Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინა სარიშვილ-ჭანტურია ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გამოსაყვანად ხელმოწერებს აგროვებს


ირინა სარიშვილი, რომელმაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "სახალხო დაცვის ლიგა" ჩამოაყალიბა, საქართველოს ხელისუფლებას ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანისკენ მოუწოდებს.

ამ მიზნით ლიგის აქტივისტები მოსახლეობაში მეორე კვირაა აგროვებენ ხელმოწერებს. ამასთან, ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ქართველ ჯარისკაცებს ერაყში იძულებით გზავნის. მოთხოვნით, "არ გავუშვათ ქართველი ჯარისკაცები სხვათა ომში", სახალხო დაცვის ლიგის" წევრები 24 მაისს საზოგადოების ყველაზე პაციფისტური ნაწილის - სტუდენტებობის მიმხრობას შეეცადნენ.


აქციას, რომელიც ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით ტარდებოდა, სულ მალე რამდენიმე ასეული სტუდენტი შეუერთდა, რომლებიც სოლიდარობას სპეციალურ სარეგისტრაციო ბარათებზე ხელმოწერით ადასტურებდნენ. ირინა სარიშვილის ჩანაფიქრმა გაამართლა: პაციფისტურად განწყობილი ქართველი სტუდენტებისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა სიტვათშეთანხმება "სხვისი ომი", რომ ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა, თუ რას მოაწერა ხელი.

[ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას ხმა] "ხელი მოვაწერე ერაყში ომის შეწყვეტას. რა ვიცი, ასე ამიხსნეს."

სტუდენტთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ გოგონები, რომლებიც საერთოდ ყოველგვარი ომის წინააღმდეგნი არიან. ვაჟები კი თანატოლების მიმართ თანაგრძნობის გამო შეუერთდნენ ხელმოწერებს, ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გაყვანის მოთხოვნით.

[სტუდენტების ხმები] "იცით, რა წინააღმდეგი ვარ ამ ომის და სისხლი რომ დაიღვაროს საერთოდ." "რა ვიცი, ისინიც ადამიანები არიან და იმათაც სჭირდებათ დახმარება."

"სახალხო დაცვის ლიგის" თავმჯდომარის ირინა სარიშვილის თქმით, ის და მისი მომხრეები წინა ხელისუფლების დროსაც ეწინააღმდეგებოდნენ ერაყში ქართველი სამხედროების გაგზავნას, მაგრამ გასულ წელს არსებობდა გარკვეული "ფორმალური არგუმენტი" ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად, რის გამოც ირინა სარიშვილი თავს იკავებდა აქტიური პროტესტისაგან.

[ირინა სარიშვილის ხმა] "მაშინ კიდევ შეიძლებოდა რაღაც არგუმენტების თქმა. იმიტომ რომ მაშინ ერაყში იყო შიდა დაპირისპირება და ფორმალურად შეეძლო ვინმეს ეთქვა, რომ იქ სამშვიდობო მისიაზეა საუბარი."

ერაყში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის გარდა, ირინა სარიშვილსა და მის მოხრეებს კიდევ რამდენიმე არგუმენტმა უბიძგა, რომ "სხვათა ომიდან" ქართველი ჯარისკაცების გამოყვანა მოეთხოვათ.


[ირინა სარიშვილის ხმა] "ჯარისკაცებში მიდის ძალიან სერიოზული პროპაგანდა, რომ აი, თუ ვინმე უარს იტყვის ერაყში წასვლაზე, ის მშიშარაა და ვინც უარს არ იტყვის, ის მშიშარა არ არის."

"სახალხო დაცვის ლიგის" ხელმძღვანელის ამ განცხადების გამო თავდაცვის სამინისტროში გაკვირვებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ისინი არათუ ძალას არავის ატანენ, არამედ ხშირია პროტექციის შემთხვევები ერაყული კონტინგენტის სიაში მოხვედრის მსურველთა მაღალჩინოსანი მფარველებისაგან. "სახალხო ლიგის მიერ" ორგანიზებულ მოთხოვნას დაახლოებით 13 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი. და საკმარისია 30 ათასი მომხრის ხელმოწერა, რათა საკითხი, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტის განხილვის საგნად იქცეს. ამ დროისათვის ერაყში 140 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, სულ მალე მათ კიდევ 70 კაცი დაემატება. წლის ბოლომდე კი, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერაყში მყოფი ქართული ქვედანაყოფის რაოდენობის გაზრდა 500 კაცამდე იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG