Accessibility links

საქართველოში რუსული ბიზნესელიტა ჩამოდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 28-29 მაისს საქართველო რუსულ ბიზნესკონფერენციას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ბიზნესელიტა და ქართული ხელისუფლება საინვესტიციო პროექტებსა და ერთობლივ ეკონომიკურ

თანამშრომლობაზე იმსჯელებს. ამ ფორუმის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის და ხელისუფლება ამით საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას ისახავს მიზნად.

პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით, 28-29 მაისს საქართველოში რუსულ ბიზნესდესანტს ელიან, რომელიც, ბიზნესკონფერენციის ფარგლებში, ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალის დაბანდების პერსპექტივაზე იმსჯელებს. რუსულ დელეგაციაში 90-მდე მსხვილი ბიზნესმენი შედის. მათ შორის არიან ისეთი "მძიმეწონოსანი" კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა "რაო ეესი", "იტერა", "ლუკოილი", "სბერბანკი". რუსეთის დელეგაციას ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი გერმან გრეფი უხელმძღვანელებს.

შეხვედრის მთავარ მიზნად ხელისუფლება ქართული საწარმოების მიმართ რუსული კაპიტალის ინტერესის გაღვივებას ისახავს. წინასწარი მონაცემებით, ამგვარი ინტერესი უკვე გამოხატულია ჭიათურის მაღაროების, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის, აჭარისა და აფხაზეთის რესურსების მიმართ. ეს ის ობიექტებია, რომელთაც საინვესტიციო მომხიბვლელობა აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ, საერთო არაკეთილსაიმედო ბიზნესგარემოს გამო, იქ კაპიტალის დაბანდების რისკი საკმაოდ მაღალი იყო. ვნახოთ, რა ახალ პირობებს და გარანტიებს შესთავაზებს ამჯერად ხელისუფლება რუს მეწარმეებს.

ამ კონფერენციის თაობაზე მოსკოვში მყოფი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია რუსეთის მთავრობის წევრებსა და ბიზნესწრეებსაც ესაუბრა. ჟვანიას თავისი რუსი კოლეგა მიხეილ ფრადკოვი ამ მხრივ დახმარებას დაჰპირდა და რუს ბიზნესმენებს ინსტრუქციებიც მისცა:

[მიხეილ ფრადკოვის ხმა] " ერთგვარი ინსტრუქტაჟი გავუწიეთ ჩვენს მეწარმეებს, რომლებმაც უკვე ეს საკითხები დეტალურად უნდა განიხილონ უახლოეს სამ დღეში ორი ქვეყნის ბიზნესწრეების კონფერენციაზე. ასევე განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა და ბუნებრივი აირის სფეროში ერთობლივი საწარმოს შექმნის პერსპექტივა."

მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ზუბარ ჟვანია ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას ოპტიმიზმით უყურებს და კონფერენციის ეფექტურობის იმედი აქვს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "თითოეული წინადადება გატარებული იქნება ჩვენი ინტერესის პრიზმაში, მაგრამ მთავარი ჩვენი ინტერესი არის, რომ ავამუშაოთ გაჩერებული საწარმოები, მოვიზიდოთ თანხები, ვიპოვოთ სერიოზული და პასუხისმგებელი პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მივცეთ მეტი შემოსავლისა და მეტი განვითარების შესაძლებლობა."

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბიზნესკონფერენცია და რუსული სამეწარმეო ელიტის საქართველოში სტუმრობა ნაყოფიერი იქნება და ქვეყანაში მილიარდობით ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა გაჩნდება.
XS
SM
MD
LG