Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი დ ვაშინგტონი ერაყის მრავალეროვნული სამხედრო ძალების კონტროლის საკითხზე განსხვავებულ მოსაზრებებზე არიან


მრავალეროვნული სამხედრო ძალების კონტროლის რა უფლებებით აღიჭურვება ერაყის სუვერენული გარდამავალი მთავრობა.



ვაშინგტონსა და ლონდონს შორის ამ საკითხზე უთანხმოებაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის აზრით, სუვერენიტეტი ერაყის მთავრობისათვის მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების მოქმედებებზე პოტენციური ვეტოს უფლების მინიჭებასაც უნდა გულისხმობდეს. თავის მხრივ შეერთებული შტატების უმაღლესი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მათ თავისუფალი სამხედრო მანევრირების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

25 მაისს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ოპერაციების შემთხვევაში, სამხედრო ძალებზე პოლიტიკური კონტროლი ერაყის მთავრობის კომპეტენციაა.

[ტონი ბლერის ხმა]"თუ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფალუჯაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ, მაშინ ეს მთავრობასთან შეთანხმებულად უნდა მოხდეს. საბოლოო პოლიტიკური კონტროლი სწორედ ერაყის მთავრობის ხელში რჩება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ჯარებს იმის გაკეთებას უბრძანებენ, რისი გაკეთებაც მათ არ სურთ. ეს ისევე დარჩება, როგორც არის. "

ერაყის ახლანდელი ადმინისტრაციის წევრები, მაგალითად, არ ეთანხმებოდნენ გასულ თვეში ფალუჯაში ამბოხებულთა წინააღმდეგ მძიმე ტექნიკის გამოყენებას. ვაშინგტონისთვის ადმინსიტრაციის წევრთა აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა. არადა, ამ ოპერაციის დროს 1000 სამოქალაქო პირი დაშავდა.

განცხადება ლონდონიდან, ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირისგან, ჩანს, განსხვავდება შეერთებული შტატების პოზიციისგან. ამ პოზიციის თანახმად 30 ივნისის შემდეგ ამერიკის სამხედრო ნაწილებმა ერაყის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში სრული ძალაუფლება უნდა შეინარჩუნონ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პასუხად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ იგი მრავალეროვნული ძალების ერაყის მთავრობასთან ურთიერთობის შესახებ ბრიტანეთისა და ამერიკის შეხედულებებში ვერავითარ შეუთანხმებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამ ურთიერთობებს ურთიერთთანხმობის საფუძველზე წარმოიდგენენ.

[კოლინ პაუელის ხმა]" რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველაფერს,რაც არ უნდა თქვას ერაყის დროებითმა მთავრობამ პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროებში. და იმისათვის რომ ეს მოხდეს, საჭიროა შეიქმნას საკოორდინაციო ორგანოები. როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო. ეს ურთიერთპატივისცემის ფონზე, ჩვენი ქმედებების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს."

მეორეს მხრივ, კი პაულმა თქვა, რომ თავდასხმების შემთხვევაში, ამერიკის სამხედრო ნაწილები თავდაცვისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"თუ შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილები თავდაცვის ამოცანის წინაშე დადგებიან, ან თავიანთი მისიის განხორციელების შემთხვევაში კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ მომენტში ადგილობრივი მთავრობასთან სრულ კონსენსუსს ვერ ამყარებენ, მაშინ შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ რჩებიან. და აკეთებენ იმას, რაც თავდაცვისთვისაა საჭირო."

არსებული უთანხმოების გაფანტვაში გაეროს ერაყის ახალი რეზოლუციის წვლილი მნიშვნელოვანი იქნება. პროექტი ორშაბათს დაიბეჭდა. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობის წარმომადგენლები შენიშნავენ, რომ რეზოლუციამ უკეთ უნდა განმარტოს შეიარაღებული ძალებისა და დროებითი მთავრობის კომპეტენციები. პროექტის არსებული ვერსიით, გაერო აღიარებს რომ მრავალეროვნული სამხედრო ნაწილები ერაყში ერაყის სუვერენული მთავრობის თანხმობით იმყოფებიან და რომ ისინი მთავრობასთან კოორდინირებულად მომქმედებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სატელეფონო საუბარი სწორედ გაეროს რეზოლუციის პროექტს შეეხო. შირაკმა შეერთებულ შტატებს, როგორც რეზოლუციის პროექტის ავტორს, პროექტის იმგვარად შეცვლა სთხოვა, რომ ერაყის მთავრობის მართლაც რეალური სუვერენიტეტით აღჭურვა გახდეს შესაძლებელი.

დისკუსიები საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ გრძელდება და მის შედეგებს განსაკუთრებული ინტერესით ელიან თავად ერაყში.
ერაყის მმართველი საბჭოს პრეზიდენტის ღაზი ალ ყავარი, მაგალითად მიიჩნევს, რომ არა თუ სამხედრო მოქმედებებზე კონტროლი, ერაყის მთავრობას იმის უფლებაც კი უნდა ჰქონდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ძალებს მანდატი შეუწყვიტოს და ქვეყნიდან გაუშვას. თუმცა არსებულ ვითარებაში უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების ერაყში ყოფნას იგი უდავო აუცილებლობად მიიჩნევს.







XS
SM
MD
LG