Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში აქტური როლის თამაშს აპირებს


ევროპის კავშირის გადაწყვეტილება, დაიწყოს მზადება "ახალი სამეზობლოს" პროგრამაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაყვანად, ახალ შანსს ბადებს სამხრეთი კავკასიის

რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ევროკავშირი ამ ეტაპზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული. როგორც სამშაბათს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტისას გამოჩნდა, ევროპის კავშირი რეგიონში სერიოზული დიპლომატიური კაპიტალის დაბანდებას აპირებს.
ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

ალიევის ვიზიტისას მკაფიოდ გამოიკვეთა ერთი ტენდენცია: მინსკის ჯგუფის მიმართ მოულოდნელად კრიტიკული დამოკიდებულება. როგორც ალიევმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომანო პროდიმ აღნიშნეს, ეუთოს ეგიდით მოქმედმა ამ ჯგუფმა ვერ შეასრულა თავისი ამოცანა. ამის სანაცვლოდ ევროპის კავშირი აპირებს გააქტიურებას.
[სოლანას ხმა] "... რის გაკეთებაც შეგვიძლია - და მე დავპირდი პრეზიდენტს ამას - რის გაკეთებაც შეგვიძლია, გავაკეთებთ," თქვა სამშაბათის შეხვედრების შემდეგ ევროკავშირის საგაერო ურთიერთობების კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუკი მას ამას სთხოვენ.

ევროპის კავშირის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ჩვენი რადიოს ბრიუსელელ კორესპონდენტს, აჰტო ლობიაკასს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ენერგიულად ცდილობს ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში ევროპის კავშირის როლის გააქტიურებას. მისი აზრით, მინსკის ჯგუფი სომხეთის სასარგებლოდ არის განწყობილი. ალიევი ამას ჯგუფის წამყვანი წევრებიდან ორში, შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში ძლიერი სომხური დიასპორების არსებობით ხსნის.

[ალიევის ხმა] "რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფს აქვს ამ პრობლემების მოგვარების მანდატი და ჩვენ, ცხადია, არ ვცდილობთ ამ მანდატის შეცვლას... მაგრამ, ამავე დროს, ჩვენის აზრით, დარწმუნებულ ვართ, რომ უფრო ფართო საერთაშორისო ყურადღება, ევროპის კავშირის სტრუქტურების მხრიდან ყურადღება და ევროპაში საზოგადოებრივი აზრი დაგვეხმარება კონფლიქტის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების პროცესში."

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, კავშირი განაგრძობს მინსკის ჯგუფის მხარდაჭერას, მაგრამ ამჟამად მისდევს უფრო ფართო, ე.წ. "სამკუთხედის" სტრატეგიას და სამშვიდობო პროცესში აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მონაწილეობას გულისხმობს. ამით ევროკავშირი ცდილობს, არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის პრობლემას მოუაროს, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების საერთო კონტექსტი დააყენოს დღის წესრიგში.

აზერბაიჯანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნას. ალიევის თქმით, სომხეთზე ზეწოლის ეს ბერკეტი თუ მოიშალა, მაშინ ერევანი დაკარგავს კონფლიქტის მოგვარების მოტივაციას.

სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ საზღვრის ჩაკეტვის მიმართ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ნატოს სამიტზე ჩასვლას სტამბოლში, სადაც იგი სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. "საკუთხედის" სტრატეგიის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თურქეთის მხრიდან ბლოკადის მოსახსნელად სომხეთი იძულებული იქნება მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. აზერბაიჯანი თანახმაა, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს ყარაბაღის საბოლოო სტატუსის საკითხი. თავის მხრივ სომხეთი მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვას მოითხოვს დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვამდე.

როგორც ევროპის კავშირის ანონიმმა წარმომადგენელმა განუცხადა ჩვენს რადიოს, კავშირი აზერბაიჯანის მიდგომას, კონფლიქტის ეტაპობრივ მოგვარებას უფრო უჭერს მხარს. საერთოდ, ევროკავშირი აზერბაიჯანისგან უფრო მეტს მოელის, ვიდრე სომხეთისგან. ევროპის კავშირის ანონიმი წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტ ალიევს მთელი რიგი გარემოებები უმაგრებს ზურგს. სომხეთის პრეზიდენტის პოზიციები კი ქვეყნის შიგნით იმდენად დასუსტებულია, რომ ქოჩარიანს ძალიან გაუჭირდება აზერბაიჯანთან რაიმე დათმობებზე წასვლა.
XS
SM
MD
LG