Accessibility links

logo-print

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ახალი ინიციატივა


თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ჟან ლემერმა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჟან ლემერის ვიზიტით ევრობანკმა საქართველოში ახალი პროექტები წამოიწყო, რაც ხელს შეუწყოფს ეკონომიკური რეფორმების სტიმულირებას, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას და ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის რეაბილიტაციას.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო, იმ დროს როდესაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის განსახორციელებლად და ბიზნესის საწარმოებლად საჭირო გარემო ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, 2004 წლამდე ევრობანკმა ხელი მოაწერა საქართველოში 20 საინვესტიციო პროექტს, რისი საერთო მოცულობაც 185 მილიონი ევროა.

საქართველოში მომხდარ ცვლილებებს არც ახლა შეუშინებია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მისმა პრეზიდენტმა ჟან ლემერმა თბილისში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბანკის ახალი ინიციატივა - "ღარიბი ქვეყნების დახმარების პროექტი" - გააცნო.

[ჟან ლემერის ხმა] "მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ ძალიან სწრაფად გვინდა დავინახოთ ცვლილებები საქართველოში, ამიტომ თავდაპირველად მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებელ პროექტებს დავაფინანსებთ თვალსაჩინოების შესაქმენლად. შემდეგ კი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, დაიწყება დიდი და ხანგრძლივი პროექტების განხორციელება. ჩვენი სურვილია საქართველოს ხელი შევუწყოთ თავისი პოტენციალის დანახვასა და გამოყენებაში."

ასე ახსნა ევრობანკის პრეზიდენტმა ჟან ლემერმა ბანკის ახალი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ძველი მიმართულების ქართული ბანკებისათვის საკრედიტო ხაზების გახსნის გარდა, ევრობანკმა შედარებით მცირე კრედიტების გაცემაც გადაწყვიტა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. კრედიტების გაცემის გარდა, ახალი სტრატეგიის მიხედვით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თავად აპირებს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიების მეწილე გახდეს.

[ისმის საზეიმო ცერემონიალის ხმა]

აი ასე, კახური ღვინის საზეიმო დაჭაშნიკებით აღინიშნა ევრობანკის მიერ პირველი საშუალო კომპანიის, ქართული ღვინის წარმოების, "თელიანი ველის" 27 პროცენტის შეძენა.
[ჟან ლემერის ხმა] "ჩვენ მიგვაჩნია რომ მთავრობაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ საქართველოში მაკროეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა. ძალიან ბევრი რეფორმა იქნა წამოწყებული, მათ შორის, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კანონის აღსრულება. ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია და ამ მხრივ აქტუალურია საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწა."

ჟან ლემერმა ისიც დასძინა, რომ, მართალია, მაკროეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ იმისთვის, რომ ის შესამჩნევი გახდეს, საქართველოში ბევრი რამაა გასაკეთებელი. თუმცა თავად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმზიდველი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბებამდე ლოდინს არ აპირებს და, ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად, ქართული სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსება აქვს განზრახული. ლემერის თქმით, ამ სფეროებში 1 წლის მანძილზე 50-დან 100 მილიონამდე ევრო დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG