Accessibility links

26 მაისის სამხედრო აღლუმი - გზავნილი სეპარატისტული რეგიონებისთვის


ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რაღაც

განსაკუთრებული უნდა ეთქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილით ელოდნენ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებიც. გამართლდა თუ არა მოლოდინი, ანუ იქონია თუ არა გავლენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველებზე 26 მაისის სამხედრო აღლუმმა და მასზე წარმოთქმულმა სიტყვებმა?

[ისმის აღლუმის ხმა]

სამხედრო მარშისა და ტანკების გრუხუნის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ შეურიგდება საქართველოს დაშლილობას. მან აფხაზ და ოს "ძმებს" დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები შესთავაზა ერთიანი სახელმწიფოებრივი კავშირების აღსადგენად. სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას ოსურ და აფხაზურ ენებზე მიმართა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]

სააკაშვილმა ოს და აფხაზ ხალხს აღუთქვა, რომ თითოეული მათგანის უფლებებს დაიცავს.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ამ სიტყვებს ბევრი არ მოუხიბლავს. იქაური ხელისუფლება 26 მაისამდეც რამდენიმე დღით ადრე უარყოფითად აფასებდა თბილისის მიერ ძალის დემონსტრირებას.

ანალოგიური განწყობა აქვს რეგიონის ოსური მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, თუმცა იქ "კმარას" მოძრაობის გამოჩენა საწინააღმდეგო პროცესების განვითარების ტენდენციაზე მიანიშნებს.

რაც შეეხება აფხაზეთს, მე ტელეფონით დავუკავშირდი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას და მიხეილ სააკაშვილის გზავნილის კომენტირება ვთხოვე.

[სერგეი შამბას ხმა] "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია აფხაზეთის მოქალაქეთა მიერ და გამყარებულია კონსტიტუციით.

და მეორეც, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება სამხედრო აღლუმის ფონზე, აქ, აფხაზეთში, ამას ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აღიქვამენ და, შესაბამისად, ყველა კეთილი სურვილი, რომელიც გამოითქმის აფხაზურ ენაზე, ნდობას არ იმსახურებს."

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ეს წარმომადგენელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დემონსტრირებით არც მოხიბლულა და არც შეშფოთებულა. შამბა 1992 წლის აფხაზეთის ომის, 1998 წლის გალის მოვლენების, 2001 წელს კოდორის ხეობის ინციდენტის შედეგებს იხსენებს და დასძენს, სამხედრო აღლუმზე ჯარებისა და ტანკების დემონსტრირება ჩვენ არ გვაშინებსო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG