგრამ არსებობს ერთი უსიამოვნო პოლიტიკური ასპექტი, რომელიც საგანგებო აქტუალობას იძენს ამ გახმაურებული შემთხვევის ჭრილში.

თითოეული ადამიანი, რომელიც გულწრფელად გაახარა შევარდნაძის თუ აბაშიძის მმართველობის დასრულებამ, ახალი ხელისუფლებისგან მოელის ხალხზე ზრუნვას და არა ცალკეული პიროვნებების ანგარებიანი ინტერესებისთვის ხელის დაფარებას. არადა, კარგა ხანია, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ ძველი კლანების ნგრევა ახლით ჩანაცვლების ფონზე მიმდინარეობს. გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია და ეთერში გავიდა რამდენიმე სიუჟეტი, რომლებიც სამართლიანად ან უსამართლოდ ეჭვქვეშ აყენებდა მაღალი თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებას სახელმწიფო ქონებასთან მიმართებაში. ეს პროცესი ცენტრიდან რეგიონებს გადაედო და კონფლიქტებს, რომლებიც ბათუმში, თელავსა და ხაშურში განვითარდა, პრესის ვერსიით, აგრეთვე ქონების გადანაწილება უდევს საფუძვლად.

თუ ეჭვი სამართლიანია, გამოდის, რომ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ხალხის სამსჯავროზე წარადგენს გიორგი კენჭაძეს, რომელსაც თავისი დანაშაულისთვის სამაგალითოდ სჯის. ამასობაში, შეუდარებლად მეტი გავლენისა და ძალაუფლების მქონე პირები თავს სრულიად დაცულად გრძნობენ და საჭიროდ არც მიიჩნევენ, პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურონ. პრეზიდენტიც თვალს უხუჭავს იმ პროცესს, რომელიც გაცილებით მეტ უნდობლობას აჩენს საზოგადოებაში, ვიდრე გიორგი კენჭაძის დანაშაული. ის ფაქტიც, რომ გენერალური პროკურორი პარლამენტში აცხადებს, კენჭაძეს კანცელარიაში მფარველი არ ყოლიაო, მავანისთვის ხელის დაფარებას წააგავს.

ეჭვები არსებობს და მათ ან დასაბუთება სჭირდება, ან გაქარწყლება; იგნორირება კი გამოსავლად სწორედ რომ არ გამოდგება.
XS
SM
MD
LG