Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოხოსნები თბილისში


26 მაისს თბილისის ქუჩებში, სამხედროების გარდა, ყურადღებას ჩოხებში გამოწყობილი მამაკაცების სიმრავლეც იქცევდა. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად,

"ჩოხოსანთა კლუბმა" დამოუკიდებლობის დღე მეტეხის პლატოზე კლუბის ახალი წევრების კურთხევით აღნიშნა. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოდურ ტანისამოსს მამაპაპური ჩოხა-ახალუხის ტარება ურჩევნიათ, რა აერთიანებთ მათ და რა არის საჭირო ჩოხოსანთა კურთხევის მისაღებად?

"ჩოხოსანთა კლუბის" ისტორია სათავეს გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან იღებს, თუმცა, როგორც ჩემთან საუბარში ერთ-ერთი პირველი თბილისელი ჩოხოსანი ჯუანშერ ჯურხაძე იხსენებს, მაშინდელ საქართველოში ტრადიციული ქართული ტანისამოსის მოტრფიალე თითო-ოროლა ადამიანი თუ მოიძებნებოდა:

[ჯუანშერ ჯურხაძის ხმა] "ყველა არ მიჰყვებოდა ამ ამბავს და სათავეში ჩაუდგა მას ბუკა ნაკაიძე, მხარში ამოუდგა ფარულავა ოთარი. ...რას შვრებოდნენ, რა არის მთავარი: შენ რომ არ გინდოდა, თვითონ მოვიდოდა, გეტყოდა, შენ ჩოხა მოგიხდებაო, წაგიყვანდა, შეგაკერინებდა, ჩაგაცმევდა და გამოგიყვანდა."

მდგომარეობა მკვეთრად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიცვალა. თუმცა ჩოხა-ახალუხის ტანზე მორგების მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა.

[ჩოხოსნის ხმა] "სხვათა შორის, ბოლო ერთი წელია, რაც ძალიან დიდი ლტოლვა იხატება ახალგაზრდების მხრიდან. ხუთი-ექვსი მეგობარი მეხვეწება, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოასწრეს."

ჩოხოსანთა შორის აღმოჩნდა ცნობილი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე, რომელიც თურმე ტრადიციულ ქართულ ტანისამოსს ადრეული სიყმაწვილიდან ატარებს.

[თენგიზ არჩვაძის ხმა] "ჩოხა არის, ჩემი სისხლია, ხორცია, ჩემი ტრადიციაა. ექვსი წლის ვიყავი, ჩოხა რომ მეცვა."

კლუბის სტაჟიანი წევრია პროფესორი კოტე ჩოლოყაშვილი, რომელიც არ დაგვზარდა და ქართული ტრადიციული ტანისამოსის თაობაზე მცირე ლექცია წაგვიკითხა:

[კოტე ჩოლოყაშვილის ხმა] "ჩოხა ეს კავკასიური არის და ჩვენ რომ ერთი ხალხი და მონათესავე ხალხი ვართ ჩრდილოკავკასიელების, ამ ტანსაცმელშიაც ჩანს. აქ ამეტყველებულია მთელი ჩვენი ომების ისტორია. ილია ჭავჭავაძე რომ წერს, მე მძულს ომიო, მაგრამ საქართველოს ისტორია ომების ისტორიააო! ..აი, უყურეთ, რომ შეხედავთ, მეომარია ეს თავისთავად." (სტილი დაცულია)


როგორც გავარკვიე, "ჩოხოსანთა კლუბში" შესასვლელად, სულ მცირე, სურვილი, ორი ჩოხოსნის რეკომენდაცია და საკუთრივ ჩოხა-ახალუხია საჭირო. როგორც ჩოხოსანმა ლადო კირვალიძემ ამიხსნა, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ რომ ხეირიანი ჩოხა-ახალუხის შოვნაა:

[ლადო კირვალიძის ხმა] "ჩოხის მკერავი არ არის ბევრი თბილისში. ერთია არსენ მათიაშვილი, რომელსაც იმხელა რიგი აქვს, რომ ვერ ასწრებს. პირობები არ აქვს, რომ ბევრი გააკეთოს და ხშირად. 100 დოლარი ჯდება ხელობა - ჩოხის შეკერვა. აზიურებით დაახლოებით 150-200 ლარი ჯდება. გააჩნია, რამხელა წვივი გაქვს და ტყავი რამდენი გჭირდება."

თუმცა, თუ საზოგადოების რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ხარჯი, რომელიც ჩოხა-ახალუხის შესაძენად იქნა გაწეული, გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. მსახიობებს ციცო კაპანაძესა და ია ფარულავას მოუსმინეთ:

[ციცო კაპანაძის ხმა] "ჩვენს მამაკაცებს რომ ვუყურებ, ისე მომწონს, რომ ახლა ვეუბნებოდი ყველას: მამაკაცებმა სულ ასეთ ფორმაში უნდა იაროთ, იმიტომ რომ ისეთი ლამაზები ხართ-მეთქი..."

[ია ფარულავას ხმა] "პირველ რიგში, ეს არის ვაჟკაცობის სიმბოლო, ეს არის სიძლიერის სიმბოლო და ეს არის ტრადიციის სიმბოლო ჩემთვის."

დაბოლოს, ჩოხოსანთა კლუბის ტრადიციის შესახებ. კინოკრიტიკოს გოგი დოლიძის თქმით, ყოველი წლის 26 მაისს კლუბი ახალი წევრებით ივსება, რისთვისაც მეტეხის პლატოზე საგანგებო რიტუალი სრულდება:

[გოგი დოლიძის ხმა] "ჩვენ ახლა გავდივართ მეტეხის პლატოზე, იქ ვატარებთ რიტუალს. ჩავმწკრივდებით და ჩვენ შორის ყველაზე ხნიერი ვინც არის, ის ატარებს ამ მიღების რიტუალს. ვადებინებთ ფიცს და გავატარებთ ამ ხანჯლებჩამწკრივებულ რიგში."

ამგვარ რიგში დღეს, ოცდაათამდე ახალბედა ჩოხოსანთან ერთად, ცნობილმა ქართველმა მწერალმა ოტია იოსელიანმაც გაიარა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG