Accessibility links

logo-print

უფლებადამცავები წამების წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 25 მაისს, ადამიანის უფლებადამცავ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ცდილობდა საზოგადოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღება წამების პრობლემისათვის მიეპყრო.

ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წევრები შინაგან საქმეთა მთავარი უწყების შენობასთან ჯერ აქციას მართავდნენ, შემდეგ კი მინისტრის მოადგილე ირაკლი კლდიაშვილის კაბინეტში აღმოჩნდნენ. რამდენად შედეგიანი იყო ეს შეხევდრა?

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] "ჩვენი პრეტენზიების მთავარი შინაარსი ის გახლავთ, რომ წამება გრძელდება, წამების ფაქტები მრავლადაა. მ,ე ვიტყოდი, რომ წამება გახშირდა. თუ ადრე პოლიციელები ერიდებოდნენ გახმაურებას, ახლა თავხედურად იქცევიან, აღარც მალავენ და არათუ უფლებადამცავებს, ადვოკატებსაც აღარ უშვებენ წინასწარი დაკავების საკნებში ნაწამებ პატიმრებთან. ჩვენი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ ვერ ვხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ მოუწოდებს ან რა ქმედით ღონისძიებას ატარებს მწამებელთა წინააღმდეგ."

გელა ნიკოლაიშვილი, წევრი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის", 25 მაისს ცხარედ ეკამათებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი კლდიაშვილს. პოლიციასთან პრეტენზია ჰქონდათ ადვოკატებსაც. ერთმა მათგანმა, ეკა ბესელიამ, ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ადვოკატებს პოლიცია აბრკოლებს კონსტიტუციური უფლების, პიროვნების დაცვის, განხორციელებისას.

[ბესელიას ხმა] "თუკი დაკავებული პირი არის ძალადობის მსხვერპლი, მას ადვოკატთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რაღაც დამატებითი რესურსების მოძიება იმისთვის, რომ როგორმე შევხვდეთ დაკავებულს. ეს ხდება მეორე დღეს, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე საათის დაგვიანებით. ეს სისტემა უნდა მოიშალოს, იმიტომ რომ კანონი გვაძლევს უფლებას, შევხვდეთ დაკავებულს. ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ კანონით მონიჭებული უფლების შესრულებას მოვითხოვთ."

ამ უფლების შესრულებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კატეგორიულად სთხოვდნენ:

[ნანა კაკაბაძის ხმა] "გააკეთეთ განცხადება ტელევიზიით, რომ პოლიციელს, ვინც ადვოკატს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის და არ დაუშვებს პატიმართან წინასწარი დაკავების საკანში, პირველივე შემთხვევაში დასჯით მკაცრად." [მინისტრის მოადგილე ირაკლი კლდიაშვილის ხმა] "მომიტანეთ კონკრეტული ფაქტები და დღესვე დავსჯი თქვენს თვალწინ! მეტი რა ვქნა ახლა!"

პასუხად ირაკლი კლდიაშვილს წინ დაუდეს იმ თითქმის 50 ადამიანის ნუსხა, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე, უფლებადამცავთა და ადვოკატთა მტკიცებით, წინასწარი დაკავების საკნებში აწამეს. შეხვედრის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცოტა გაცხარებული ჩანდა:

[ირაკლი კლდიაშვილისა და დავით პაიჭაძის დიალოგი]

" - ადამიანის უფლებები კი არ აინტერესებს ზოგ-ზოგიერთს მართლა, შინაურულად რომ ვილაპარაკოთ აქ!
-
თქვენ გამორიცხავთ, რომ პოლიციელები შინაგან საქმეთა სამმართველოებში უფლებადამცავებსა და ადვოკატებს არ უშვებენ წინასწარი დაკავების საკნებში მყოფ პატიმრებთან?
-
მე არც დადასტურება შემიძლია არაფრის და არც გამორიცხვა.
-
რატომ არ შეგიძლიათ?
-
იმიტომ, რომ უნდა გავერკვიოთ კონკრეტულ ფაქტებში. მე აქ მხოლოდ ერთსაათიანი შეხვედრა მქონდა.
-
თქვენ ბრძანდებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამაში ჯერ არ გარკვეულხართ?
-
ჩემი საკურატორო სფეროა კადრების სამმართველო, იურიდიული სამმართველო, დაცვის პოლიციის სამმართველო და ვარ საპარლამენტო მდივანი."

მართალია, 25 მაისს უფლებადამცავებს თითქოს მისამართი შეეშალათ, მაგრამ მათი მოთხოვნების - წინასწარი დაკავების ადგილების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის ბედი, რაც საბოლოოდ ათეულობით მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, დამოკიდებული არ უნდა იყოს, შემთხვევით, მინისტრის სხვა მოადგილესთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG