Accessibility links

logo-print

გამარჯობათ! ეთერშია რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული ახალგაზრდული პროგრამა.


დავით პაიჭაძე გამარჯობათ! ეთერშია რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული ახალგაზრდული პროგრამა.

დღეს ვსაუბრობთ მოძრაობა "კმარას" ერთ საინტერესო გეგმაზე. ჩვენი პროგრამის სტუმარია თეა თუთბერიძე. მოგითხრობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და გაზიარების ასოციაციაზეც, რომელსაც "პრომეთე-ამირანი" ჰქვია. ამ ასოციაციის საქმიანობა მარტო ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით არ შემოიფარგლება. ის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია "IAESTE" - ს წარმომადგენელი საქართველოში, ხელს უწყობს ქართველი სტუდენტების მივლინებას ევროპაში - საწარმოო პრაქტიკაზე. შევიტყობთ, რა შემატა სტუდენტებს ასეთი პრაქტიკის გავლამ. მანამდე კი თეა თუთბერიძეს მოვუსმინოთ. დავით პაიჭაძემ მასთან საუბრისას გაარკვია, რომ მოძრაობა "კმარა" ახლო მომავალში ცხინვალის რეგიონში აპირებს გააქტიურებას.

[ინტერვიუ თეა თუთბერიძესთან]


განვაგრძობთ " ახალგაზრდულ პროგრამას". მის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით არის დაკავებული და, ამავდროულად, ხელს უწყობს ქართველი სტუდენტების მივლინებას უცხოეთში საწარმოო პრაქტიკაზე.


გასაგები ფაქტორების გამო საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა გვიან დაიწყო. საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კომპიუტერი და ინტერნეტი ჯერ კიდევ უცხო ხილია, განსაკუთრებით - რეგიონებში. ამ პრობლემის დასაძლევად გარკვეული ძვრები მოხდა, დაიწყო რეალიზაცია სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტის, რომლის წყალობითაც საქართველოს 80 სკოლაში 2000-მდე კომპიუტერი განაწილდა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ზღვაში წვეთია.


საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტი, სახელწოდებით "ინტერნეტის ხიდი დიდ აბრეშუმის გზაზე ", ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის ასოციაცია "პრომეთე - ამირანმა" თავის უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შექმნა. ის მოწონებულ იქნა და მოგვიანებით დახმარების სახით გამოყოფილი კომპიუტერების შემოტანისთვის საქართველოს მარტო ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯის გაღება მოუხდა. ამის შემდეგ "პრომეთე-ამირანმა" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სასკოლო ინტერნეტ - ქსელების მომსახურების ცენტრებიც ჩამოაყალიბა, მაგრამ დღეს ჩვენ ამ ასოციაციის საქმიანობის სხვა მიმართულებებზე, დისტანციური სწავლების დანერგვასა და საწარმოო პრაქტიკისთვის ევროპაში ქართველი სტუდენტების მივლინებაზე, გავამახვილებთ ყურადღებას.

"პრომეთე-ამირანის" ქართულ-ამერიკული დისტანციური სწავლების ცენტრი თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში მოქმედებს და სტუდენტებს - მათთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას - დისტანციური სწავლების, ანუ ინტერნეტის საშუალებით სწავლების, 2 პროგრამას სთავაზობს. ესაა ინგლისური ენის სწავლების პროგრამა და კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების პროგრამა. როგორც ცენტრის და ასოციაცია "პრომეთე -ამირანის" ხელმძღვანელი თემურ ჩიჩუა ამბობს, პროგრამების გაზრდა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. არადა, მისივე თქმით, სწავლების ამ მეთოდს ტრადიციულ მეთოდებზე მეტი ეფექტის მოტანა შეუძლია.

[თემურ ჩიჩუას ხმა] "ამ შემთხვევაში მოსწავლე ინფორმაციას ღებულობს არა მარტო ვერბალურად, არამდე ვიზუალურად - ყველა იმ საშუალებით, რომელიც ინტერნეტით არის მისაწვდომი. როდესაც კურსი არის შედგენილი ჰიპერტექსტური ინფორმაციის სახით, აქ უკვე მოსწავლეს, სტუდენტს ენიჭება თავისუფლება იმ ტრაექტორიის არჩევაში, რომლითაც მან უნდა გაიაროს ეს კურსი. ამდენად, ეს მეთოდი ინფორმაციას უფრო მისაწვდომს ხდის და, კიდევ, ამ მეთოდით სწავლა სახალისოა სტუდენტისთვის. "

თემურ ჩიჩუა ხაზს უსვამს, რომ დისტანციური სწავლების დანერგვამ რევოლუციური შედეგები მოიტანა აფრიკის ქვეყნებში, საქართველოში კი ამ მეთოდით სწავლების სრულყოფილი კურსი ჯერაც არ დანერგილა.

მართლაც, მსოფლიოში კარგად დანერგილი მეთოდის შემოტანას აქ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცდილობენ, და ჩვენ დღეს ერთ-ერთი მათგანის საქმიანობას გაცნობთ. როგორც უკვე ვთქვით, ასოციაცია "პრომეთე -ამირანი" არის საერთაშორისო ორგანიზაცია "IAESTE" - ს წარმომადგენელიც საქართველოში - ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკაზე გაცვლით არის დაკავებული. "IAESTE"-ს დახმარებით, "პრომეთე - ამირანი" ხელს უწყობს ქართველი სტუდენტების საწარმოო პრაქტიკაზე მივლინებას ევროპაში - ჯერჯერობით გერმანიაში - და, პირიქით, ამავე მიზნით უცხოელი სტუდენტების ჩამოყვანას საქართველოში. ამ გზით უცხოელმა სტუდენტებმა აქ მონაწილეობა მიიღეს ინტერნეტ-ქსელების ცენტრების გამართვაში. არის საიმისო დაინტერესება, რომ ისინი საქართველოში ქართული ღვინის ტექნოლოგიის შესასწავლად ჩამოვიდნენ. რაც შეეხება ქართველ სტუდენტებს, "IAESTE" მათ საწარმოო პრაქტიკას გერმანიაში სოკოს მწარმოებლებთან სთავაზობს.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი თეონა ჭიჭინაძე ბერლინთან ახლოს სოკოს წარმოებას 6 თვის მანძილზე სწავლობდა.

[ თეონა ჭიჭინაძის ხმა] "გვასწავლეს სოკოს კრეფა და გარჩევა, დახარისხება. ვიცოდი, როგორი დატვირთვაც მექნებოდა. ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე ვმუშაობდით. "

თეონასთან ერთად პრაქტიკას უკრაინელი და პოლონელი სტუდენტებიც გადიოდნენ. თავისუფალ დროს ისინი მოგზაურობდნენ, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ეცნობოდნენ. თეონა გერმანიაში გაცნობილ სტუდენტებთან დღემდე მეგობრობს. მან არ იცის, საქართველოში რაში გამოიყენებს ცოდნას სოკოს მოყვანისა და დახარისხების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ გერმანიაში დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლა.
გერმანიაში საწარმოო პრაქტიკა მირანდა ჩალაშვილმაც გაიარა.

[მირანდა ჩალაშვილის ხმა] "იქ შრომის ფასს იგებ, თანაც მარტო შენს თავზე ხარ დამოკიდებული და გამოცდი საკუთარ თავს, რა შეგიძლია და რა არა. "


როგორც "IAESTE"-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში, კახა ცერცვაძე, ამბობს, სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკაზე გაცვლით დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში მეგობართა კლუბი ამ ორი თვის წინ ჩამოაყალიბა. მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები და საქართველოში მოქმედი რამდენიმე საწარმო გაერთიანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ექნებათ შანსი საწარმოო პრაქტიკა ევროპაში გაიარონ, კლუბის წევრი საწარმოები კი პრაქტიკაზე უცხოელ სტუდენტებს მიიღებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG