Accessibility links

logo-print

ნავთობსადენსა და გაზსადენს საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი შეიძლება მოჰყვეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "ვარდების რევოლუციის" ბათუმური გაგრძელების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მეზობელ თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობა,

გარდა წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, დიდ ეკონომიკურ დატვირთვას ატარებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და თან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. შესაბამისად, ამ ურთიერთობის გაგრძელების პრიორიტეტულობის აღიარება სახელმწიფოს პირველი პირების დონეზე, სხვასთან ერთად, წინდახედული და ეკონომიკურად მომგებიანი გათვლაც გახლდათ.

ამ ურთიერთობაში საინტერესოა ისიც, რომ თურქეთისათვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ამგვარი ეკონომიკური კავშირები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამდენად, პარტნიორული ურთიერთობის წინააღმდეგი არც თურქული მხარეა. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმო სწორედ ეკონომიკური პროექტების განხილვას. თუმცა ამ შემთხვევაში თურქეთი ნამდვილად არ არის გამონაკლისი, რადგან ბოლო დროს ხელისუფლება მეზობელ თუ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობაში ნომერ პირველ საკითხად ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე აკეთებს აქცენტს. მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოში თურქული კაპიტალი წარმატებით იმუშავებს, განსაკუთრებით კი - აჭარის რეგიონში. თურქული კაპიტალი არც აქამდე იყო მწირად წარმოდგენილი ქვეყანაში, მაგრამ ისევე როგორც ადგილობრივ ინვესტორებს, არც თურქ ბიზნესმენებს ჰქონდათ და, სამწუხაროდ, არც დღეს აქვთ კეთილსაიმედო სამეწარმეო პირობები შექმნილი, რითაც უკმაყოფილება სრულიად ღიად ყოფილა გამოხატულა ადრეულ წლებში.

რაც შეეხება მიმდინარე თბილისი-ბაქო-ჯეიჰანისა და, განსაკუთრებით, შაჰდენიზ-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, მათი მნიშვნელობა, მართლაც, მეტად დიდია. ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ამ პროექტების ორმაგ მნიშვნელობაზე საუბრობს:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] "კომპლექსში, გაზსადენის პროექტი ჩვენთვის არის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რადგან გვეძლევა ალტერნატიული გაზის წყარო. ნავთობსადენის პროექტი შეიძლება ჩვენთვის ისეთი დიდი არ არის, - დაახლოებით 60-70 მლნ. დოლარამდე მივიღებთ ამ პროექტიდან, - მაგრამ პირველი - ტექნოლოგიურად საქართველო ძალიან წინ წაიწევს და გადავა, თანამედროვე თვალსაზრისით, ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყნების რიგში და, მეორე, ეს არის რეგიონალური უსაფრთხოების გარანტია, ვინაიდან საქართველო ხდება რეგიონალური თამაშების სრულფასოვანი მონაწილე, თანაც მე-17 ნომერი კი არა, რომელიც შეცვლაზე შემოდის, არამედ, ვთქვათ, მე-9 ნომერი."

საინტერესოა, რომ უკვე მიმდინარე "დიდი ნავთობსადენისა" და განსახორციელებელი გაზსადენის პროექტების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგა აჰმედ სეზერთან შეხვედრის შემდეგ ახალი ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილი შესაძლებლად მიიჩნევს ამოქმედდეს საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელმაც საქართველო ევროპასთან, ხოლო თურქეთი ცენტრალურ აზიასა და რუსეთთან უნდა დააკავშიროს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, თუმცა ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ერთობლივი ძალებით დონორთა მოძიება შესაძლებელი გახდება და თურქეთის ტერიტორიაზე მაგისტრალის ის მონაკვეთი აშენდება, რომელიც ბათუმის რკინიგზას უნდა შეუერთდეს. მართალია, თურქეთი ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ საქართველო ევროპაში ინტეგრირებას რკინიგზის საშუალებითაც აპირებს. ამ პოლიტიკურ დატვირთვასთან ერთად პროექტის ეფექტურობას, ალბათ, პრაგმატული ეკონომიკური გათვლებიც განაპირობებს.

ამ სარკინიგზო მაგისტრალის იდეასთან ერთად, სააკაშვილი თურქეთსა და საქართველოს შორის თანამედროვე ავტობანის მშენებლობის პროექტსაც აყენებს. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აღნიშნავს, რომ ამგვარი დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალების იდეა არახალია და მასზე ადრეც იყო საუბარი:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] "ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტი ახალი არ არის. მახსოვს, ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც მე სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავი, მაშინ მიდიოდა მათი ლობირება, სუბკონტრაქტორიც იყო ცნობილი, მაგრამ ჯერჯერობით შეფერხებულია მათი რეალიზაცია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი გახლავთ ის, რომ ძალიან ძნელია,განსაკუთრებით ავტომაგისტრალის, კომერციალიზაცია - საავტომობილო მაგისტრალის დატვირთვა ვერ იქნება ისეთივე, როგორიც ევროპაშია. მეორე გახლავთ ის, რომ ძალიან რთულ პირობებში მოგვიწევს ამ მაგისტალის მშენებლობა და მესამე, გაურკვეველი იყო სანაპიროთი უნდა გაგვეშვა ავტომაგისტრალი თუი ვალეს გავლით, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და, განსაკუთრებით, შაჰდენიზ-თბილისი-ერზერუმის მაგისტრალი ამ ორ პროექტს, რასაკვირველია, დააჩქარებს. მე მეჩვენება, რომ თუ საერთაშორისო კონსორციუმი შეიკრა, ამ პროექტების განხორციელება 5 წელიწადში შესაძლებელია."

თუ 1992 წელს და შემდგომ ამ პროექტებს ბევრი ხელის შემშლელი მიზეზი ჰქონდა და მათი რეალიზაცია იმთავითვე, ერთი შეხედვით, შორეული პერსპექტივა იყო, ახალ რეალობაში, ალბათ, არც დონორების მოზიდვა იქნება რთული და არც მაგისტრალის გამტარუნარიანობის პრობლემა დადგება, თუ იმ ენერგეტიკულ დერეფანს გავითვალისწინებთ, რომელიც "დიდი ნავთობსადენის" და გაზსადენის მშენებლობის დასრულებით შეიქმნება. ამასთან, თურქული მხარე დიდი ხანია სასიცოცხლოდ დაინტერესებულია რუსული ბაზრისაკენ მიმავალი ეკონომიური გზის ძიებით და ამის გამო ცალკეულ წრეებში, პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, სომხეთის გავლით მაგისტრალის მშენებლობაც კი განიხილებოდა. თუ სააკაშვილის ბოლო ინიციატივებს დროული რეალიზაცია ეღირსა, ყველა ეს წინა განხილვა, ელემენტარული ეკონომიკური ლოგიკით, აზრს კარგავს, ხოლო საქართველო მართლაც სერიოზულ სატრანზიტო ფუნქციას და, რაც არცთუ უმნიშვნელოა, რეგიონში უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს შეიძენს. რაც შეეხება მარშრუტს, საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ყოფნისას ცალსახად დააფიქსირა, რომ ორივე პროექტი სატრანსპორტო სივრცეში აჭარის მიერთებით უნდა განხორციელდეს. ამ მარშრუტს კი, პოლიტიკურის გარდა, წმინდა პრაგმატული და ეკონომიკური გათვლებიც განაპირობებს.
XS
SM
MD
LG