Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი თუ მშვიდობა - რას ფიქრობს ხალხი


აფხაზეთის ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებიდან თითქმის თორმეტი წლის თავზე საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მოწესრიგების ახალი გზების ძებნა დაიწყო.

ფართო ავტონომია ერთიანი ქვეყნის საზღვრებში, ფედერაცია თუ კონფედერაცია, აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ დევნილების გალის რაიონში დაბრუნება - ეს ის საკითხებია, რომელზეც, ხელისუფლების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც აქტიურად მსჯელობენ. რა არის მათთვის მისაღები ან, პირიქით, მიუღებელი? როგორ წარმოუდგენიათ აფხაზეთიდან დევნილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით?




26 მაისს სამხედრო აღლუმზე მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ - უფრო სწორად კი, ამ სიტყვის იმ ნაწილმა, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს ეხებოდა - რიგითი მოქალაქეებიც დააინტერესა. მართალია, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს, თუ არ ჩავთვლით აფხაზურ და ოსურ ენებზე წარმოთქმულ რამდენიმე წინადადებას, განსაკუთრებული არც არაფერი უთქვამს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი თბილისელი სააკაშვილის გამოსვლას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.

[მამაკაცის ხმა] "შერიგება მოხდება, კი. მე მაქვს ამის იმედი. ისეთი წვრილმანი დათმობები ჰქვია და უნდა დაუთმონ ერთმანეთს. აი, ამ წვრილმანიდან გავლენ იმაზე, რომ სერიოზული დათმობები ჩადგება დღის წესრიგში და ამოძრავდება. ეს ხაზი უნდა გაიხსნას. რკინიგზამ უნდა იმუშაოს. ამას მხარს დაუჭერენ დანარჩენი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი. ეს უმოკლესი გზაა. სწორიც არის და არაფერიც არ ეშლება მიშას." (სტილი დაცულია)

მიშას, ანუ საქართველოს პრეზიდენტს, შეიძლება მართლაც არ ეშლება, მაგრამ ჩემი რესპონდენტები ვერაფრით რიგდებიან აფხაზეთის მომავალ სტატუსზე. უნდა იყოს ის კონფედერაციის სუბიექტი თუ ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

[მამაკაცის ხმა] "ათასი ვარიანტია, ამას ასე ვერ იტყვი, რა. კონფედერაცია? რატომაც არა, მისაღებია. ხალხი დაწყნარდება მაინც."

[მამაკაცის ხმა] "ორი სახელმწიფო გამოდის. ავტონომია საერთოდ უნდა გაუქმდეს და უნდა იყოს ერთიანი საქართველო და არავითარი კონფედერაციები და ფედერაციები. რად გვინდა, რაში გვაწყობს. ამ ერთ მუჭა საქართველოში ამოდენა ავტონომიები რაში გვინდა."

მიუხედავად აზრთა ამგვარი სხვადასხვაობისა, რიგითი ადამიანები ერთ რამეზე მაინც თანხმდებიან:

[მამაკაცის ხმა] "რკინიგზა - აუცილებლად. რკინიგზა თუ არ გაიხსნა, ბევრი პრობლემა იქნება გადასაწყვეტი. რკინიგზა როგორც კი გაიხსნება, ამაზეც საქართველომ უნდა დაითანხმოს რუსეთი ძალიან ბევრ რამეზე, იმიტომ რომ აქ უნდა გაიაროს რკინიგზამ, თორემ სოხუმამდე ელექტრიჩკა ისედაც მოდის." (სტილი დაცულია)

გალის რაიონში დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეას, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

[მამაკაცის ხმა] "გალის სანაცვლოდ სასომხეთს პური ვაჭამო და რუსეთმა ფული გააკეთოს და ჩვენ კაპიკებს გადაგვიხდიან... არ გვინდა ჩვენ ეს, სანაცვლოდ არაფერი არ გვინდა. დავბრუნდებით და ჩვენ თვითონ გავხსნით."



48 წლის ბადრი წარმოშობით განთიადელია. ომობდა. გაგრის დაცემის დროს მძიმედ დაიჭრა. ამჟამად იგი ოჯახთან ერთად სასტუმრო "ივერიაში" ცხოვრობს და მას აფხაზეთში მშვიდობიანი დაბრუნების არ სჯერა.

[მამაკაცის ხმა] "მე სურათები გადაღებული მაქვს და მივდივარ შინაგან ჯარში. ისევ ავიღებ იარაღს და როგორც ვიბრძოდი, ისევე ვიბრძოლებ. აბა, რა ვქნა?!"

-მეზობლები გყავდათ აფხაზები?

"როგორ არ მყავდა, ძმები მყავდა აფხაზები. ჩემი გულისთვის აფხაზი მეგობარი დახვრიტეს..."

-იქნებ, შერიგებაზე გვეფიქრა?

"ისინი არ გვირიგდებიან, თორემ ჩვენ კი წავალთ, მაგრამ ისინი არ შეგვირიგდებიან."

-
საბოდიშო ვის აქვს - ჩვენ თუ იმათ?

"იმათ, იმათ აქვთ საბოდიშო, იმიტომ რომ იმათმა ვერ გაიგეს ჩვენი გულისა და ჩვენი სულის არსი." (სტილი დაცულია)


ის, რომ ჩემი რესპონდენტი თავისი მილიტარისტული განწყობილებით იშვიათი გამონაკლისი არ არის, ინტერნეტ საიტის - ქართული კომის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგებიდანაც ჩანს. კითხვაზე - როგორ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, ინტერნეტის 893 მომხმარებლიდან სამხედრო გზა 60 პროცენტმა აირჩია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG