Accessibility links

logo-print

მსოფლიო პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის მსოფლიო პრესის ფურცლებზე ერაყი, იქ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესებით კვლავაც წამყვანი

თემაა. "ვაშინგტონ ტაიმსის" ბაღდადის კორესპონდენტი, ჰივა ოსმანი ყურადღებას ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს ფორმირების პროცესს მიაპყრობს. იგი შიშობს, რომ ამ პროცესს შესაძლოა ქვეყნის დანაწევრება და ექსტრემიზმის გაღვივება მოჰყვეს. მისი აზრით, ვინაიდან მთავრობა შიიტთა, სუნიტთა და ქურთთა პოტენციური რელიგიური ბლოკებისგან დაკომპლექტდება, მასში ადგილი თითქმის აღარ დარჩება იდეოლოგიური ხაზის გაერთიანებებისათვის-ლიბერალებისა და კონსერვატორებისათვის. ამ საფრთხიდან გამომდინარე ჟურნალისტი ასკვნის:


"შეერთებული შტატებმა, გაერომ და გადაწყვეტილების მიმღებმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თითოეულ ეთნიკურ ჯგუფში არიან, როგორც რელიგიური, ისე სეკულარული ადამიანები. და მათი პოლიტიკური ორიენტაციები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ საჭიროა მთავრობის წევრების შერჩევის პროცესი სექტურ ხაზს არ გაჰყვეს. "

20 მაისის "ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნი" კი ერაყის იუგოსლავიზაციის საფრთხეზე მიუთითებს. მას მოჰყავს შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ბალკანეთში გაეროს ყოფილი წარმომადგენლის კარლ ბილდტის მოსაზრება. ბილდტის აზრით, თუ ერაყი შიიტთა, სუნიტთა და ქურთთა ავტონომიებისაგან შემდგარ კვაზი-ფედერაციულ სახელმწიფოდ იქცევა, მაშინ გარდაუვალი იქნება ხანგრძლივი საომარი მოქმედებების დაწყება ერაყის ისეთ მთავარ ქალაქებს შორის, როგორებიცაა ბაღდადი და კირკუკი.

ბილდტი ამბობს: "ჩვენი მოვალეობაა არ დავუშვათ შეცდომები, რომლებიც ხვალ უბედურებას მოიტანს. შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ერაყის ბალკანიზაციის იდეით თამაში სინამდვილეში ცეცხლთან თამაშია."

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მიმდინარე კვირის მსოფლიო პრესის ასევე წამყვანი თემაა. ისრაელის ებრაულმა და არაბულმა ადამიანის ადამიანის უფლებათა დამცავმა ორგანიზაციებმა რაჰაფში მიმდინარე მოვლენებს კონკრეტული შეფასება მისცეს. პალესტინური ჰოლოკოსტი, გენოციდი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ- ასეთია შეფასება, რომელზეც გაზეთ იერუსალემ პოსტის ფურცლებზე ისრაელის არაბთა უმაღლესი მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი აბედ ინბიტავი საუბრობს.

"ჩვენ ვგმობთ ამ ომის დანაშაულებს და პალესტინელთა წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფო ტერორიზმს ზოგადად და რაფაჰში კონკრეტულად. ადამიანთა მკვლელობები და სახლებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევა პალესტინელთა გენოციდის გამოვლინებაა. რაფაჰის მოვლენებს ჩვენ ალ-ნაკბას კატასტროფის გაგრძელებად განვიხილავთ."

ინდოეთის მთავრობის ფორმირებისა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კონგრესის პარტიის ლიდერის სონია განდის სენსაციურ გადაწყვეტილებას ორიგინალურად ეხმიანება "ინდეპენდენტის" 21 მაისის გამოცემა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე უარი დიდსულოვნებად და გონიერებადაა შეფასებული პუბლიკაციაში სათაურით" სონია განდის მარტივი ჰეროიზმი". წერილში ჟურნალისტი სონია განდის ისეთ თვისებებზე საუბრობს, რომლებზეც საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. მოვიყვანთ ერთ-ერთ მათგანს.
"მისის განდი მოკრძალებული ადამიანია და რიგითი ინდოელი ქალისთვის ორგანული წეს-ჩვეულებებით ცხოვრობს. ერთხელ მას უმცროსმა მაზლმა სენჯეიმ თეფში ესროლა, რადგან კვერცხი ისეთი მომზადებული არ აღმოჩნდა, როგორც მას სურდა. მოგვიანებით არც სენჯეის მეუღლიგან მანეკასგან შეხვდა ნაკლები პრობლემები. მაგრამ როდესაც სენჯეი გარდაიცვალა, ქალაბტონმა განდიმ უსიტყვოდ ითავა მისი შვილის მოვლა. მან იმ ქალის შეწყნარებაც კი ითხოვა, ვინც რაჯივ კანდის მკვლელობისთვის გაასამართლეს. სონია განდის წყალობით ამ ქალის სიკვდილის განაჩენი გაუქმებულ იქნა."

"ინდეპენდენტის" ეს სენტიმენტალური პოლიტიკური პუბლიკაცია გარკვეული თვალსაზრისით დისონასშიც კი მოდის მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან, რომელსაც პრესა აღწერს. "ლიბერასიონის" კორესპონდენტის, პატრიკ საბატიერის პუბლიკაცია, მაგალითად, აბუ ღრაიბის ციხესა და იქ მომხდარ სისასტიკესთან გვაბრუნებს. კორესპონდენტის თქმით, 20 მაისს ერაყელ ტყვეთა წამების გამო გასამართლებული ამერიკელი ჯარისკაცის ჯერემი სივიტსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ამერიკის არმიას ჩირქს ვერ ჩამორეცხს. საბატიერი იმავე პუბლიკაციაში თამამ განცხადებას აკეთებს და ვარაუდობს, რომ შეერთებული შტატების იმიჯისა და ნდობის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ სკანდალის პასუხად შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და სხვა პასუხისმგებელი პოლიტიკური პირები პოლიტიკურ კრახს განიცდიან.

"ფაინენშალ ტაიმსი" კი მკითხველს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციის ჩაშლაზე მოუთხრობს. ნატო ავღანეთში ამომრჩევლის რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად მზად იყო ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებოდა და სტამბულის სამიტამდე ქვეყანაში რეკონსტრუქციის ხუთი ჯგუფი გაეგზავნა. გაზეთის თქმით, კოლაფსი სახეზეა- ნატოს არ აქვს სამედიცინო ევაკუაციისა და საჰაერო დახმარებისათვის საკმარისი ვერტმფრენები. ამას გარდა ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო თავს იკავებს ქაბულიდან მოშორებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რეგიონებში თავისი ნაწილების განთავსებას.

"ფაინენშალ ტაიმსი" ბოლოს შენიშნავს, რომ ევროპის სახელმწიფოებმა უნდა დაასრულონ საუბარი იმაზე, რა გავლენას იქონიებს ავღანეთის ინცინდენტი მათი თავდაცვისუნარიანობის ამბიციაზე.
XS
SM
MD
LG