Accessibility links

logo-print

პარლამენტმა სახელმწიფო გერბის განხილვა გადადო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო ახალი დროშით და ჰიმნით და ძველი გერბით ხვდება. მოლოდინის მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საგანგებო სხდომაზე შეკრებილმა პარლამენტმა

სახელმწიფო გერბის განხილვა გადადო. როგორც ირკვევა, კონკურსში გამარჯვებული გერბის პროექტისადმი თვით უმრავლესობაშიც კი განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

ასეთი რამ პირველად მოხდა: მიუხედავად პრეზიდენტის თხოვნისა, პარლამენტს 26 მაისამდე განეხილა და დაემტკიცებინა საქართველოს ახალი გერბი, 25 მაისს, ხანგძლივი მსჯელობის შემდეგ, ახალი გერბის საკითხის განხილვა გადაიდო. რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი გერბის მიღების წინააღმდეგი საპარლამენტო უმრავლესობა აღმოჩნდა. სხდომის დაწყებამდე გამართულმა უმრავლესობის დახურულმა სხდომამ სიცხადე საკითხში ვერ შეიტანა - ეს უკვე პარლამენტის სხდომაზე გაირკვა, როცა უმრავლესობის წევრებმა გერბის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ამ საკითხის ორი კვირით გადადების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა დებატები გერბის ირგვლივ მაინც გაიმართა.
რა არ მოსწონთ პარლამენტარებს? - მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ბესო ჯუღელს არ მოსწონს, როგორ არის გერბზე გამოხატული ოქროს საწმისი:
[ბესო ჯუღელის ხმა] " დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც მე გუშინ ბატონ ლევანს შევთავაზე, რომ ეს დაკლული ცხვარი ჩემში არ იწვევს, დავუშვათ, ოქროს ვერძის ასოციაციას, თქვენ მიპასუხეთ, რომ 2004 წლის წინ ასეთი იყო მისი ფორმა."(სტილი დაცულია)
ასევე, უმრავლესობის წარმომადგენელ ვასილ მაღლაფერიძეს საერთოდ ვერ გაუგია, რა დედააზრი დევს გერბში, რისი თქმა უნდა მსოფლიოსთვის ახალ საქართველოს.
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] " ეს არ არის ჰერალდიკის განმარტება - ეს არის ოქროს სირებით გამსჭვალული ოქროს მთა...მერე რა?"(სტილი დაცულია)
მთლიანობაში, საკმაოდ ცხარე დებატების შემდეგ, პარლამენტმა გერბის საკითხის განხილვა 2 კვირით გადადო. მანამდე გერბის ირგვლივ გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომელშიც, საზოგადოების წარმომადგენელთა გარდა, მონაწილეობას თავად პარლამენტარებიც მიიღებენ.
სხდომის დასრულების შემდეგ ლევან ბერძენიშვილს ვთხოვე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გამოიჩინა პარლამენტმა ასეთი პრინციპულობა გერბის განხილვისას, როცა ჰიმნისა და დროშის დამტკიცებისას, ასევე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სახელმწიფო ატრიბუტიკის დამტკიცება უპრობლემოდ მოხდა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტმა მცირე რევანში აიღო:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] " მე დარწმუნებული ვარ, რომ გერბის განხილვის დროს, გარკვეულწილად, გათვალისწინებული იყო ის, რაც მოხდა ჰიმნის დამტკიცებისას და პარლამენტმა პატარა რევანში აიღო იმისთვის, რომ დაჩქარებული ტემპით აიძულებენ მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამ თვალსაზრისით, მე პარლამენტის მესმის და სოლიდარული ვარ ყველასთან. არ შეიძლება ასეთი საკითხების დამკვრელური ტემპით მიღება. დღეს პარლამენტმა, ფაქტობრივად, დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. დღევანდელი სხდომა ძალიან ჰგავდა განხილვას, რომელიც ძალიან დემოკრატიულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. გარკვეული ემოციები ახლდა, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი ცუდი არ მომხდარა - დავიწყეთ გარკვევა ჰერალდიკაში, რა უნდა იყოს გერბზე და ა.შ."
პარლამენტი სახელმწიფო გერბის საკითხს, სავარაუდოდ, 2 კვირის შემდეგ მიუბრუნდება.
XS
SM
MD
LG