Accessibility links

logo-print

არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები


ბათუმიდან ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ მშობლიური ქალაქი არ დაუტოვებია აბაშიძის ორ ახალგაზრდა მომხრეს, ლაშა ჩახვაძესა და მერაბ მიქელაძეს, რომლებზეც გენერალურ პროკურატურას ძებნა

ჰქონდა გამოცხადებული. ჩახვაძე და მიქელაძე საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა 17 მაისს დააკავეს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის დარღვევის გამო. მანამდე ისინი თბილისში იარაღის უკანონო ტარებისთვის იქნენ დაპატიმრებული, შემდეგ კი, ასლან აბაშიძისა და ზურაბ ჟვანიას შეთანხმების საფუძველზე, ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით გათავისუფლდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ორი ბათუმელი სტუდენტის, 18 წლის ლაშა ჩახვაძისა და მერაბ მიქელაძის, ციხიდან გამოშვება ბათუმში "კმარას" აქტივისტების გათავისუფლების სანაცვლოდ მოხდა. ეს მაშინ ასლან აბაშიძეს არ დაუფარავს და მას ტყვეთა გაცვლაც კი უწოდა. ასლან აბაშიძესთან ამგვარი შეთანხმების დადებაში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იქნა მხილებული, დააპატიმრეს ის ორი გამომძიებელიც, რომლებმაც ბათუმელ სტუდენტებს ბათუმში დაბრუნების უფლება მისცეს. ამით ერთი, თითქოსდა მარტივად გამოსაძიებელი, საქმე უამრავი პოლიტიკური ფაქტორით დამძიმდა.

[ქეთი ბექაურის ხმა] "ლაშა ჩახვაძე გამოცხადებული იქნა ხელოვნურად გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილად. სინამდვილეში, ის არ იმალებოდა, იმყოფებოდა სასამართლო დოკუმენტებში მითითებულ მისამართზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, ქალაქ ბათუმში. ასევე თავის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში მერაბ მიქელაძეც, მეორე ბრალდებული, და ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ამ პირებს დაერქვათ ძებნილები."

ადვოკატი ქეთი ბექაური იმასაც დასძენს, რომ ჩახვაძემ და მიქელაძემ გამომძიებლის მიერ პირველი გამოძახებისთანავე თბილისში ჩამოსვლა ცენტრსა და ბათუმს შორის ურთიერთობის გამწვავების გამო ვერ მოახერხეს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს მიაჩნია, რომ ამით სამართალდამცველ ორგანოებს ჩახვაძისა და მიქელაძის დაკავების ფორმალური, მაგრამ კანონიერი საფუძველი გაუჩნდათ.

[ელენე თევდორაძის ხმა] "ჩემი ინფორმაციით, არანაირი იარაღი არ ამოუღიათ. მაგრამ მათ არ მისცეს გამოძიებას საშუალება საგამოძიებო პროცედურა მათსავე სასარგებლოდ დამთავრებულიყო."

17 მაისს სწორედ ამის გამო დააკავეს ბათუმში ჩახვაძე და მიქელაძე და თბილისში გადმოიყვანეს. მაგრამ ირკვევა, რომ მანამდე გამოძიების მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ ბათუმელი სტუდენტების კავშირი პოლიციის მიერ ამოღებულ იარაღთან ვერ დაამტკიცა.

[ქეთი ბექაურის ხმა] "ამდენად, რაიმე მტკიცებულება დღეისათვის, ობიექტური და საკმარისი, რაც გათვალისწინებული არის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ვერ იქნა გამოძიების ვერც ერთ ეტაპზე მოპოვებული."

შესაბამისად, ადვოკატმა ქეთი ბექაურმა 19 მაისს გამომძიებელ პროკურორს პაატა ტყეშელაშვილს შუამდგომლობით მიმართა ჩახვაძისა და მიქელაძის გათავისუფლების შესახებ. ამ შუამდგომლობაზე პასუხის ვადა 22 მაისს ამოიწურა, მაგრამ ტყეშელაშვილი პასუხის გაცემას არ ჩქარობს. იგი დაკავებულ სტუდენტებთან საგამოძიებო ქმედებათა გაგრძელებას 24 მაისსაც აპირებს. მე შევეცადე მას ტელეფონით გავსაუბრებოდი:

[პაატა ტყეშელაშვილის ხმა] "- ბატონო პაატა, ჩახვაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თუ შეგიძლიათ... - ტელეფონზე ვერა, გენაცვალე. - როდის შეიძლება შეგხვდეთ? - ორშაბათისთვის, ალბათ."

ბატონ პაატას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის არიდების საკმარისი მიზეზი აქვს. მის თვალწინა არიან ის კოლეგები, რომელთა ხელმოწერითაც ჩახვაძე და მიქელაძე 27 თებერვალს პირველად გაათავისუფლეს. ამ გამომძიებელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერაც არ შეწყვეტილა.

ლაშა ჩახვაძისა და მერაბ მიქელაძის ადვოკატი გენერალურ პროკურორთანაც აპირებს შუამდგომლობის აღძვრას, ბათუმელი სტუდენტების გათავისუფლების მოთხოვნით. ქეთი ბექაურის განცხადებით, თუ ირაკლი ოქრუაშვილისგანაც უარყოფითი პასუხი იქნა, ის ჩახვაძესა და მიქელაძეს პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადებს. პროკურატურის პასუხს არ ელოდება გელა ნიკოლეიშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის":

[გელა ნიკოლეიშვილის ხმა] "ყველა ნიშანია იმისა, ვთქვათ, რომ ლაშა ჩახვაძე დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან ის, აშკარად, იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის, ვინაიდან არანაირ საფუძველზე არ არის დამყარებული ბრალდება იარაღის უკანონოდ ტარებისა."

სანამ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა იმას გაარკვევს, უნდა იჯდეს თუ არა ციხეში ასლან აბაშიძის მომხრე ორი სტუდენტი, რომლებიც ძებნილად არიან გამოცხადებული, თუმცა ძებნის მიზეზი, იარაღის უკანონოდ ტარება, არ უმტკიცდებათ, ერთ-ერთი მათგანის, ლაშა ჩახვაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG