Accessibility links

''ალ ყაიდა'' შეერთებულ შტატებზე მორიგ თავდასხმას გეგმავს


შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა 26 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ალ ყაიდა "



უახლოესი თვეების განმავლობაში შეერთებულ შტატებზე სულ მცირე ერთ დიდ თავდასხმას გეგმავს. მინისტრის ინფორმაცია რამდენიმე სადაზვერვო სამსახურის მიერ მოძიებულ სანდო მასალებს ეყრდნობა. ამ მასალების მიხედვით, მინისტრის თქმით, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ სად, როდის და როგორ აპირებს "ალ ყაიდა" ტერორისტული აქტის განხორციელებას. თუმცა, მეორეს მხრივ, ეჭვს არ იწვევს, რომ თავდასხმისათვის მზადება თითქმის დასრულებულია.

შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრის ჯონ ეშკროფტის თქმით, "ალ-ყაიდის" შეერთებულ შტატებზე თავდასხმისათვის მზადების ამსახველი ინფორმაცია სამი სადაზვერვო სამსახურის მიერაა შეგროვებული-ეს სამსახურებია თავად იუსტიციის სამინისტრო, გამოძიების ფედერალური ბიურო და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი. დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, "ალ ყაიდას" შეერთებულ შტატებზე თავდასხმისათვის მზადება თითქმის დასრულებული უნდა ჰქონდეს.

[ჯონ ეშკროფტის ხმა]" ახალი წლის დღეების შემდეგ "ალ ყაიდამ" ღიად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმისათვის მზადება 70 პროცენტით იყო დასრულებული. მადრიდში 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ კი "ალ ყაიდის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმისათვის დაგეგმილ სამუშაოთა 90 პროცენტი უკვე შესრულებული იყო. "

როგორც ეშკროფტი აღნიშნავს, მომავალი ოთხი თვის განმავლობაში ამერიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. მომავალ თვეში ჯორჯიის შტატში მსოფლიოს რვა წამყვანი ქვეყნის ეკონომიკური ლიდერები იკრიბებიან, ნიუ-იორკსა და ბოსტონში კი შეერთებული შტატების ორი მთავარი პარტიის ყრილობები უნდა გაიმართოს.
ტერორისტთა შესაძლო სამიზნეებიც, ეშკროფტის თქმით, სავარაუდოდ სწორედ ეს მოვლენები იქნება.

პრეს-კონფერენციას ვაშინგტონში იუსტიციის მინისტრის გარდა, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური სააგენტოს დირექტორმა რობერტ მიულერმა პრეს-კონფერენციის მონაწილეებს "ალ ყაიდის" 7 აგენტის ფოტოსურათები წარუდგინა-მათ შორის ექვსი მამაკაცია, ერთი ქალი. მიულერის თქმი, მათი ნაწილი, შესაძლოა უკვე იმყოფება შეერთებულ შტატებში.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა დააზუსტა, რომ ისინი შეიარაღებულნი და საზოგადოებისთვის საშიშნი არიან.

[ეშკროფტის ხმა]" ალ -ყაიდის" აგენტთა იდეალური ასაკი 20-30 წელია. ისინი თავიანთი ზრახვების დაფარვის მიზნით, შესაძლოა ოჯახებთან ერთად მოგზაურობდნენ. ჩვენი დაზვერვა ადასტურებს, რომ "ალ-ყაიდა" ევროპული გარეგნობის ახალ კადრებს ეძებს. "

როგორც იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, "ალყაიდის" მიზანი სავარაუდოდ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაა. დაახლოებით იმგვარად, როგორც ეს მადრიდის აფეთქებების შედეგად მოხდა. აფეთქებებიდან გასული სამი დღის შემდეგ გამართულმა არჩევნებმა ესპანეთში ხელისუფლების შეცვლა და ერაყიდან ესპანური სამხედრო ნაწილების გამოყვანა უზრუნველყო.

მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო მასალების თანახმად, უახლოესი თვეების განმავლობაში შეერთებულ შტატებს "ალყაიდისგან" სერიოზული საფრთხე ელის, ქვეყნის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი საგანგებო განგაშს არ ტეხს. დეპარტამენტის მიერ შემოღებული საფრთხის 5 დონიდან ძალაში კვლავაც მესამე დონე რჩება. ამ დონეთაგან ყველაზე მაღალი, განსაკუთრებით საშიში, წითელია; მომდევნო სტაფილოსფრედაა აღნიშნული; მესამეა ყვითელი; მეოთხე უსაფრთხო ანუ ცისფერი და მეხუთეა დაბალი ანუ მწვანე.

როგორც პრეს-კონფეერნციაზე საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა ტომ რიჯმა აღნიშნა, დაზვერვის აღნიშნული ახალი მასალები ქვეყანაში საფრთხის დონის აუცილებელ შეცვლას არ საჭიროებს.
XS
SM
MD
LG