Accessibility links

logo-print

სადღესასწაულო აღლუმის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები


26 მაისის სამხედრო აღლუმის ჩათვლით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ხუთთვიანი მოღვაწეობის მანძილზე სამი სხვადასხვა ზომის სამხედრო შოუს ჩატარება მოასწრო და ძალის ყოველი

დემონსტრირება კონკრეტულ სამხედრო-პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების მიმართ შერყეული ნდობის აღდგენა და მოტივირებული არმიის საშინაო პოლიტიკის ინსტრუმენტად ქცევა. მინდა გესაუბროთ 26 მაისს თბილისში გამართული მორიგი ძალის დემონსტრირების სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ასპექტებზე.



საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის მილიტარიზმზე საუბარი, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, მაგრამ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს სათავეში მოსულ პოლიტიკოსთა თაობა აქცენტს, აშკარად, ძალის დემონსტრირებაზე აკეთებს, როგორც საშინაო პოლიტიკის ინსტრუმენტზე. 26 მაისს, სახელმწიფო კანცელარიაში სამხედრო ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს, სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობა სწორედ ფოთში გადასროლილი სამხედრო ძალების გონივრული და გათვლილი მოქმედებით გახდა შესაძლებელი. ძალის დემონსტრირების მხრივ, უპრეცედენტო გახლდათ დამოუკიდებლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი, რომელიც, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი განმარტავს, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო საიმისოდ, რომ მოსახლეობისათვის დღევანდელი ქართული სამხედრო ძალის რეალური სახე ეჩვენებინათ. თუმცა უშიშროების საბჭოს მდივანი კატეგორიულად გამორიცხავს მოსაზრებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას მომეტებულად მილიტარისტული ზრახვები ჰქონდეს:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "მომეტებული მილიტარიზმი - ასეთი ცნება არ არსებობს. ასეთი ცნება აქვთ მხოლოდ პაციფისტებს, რომლებსაც ადგილი არა აქვთ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვაშენებთ საქართველოს, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც საქართველოს გაერთიანება მიმდინარეობს. პაციფისტებს და მოწუწუნე ადამიანებს კი არა აქვთ ადგილი ჩვენს ხელისუფლებაში და ჩვენს საზოგადოებაში."
(სტილი დაცულია)

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გივი იუკურიძე ვერაფერს მოულოდნელს ვერ ხედავს იმაში, რომ თითქმის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დიდძალი საბრძოლო ტექნიკით სამხედრო აღლუმის ჩატარებას თბილისში პოლიტიკური დატვირთვა მიეცა. გენერალი დარწმუნებულია, რომ ძლიერი ჯარი ყველაზე უკეთ გაუმაგრებს ზურგს იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მოლაპარაკების გამართვა მოუხდებათ:

[გივი იუკურიძის ხმა] "აღლუმს პოლიტიკური დატვირთვა აქვს იმ კუთხით, რომ ჩვენც შეგვიძლია, ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს, ძალის გამოყენება. და კიდევ, ზურგს უმაგრებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან და აწარმოებენ მოლაპარაკებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე."(სტილი დაცულია)

26 მაისს ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი პირველი იყო, რომელშიც მამაკაცებთან ერთად მონაწილეობას ქალი სამხედრო მოსამსახურეებიც ღებულობდნენ. მე-11 ბრიგადის სერჟანტი ირმა მახარაშვილი 13 წელზე მეტია შეიარაღებული ძალების რიგებშია. სერჟანტმა ქალმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა,რომ, მომქანცველი რეპეტიციების მიუხედავად, აღლუმზე გამოსვლა უდიდესი სიამაყის გრძნობით ავსებს, რადგან ის თავს რეალურად არსებული სამხედრო ძალის ნაწილად მიიჩნევს:

[ირმა მახარაშვილის ხმა] "აღლუმში მე 13 წლის მანძილზე პირველად მიხდება მონაწილეობა. და ძალიან მიხარია, რომ ამდენ ჯარისკაცს ვხედავ. ყველა მოყვარეს გაუხარდება ამ ჯარის ყურება და მტერს კი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავლად ჰყავს, ალბათ, შეეშინდება."


რაც შეეხება პაციფისტებს და პესიმისტებს, რომლებიც საქართველოს სამხედრო ძალებს, შესაძლოა, ჯერ კიდევ სააღლუმე ჯარს უწოდებდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობის საერთო ზეიმში მათ ხმას ცალკე ტანკებისა და ავიაციის გრუხუნი ახშობდა და ცალკე საქართველოს პრეზიდენტის ხმა:

[მიხეილ საააკშვილის ხმა] "პესიმისტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ პირველსავე მცდელობაზე ჩვენ კისერს წავიმტვრევდით; საუბრობდნენ სწრაფი მარცხის გარდაუვალობაზე. მათ არ ეგონათ, რომ საქართველოში რაიმეს გამოსწორება შეიძლებოდა. და მაინც, დღეს ჩვენ ვდგავართ თქვენს წინაშე და ამის უარყოფა არ შეიძლება - საქართველო დგას დღეს სწორ გზაზე."

სწორ გზაზე გამართული სიარულისათვის საქართველოს ხელისუფლებას, ჩანს, კიდევ არაერთხელ მოუწევს ძალის დემონსტრირება.

XS
SM
MD
LG