Accessibility links

logo-print

23 მაისს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 მაისს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო

ორგანიზაციები არ ცნობენ, ცხინვალის ხელისუფლება არჩევნების პროცედურის სრულ დაცვას ცდილობს. მაგალითად, რუსული მედიით გავრცელებული ცნობებით, არჩევნებს დააკვირდებიან აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან ჩასული დამკვირვებლები. ამ ეტაპისთვის უცნობია, ჩავლენ თუ არა ცხინვალში რუსი დამკვირვებლები.

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები 23 მაისის არჩევნების წინ მუშაობის საგანგებო რეჟიმში არიან გადაყვანილნი. როგორც რუსეთის სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა ცხინვალის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანმა ჯემალ ქარქუსოვმა, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გარეშე და შიდა ძალების მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციები. "ის სცენარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აჭარაში გამოიყენა, სამხრეთ ოსეთში არ გაამართლებს. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი," - აცხადებს ქარქუსოვი.
23 მაისს დაგეგმილ არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და მოძრაობა მონაწილეობს. გამოკითხვებით, არჩევნების ფავორიტია პარტია "ერთობა", რომელიც ამ ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალადაა მიჩნეული. შესაბამისად, პარტია "ერთობის" პოლიტიკური პროგრამა ასეთია: ორი ოსეთის გაერთიანების გზით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფერედაციაში შესვლა.
რამდენად გაართულებს ქართულ-ოსურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პოლიტიკური ძალის უმრავლესობით მოსვლა? - ამ კითხვაზე ექსპერტი ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას სწორედ მისი წარმომადგენელი იყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ამბობს, რომ "ერთობის" გამარჯვებით არაფერი შეიცვლება:
[ირაკლი მაჭავარიანის ხმა] "ადრეც უკითხავთ - აი, ის აცხადებს, რომ უნდა რუსეთთან შეერთება. ბოდიში, მაგრამ ჩიბიროვს როდის განუცხადებია, რომ უნდა საქართველოსთან შეერთება? ოფიციალური დოქტრინა სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმისა ყოველთვის იყო ერთი - რომ ისინი არ არიან საქართველოს ნაწილი და, თუ გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი რამესთან - ჩრდილოეთ ოსეთთან და რუსეთთან. არც ერთ ოს ხელმძღვანელს - ზოგიერთს პროქართული იმიჯიც რომ ჰქონდა - არასდროს ოფიციალურად არ უთქვამს, საქართველოსთან მინდა გაერთიანებაო. ასე რომ, ამაში ახალს ვერაფერს ვხედავ."(სტილი დაცულია)
ახალი არ არის არც ის წინაპირობა, რასაც ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი კოკოითი საქართველოსთან მოლაპარაკების აღსადგენად აყენებს. მისი განცხადებით, ქართულ მხარესთან მოლაპარაკება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული მხარე აღიარებს ოსი ხალხის მიმართ განხორციელებულ გენოციდს და სამართლებრივად შეაფასებს სამხრეთ ოსეთის მოვლენებს. "ჩვენ არასდროს ისე ახლოს არ ვყოფილვართ რუსეთთან ინტეგრაციასთან, როგორც ახლა. ვერავინ მაიძულებს ვერც მე, ვერც ჩემს ხალხს გადავუხვიოთ არჩეული გზიდან," - აცხადებს კოკოითი.
ირაკლი მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ოს ხალხს რეალობის გრძნობა არ დაუკარგავს და ვერსად ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა რეალობად იქცევა:
[ირაკლი მაჭავარიანის ხმა] " ის გეოგრაფიული რეალობა, რაც არის, რომ მათ ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთისგან მაღალი მთები ყოფს, საქართველოსგან კი - არაფერი და, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიის ორგანული ნაწილია, - ამ რელობას ვერსად ვერ გაექცევიან. ეს რეალობა ყველა ოსმა მშვენივრად იცის. საბოლოო ჯამში, მე არც ერთი ამ სეპარატისტული კონფლიქტის დასასრულში ეჭვი არ მეპარება. და ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი."(სტილი დაცულია)
რეალობაა ისიც, რაც დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ნაკლებად არ იწვევს ცხინვალის ხელისუფლების თავის ტკივილს: ყოფილ სამხრეთ ოსეთში ახალგაზრდულ ორგანიზაცია "კმარას" ფილიალები გაჩნდა. "კმარას" ერთ-ერთი ლიდერის, თეა თუთბერიძის, თქმით:
[ თეა თუთბერიძის ხმა] " სამაჩაბლოში არის რამდენიმე ადამიანი - არა ათეული და ასეული. მაგრამ სწორედ რამდენიმე ადამიანით დავიწყეთ შევარდნაძის და აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაც. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე რაც არის, ესეც საკმარისია."
XS
SM
MD
LG