Accessibility links

logo-print

მინდა შემოგთავაზოთ გასული კვირის ქართული პრესის მიმოხილვა. ძირითადი თემები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მინდა შემოგთავაზოთ გასული კვირის ქართული პრესის მიმოხილვა. ძირითადი თემები ასეთია: საქართველოს ახალი ჰიმნი, გერბი და დევიზი აქვს; არსებობს თუ არა განხეთქილება მმართველ ძალაში;

ვინ დგას დაპატიმრებული პარლამენტარის, გიორგი კენჭაძის, უკან; რა შედეგით დასრულდა პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ახალი ჰიმნი საკმაოდ უმტკივნეულოდ დაამტკიცა, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაშიც და პარლამენტშიც ერთობ კრიტიკული დამოკიდებულება არსებობდა და არსებობს სახელმწიფო ატრიბუტიკის ამ ნიმუშის მიმართ. როგორც 21 მაისის "მთავარი გაზეთი" წერს, პარლამენტართა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი მოტივითაა გამოწვეული: ახლოვდება 26 მაისი, ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულს კი, ზოგიერთი პარლამენტარის აზრით, აუცილებლად ახალი სახელმწიფო სიმბოლიკით უნდა შევეგებოთ:



" რამდენიმე თვის წინ ჩვენ ახალი საქართველოს შენება დავიწყეთ და აღნიშნულ პარლამენტართა სურვილი - ქვეყანაში ყველაფერი ახალი იყოს, ერთი მხრივ, მისასალმებელია. თუმცა მათ ერთი ჭეშმარიტება ავიწყდებათ: 26 მაისი მხოლოდ 2004 წლის კალენდარში არ არის მოხსენიებული, ეს თარიღი ერთი წლის შემდეგაც დადგება, საქართველო მუდმივად იარსებებს და ჰიმნსაც მხოლოდ დამოუკიდებლობის დღეს არ ავაჟღერებთ.
"მთავარი გაზეთი" არაერთხელ წერდა, რომ დავით მაღრაძის მიერ ქართველი პოეტების შემოქმედებაზე დაყრდნობით შექმნილი პოეტური ნაწარმოები შორს დგას სასურველისგან. ამიტომ მისი უსუსურობისა და გაუმართაობის შესახებ საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. მით უმეტეს, რომ დავით მაღრაძე, გარკვეულწილად, შექმნილი ვითარების უნებლიე მსხვერპლია. ჰიმნის ტექსტის შესარჩევი კონკურსის პირობების გათვალისწინებით, იგი იძულებული იყო, ლექსი ფალიაშვილის ოპერების კომპილაციის შედეგად იოსებ კეჭაყმაძის მიერ შექმნილ "თავისუფლებაზე" მოერგო. ამიტომაც გამოუვიდა ისეთი ტექსტი, რისი საშუალებაც კეჭაყმაძემ, სპეციალისტების აზრით, ფალიაშვილის ნაწარმოებების ყოვლად გაუმართლებელი და ჰიმნისთვის შეუფერებელი ინტერპრეტაციით მისცა.
ჰიმნს კენჭი უყარეს და უკვე შეიძლება მოვიაზროთ ახალი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ - თავის დროზე ასე ისურვა ჟიურიმ, ასე სურს პარლამენტს, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რაც პრეზიდენტს. თუმცა მათ არ სურთ იმის აღიარება, რომ ეს ჰიმნი დაბადებიდან კოჭლია...კოჭლი ჰიმნით კი შორს ვერ წავალთ."




გასული კვირის ქართული პრესის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფულის გამოძალვისას პარლამენტარის დაკავების ფაქტმა. თუ ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტში მოხვედრილი და აწ დაპატიმრებული გიორგი კენჭაძის შესახებ ინფორმაცია პრესისთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, ჟურნალისტები დღესაც თავს იმტვრევენ იმაზე, თუ ვინ იყო "ბატონი ვანო", ვისთვისაც კენჭაძეს გამოძალული ფული კანცელარიის შენობაში უნდა გადაეცა. როგორც 21 მაისის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რეკეტიორი პარლამენტარის სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აყვანამ საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები გააჩინა. ბევრი სახელს - ვანოს - უშიშროების საბჭოს მდივანს ვანო მერაბიშვილს უკავშირებს, თუმცა, ამავე დროს, არის მოსაზრება, რომ ეს, შესაძლოა, კოდირებული სახელი იყოს. "რეზონანსი" წერს:




" ის, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბიზნესმენთა ნაწილზე ზეწოლას ახდენდნენ და არაოფიციალურ წილს ითხოვდნენ, ამაზე კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ. "რეზონანსის" ინფორმაციით, სახელმწიფო კანცელარიის მაღალჩინოსნები ბიზნესმენ მამულა ჯინჭარაძისგან ითხოვდნენ ერთ-ერთი გაზეთის დაფინანსებას. იგივე სახელმწიფო მოხელეები ტელეკომპანია მე-9 არხის მფლობელ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგანაც ითხოვდნენ წილს. ასე რომ, თუ სამართალდამცავები არ გასცემენ მკაფიო პასუხს კითხვაზე, ვინ არის ბატონი ვანო, კვლავ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მეისრე დაიჭირეს. გავლენიანი, მაგრამ მაინც მეისრე."




21 მაისის "მთავარი გაზეთის" ცნობით, ნაციონალურ-დემოკრატიულ ბლოკში "გაუგებრობების" სერიალი გრძელდება. აჭარაში გატარებული საკადრო პოლიტიკის გამო პარტიის ორი ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ, ხოლო სხვა რეგიონებში თავად ნაციონალებს შორის მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი. რეგიონული მეტასტაზები, რა თქმა უნდა, ვრცელდება საპარლამენტო უმრავლესობაზეც. "მთავარი გაზეთი" არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებამ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც გადაინაცვლოს. გაზეთი წერს:




" ნაციონალურ-დემოკრატიულ ბლოკში" დაპირისპირების ორი რეალური მიზეზი არსებობდა. ვარაუდობდნენ, რომ თანაპარტიელებს შორის ბზარი გაჩნდებოდა, თუ: 1. საერთო ენას ვეღარ გამონახავდნენ პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ჟვანია; 2. დაპირისპირება ქვედა დონეებზე დაიწყებოდა და სააკაშვილიც და ჟვანიაც თანაგუნდელების გაკონტროლებას ვერ მოახერხებდნენ. როგორც ჩანს, ბოლო შემთხვევაში საქმე სწორედ ამ უკანასკნელ მიზეზთან გვაქვს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფრის თავი და თავი კვლავ საკადრო პოლიტიკაა. რევოლუციის შემდეგ ნაციონალები და დემოკრატები საკმაოდ მშვიდად ინაწილებდნენ თანამდებობებს. თუმცა ზოგჯერ კადრების შერჩევა გარკვეული შეჯიბრის სახესაც იღებდა - პარტიები საკუთარ მომხრეებს "დასწრების პრინციპით" ნიშნავდნენ თანამდებობებზე. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ პრეზიდენტის გარემოცვის ზოგიერთი წევრი დღეს უკვე ვეღარ მალავს უკმაყოფილებას, რომ ისეთ მონსტრს, როგორიც შს სამინისტროა, დემოკრატი ბარამიძე ხელმძღვანელობს და არა რომელიმე ნაციონალი.
არადა, ამ ეტაპზე არც პრეზიდენტ სააკაშვილს და არც პრემიერ ჟვანიას გაუგებრობის გაღრმავება და ორ პარტიას შორის მწვავე დაპირისპირება არ სურს. რა თქმა უნდა, თითოეული, საკადრო პოლიტიკის მხრივ, თანაგუნდელებს ლობირებს, მაგრამ ჯერჯერობით ზემოხსენებულ ორ ფიგურას შორის დაძაბულობაზე საუბარი არ შეიძლება. მით უმეტეს, ჟვანიას ყოველთვის შეუძლია უკან დაიხიოს, შეეგუოს და მიიღოს პრეზიდენტ სააკაშვილის ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა ეს მის ნებისმიერ ოპონენტსა თუ მომხრეს.
ასეთ პირობებში, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მდგომარეობას ზემოხსენებული ორი ფიგურის გარემოცვის წევრები ამწვავებენ. მეტიც, სამინისტროებში რატომღაც ძალზე ხშირად მსჯელობენ - ვინ დაინიშნება პრემიერად ზურაბ ჟვანიას გადადგომის შემთხვევაში და რამდენიმე გვარ-სახელსაც კი ასახელებენ.
ასეა თუ ისე, ჯერ საგანგაშო არაფერი ხდება, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია."


როგორც ჩანს, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი დაიწყო და სულ მალე კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს. 22 მაისის "დილის გაზეთის" ცნობით, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესთავაზა. "დილის გაზეთის" ცნობით:


"პრეზიდენტს თურქეთის ქართული დიასპორა აღფრთოვანებაში მოჰყავს. როგორც ერთ-ერთმა იქ მყოფმა აღნიშნა, ოვაციებისა და აპლოდისმენტებისგან მათ ხელები დაუსკდათ. პრეზიდენტმა საქართველოში ინვესტიციების ჩადება, თურქეთის ბიზნეს-ელიტასთან ერთად, ქართულ დიასპორასაც შესთავაზა.
გუშინვე მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რომელთანაც საქართველო-თურქეთს შორის რკინიგზის ამუშავებასა და თურქეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრა. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეაშფოთა ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი და სომხეთი. სომხეთი, რა თქმა უნდა უნდა, შიშობს, რომ ამ მონაკვეთის გახსნის შემთხვევაში დიდი ხნით დაკონსერვდება რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა, რასაც სომხეთი უკვე რამდენიმე წელია, ლობირებს. მას ტვირთების გადაზიდვა ხშირად საჰაერო გზებით უწევს, რაც ასტრონომიული თანხა უჯდება. მიხეილ სააკაშვილი მეზობლების შეშფოთებას თურქეთშივე ეხმიანება:



" არა მგონია, რომ სომხეთის ინტერესებში სააქრთველოს ეკონომიკური გაძლიერება არ იყოს, რადგან ძლიერი საქართველო მთელ რეგიონს წაადგება. საქართველო უნდა შეუერთდეს თურქეთის რკინიგზის სისტემას და ამით იხეირებს სომხეთიც, აზერბაიჯანიც, შუა აზიაც და ყველა."

პრეზიდენტი სააკაშვილი თურქეთის გენშტაბის უფროსს ჰიმლი ოზქოქსაც შეხვდა. საუბრის თემა იყო სამხედრო საქმეში საქართველოს დახმარება. თურქეთი საქართველოს ჯარის დახმარებას კვლავაც გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG