Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი - აფხაზეთის დაბრუნების გზა ეკონომიკაზე გადის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვამდე ახალი ხელისუფლების შემაჯამებელ შეფასებაში მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის დაბრუნების მთავარ წინაპირობად ეკონომიკური

აღმავლობა დაასახელა. პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა 26 მაისის საზეიმო აღლუმზეც. რამდენად რეალურია ამ გზით კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა?

ცალკეული ქართველი თუ საერთაშორისო ექსპერტების მიერ წლობით გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ეკონომიკური თემატიკის შემოტანა ახალი არ არის, მაგრამ ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის წამოწევისა და სწორედ ამ გზით აფხაზეთის დაბრუნების ნოვაცია თამამად შეიძლება მიხეილ სააკაშვილს მივაკუთვნოთ.

[საქართველოს პრეზიდენტის ხმა] "აფხაზეთის დაბრუნების გზა ქართულ ეკონომიკაზე გადის. ამიტომ მოსახლეობამ და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ყველაფერი უნდა იღონონ ამ სფეროს ასაღორძინებლად. "მთავრობა ყველანაირად შეგიწყობთ ხელს - პოლიცია აღარ გამოგძალავთ ფულს, არავინ გაგაჩერებთ საბაჟოზე."

ნაპოლეონის ფრთიანი ფრაზა, რომ "ომს იგებს ფული, ფული და კიდევ ფული", ოცდამეერთე საუკუნეშიც აქტუალურია, მაგრამ ამჯერად, ალბათ, ომის პირვანდელ, ანუ სამხედრო ოპერაციის, მნიშვნელობაზე არ იყო საუბარი. თუმცა ამგვარი განცხადებები კეთდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმის, ანუ, ფაქტობრივად, ძალის დემონსტრირების, ფონზე.

საინტერესოა, რომ აფხაზეთთან და, შესაბამისად, საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის თაობაზე, პარალელურად, პრემიერი ჟვანია აწარმოებს მოლაპარაკებას თავის რუს კოლეგასთან მოსკოვში, ხოლო რკინიგზის დეპარტამენტის ახლად დანიშნული შეფი, ექს-ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე.

აფხაზეთის დაბრუნების სტარატეგიასა და ტაქტიკაში საქართველოში მუდამ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეკონომიკური ბერკეტებისა და ამ სფეროში საერთო ინტერესების გამონახვის გზით კონფლიქტის დარეგულირებისა და პოლიტიკური კომპრომისების მომხრეები წინა ხელისუფლებაში ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ. არადა, ამ წლების პრაქტიკამაც აჩვენა, რომ მრავალწლიან გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოუღია, ხოლო იგივე გუშინდელი მოსისხლე მტრები საერთო ენას ადვილად პოულობდნენ ეკონომოკურ თანამშრომლობაში, თუმცა ეს თანამშრომლობა არალეგალური და უკანონო იყო და კონტრაბანდაზე იყო დაფუძნებული.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს ვაჟა სალამაძეს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება აფხაზეთის დაბრუნების საკითხში მნიშვნელოვნად მიაჩნია, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

[ვაჟა სალამაძის ხმა] " ეკონომიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი ფაქტორი, იმიტომ რომ, მართალია, იქ ეკონომიკური კავშირები ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ რომ ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას და ეკონომიკის გაძლიერებას ველოდოთ, შეიძლება აფხაზეთი საერთოდ გავიდეს ჩვენი სივრციდან, ანუ ეს უფრო ხანგრძლივი გზაა." (სტილი დაცულია)

ბუნებრივია, არავის - მათ შორის, არც პრეზიდენტს - არა აქვს იმის ილუზია, რომ აფხაზეთი მხოლოდ ეკონომიკურად დაინტერესების გზით დაბრუნდება, მაგრამ ის, რომ ამ მხრივ თანამშრომლობაზე საუბრის იმპულსები გაჩნდა და, თანაც, გაჩნდა სწორედ ხელისუფლების პირველ პირთა ინიციატივით, ბევრს - და, თანაც, არამარტო საქართველოში - დამაიმედებლად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG