Accessibility links

logo-print

რა საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე -26 მაისი


საქართველოში, ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო თარიღი პომპეზურად აღინიშნება.

ხელისუფლებას საზეიმო განწყობას აჭარის კრიზისის მოგვარებაც ჰმატებს, რაზეც 26 მაისისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებათა სიუხვეც მეტყველებს. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში დილის 11 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გასტანს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 26 მაისს კვლავ გაიმართება სამხედრო აღლუმი, თუმცა საამისოდ არატრადიციულ ადგილზე. თუ აქამდე ქართველები შეჩვეულნი იყვნენ საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების ხილვას რესპუბლიკის მოედანზე ან პარლამენტის წინ, ამჯერად ასე აღარ იქნება. დილის 11 საათიდან თბილისელებს - და არამარტო მათ - სამხედრო აღლუმისთვის თვალის დევნების საშუალება გორგასლის ქუჩაზე, 300 არაგველების ძეგლთან, ექნებათ.

თავდაპირველად სამხედრო აღლუმის მოწყობა საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე იგეგმებოდა, მაგრამ სამხედრო აღლუმის ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირის ასფალტი და საუკუნოვანი შენობები დაინდეს.

სამხედრო აღლუმს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. საქართველოს სამხედრო ძლიერების დემონსტრირება დაახლოებით 2 საათს გასტანს და სამასი არაგველების ძეგლთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების საუკეთესო ნაწილების 8000-მდე ჯარისკაცთან ერთად, საგანგებოდ შეკეთებული სამხედრო ტექნიკაც ჩაივლის. გამოყვანილი იქნება ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო ქვემეხები. ყველაფერ ამას კი ქართული სამხედრო ავიაციის დემონსტრირებაც მოჰყვება. თბილისის თავზე გადაიფრენს 6 მოიერიშე "სუ-25", 5 -"იროკეზი", 3 - "მი-8", 2 - "მი-14" და ორიც "მი-24".

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში გადაფრინდება, სადაც საზღვაო ძალების აღლუმს ჩაიბარებს.

სამხედრო საქმის მცოდნეთა განცხადებით, სამხედრო აღლუმი კომუნისტური, რუსული იდეოლოგიის ნაყოფია და მის მთავარ მიზანს მტრის დაშინება წარმოადგენს. ქართული არმიის მაღალი რანგის სამხედრო პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩემთან არაოფიციალურ ინტერვიუში დასძინა, დღევანდელ რეალობაში მოწინააღმდეგეს სამხედრო წვრთნები და მანევრები უფრო დააშინებს, ვიდრე სამხედრო აღლუმზე ტანკების გრუხუნიო.

რაც შეეხება 26 მაისის არამილიტარისტულ ნაწილს, ის 14 საათზე ვაკის პარკში სპორტული შეჯიბრებებით დაიწყება. უფრო მეტს ამ ღონისძიებების შესახებ მათი ორგანიზატორისგან, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის დავით ოქიტაშვილისგან შეიტყობთ.

[დავით ოქიტაშვილის ხმა] "ყველა თაობისთვის არის გათვლილი - ბავშვებისთვის ბასტი-ბუბუ იქნება. სპორტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნანა ალექსანდრია ჩაატარებს ერთდროულ თამაშს. იქნებიან ევროპის ჩემპიონები ბატუტზე ხტომაში... ყველაფერი არის შერჩეული იმისათვის, რომ მოსახლეობამ დასვენება შეძლოს 2 საათიდან გვიან საღამომდე. ყველა მიმართულებაა აბოლუტურად. იქ იქნება 2 სცენა. პირველ სცენაზე დაიწყება სტუდენტური დღეების საზეიმო დახურვა და საღამოს 6-7 საათისთვის დაიწყება ალტერნატიული მუსიკა."

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს ფეიერვერკი, რომელიც დედაქალაქის მერიას 4 ათასი ლარი დაუჯდა. სულ კი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებათა მოსაწყობად 650 ათასამდე ლარი დაიხარჯა.
XS
SM
MD
LG