Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გატაცებული ავტომანქანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა


შარშანდელი და წლევანდელი 4-თვიანი პერიოდების მაჩვენებელთა შედარებისას სტატისტიკა მეტად სამწუხარო რეალობას ააშკარავებს: საქართველოში გატაცებული ავტომანქანების

რიცხვი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. პოლიციელები თავს იმართლებენ, თუმცა ფაქტი ჯიუტია: თუკი შარშან ეს მაჩვენებელი 135-ს შეადგენდა, წელს უკვე 447-ს გაუტოლდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა თბილისში.

(ისმის მანქანის სიგნალიზაციის ხმა)

გამაყრუებელი სიგნალიზაცია, ალბათ, უფრო ავტომანქანების მფლობელთა დასამშვიდებლად არის გამოგონილი, თორემ - გამტაცებლებისთვის ის სერიოზულ დაბრკოლებას, როგორც ჩანს, არ წარმოადგენს. თანამედროვე სიგნალიზაციამ ვერც თბილისელი ქეთი სიხარულიძის ნივას უშველა, რომელიც 2 კვირის წინ რიგის ქუჩიდან დილის 10 საათზე მოიპარეს.

თავად ქეთი ილია ჭავჭავაძის გამზირზე მუშაობს და თავის ავტომობილსაც ყოველთვის სამსახურის ფანჯრებთან აჩერებდა. პოლიციელების მკაცრი გაფრთხილების შემდეგ კი იძულებული გახდა ნივა, ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, იქვე, რიგის ქუჩაზე, დაეყენებინა:

(დაზარალებულის ხმა) "დამიხსნეს ნომრები და იყო ერთი ამბავი, რომ არ შეიძლებაო გაჩერება და ასე შემდეგ. მოკლედ, დიდი პრობლემები შემექმნა და ამიტომ აღარ ვაჩერებდი ჭავჭავაძეზე და ვაჩერებდი რიგის ქუჩის კუთხეში. ერთხელაც, დავაყენე და, შემოვედი თუ არა, მაშინვეა წაყვანილი."

გამოდის, რომ წესრიგის მოყვარული პოლიციელები ცენტრალური ქუჩების დაცარიელებაზე გაცილებით გულმოდგინედ ზრუნავენ, ვიდრე - მოქალაქეთა ქონების უსაფრთხოებაზე.

როგორც ირკვევა, იანვრის შემდეგ თბილისში 389 ავტომანქანა მოიპარეს და კიდევ 66 მფლობელებს დაყაჩაღების გზით წაართვეს. როგორც პოლიციის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ენდელაძე აცხადებს:

(დავით ენდელაძის ხმა) "ამ ბოლო დროს უფრო იპარავდნენ ნივებს. ეტყობა, შეკვეთები ჰქონდათ."

ახლა ჩვენში უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ გატაცებული ავტომობილები ხშირად ნარკოტიკებში ბარტერის წესით, ხელი-ხელში, იცვლება. ვიცე-პოლკოვნიკ ენდელაძის თქმით, ნარკომანები, როგორც წესი, სასტიკ რისკზეც მიდიან:

(დავით ენდელაძის ხმა) "ჩაჰყავთ ასე, რისკის ფასად: გზაზე რამდენი დაგვიკავებია, რამდენი გადაბრუნებულა, სისხლიანი შეტაკებაც მომხდარა."

ასევე დღესავით ნათელია, თუ საით მიჰყავთ გატაცებული ავტომობილები. ამ მხრივ, კვლავაც ცხინვალის რეგიონი, ეგრეთ წოდებული ოსეთი ლიდერობს:

(დავით ენდელაძის ხმა) "პანკისი უკვე დახურული თემაა. იქ, ჩათვალეთ, აღარ არსებობს მანქანების არც გადაყვანა, არც გადმოყვანა. ცხინვალის რეგიონი ისევ აქილევსის ქუსლად რჩება. /ალბათ, სომხეთიც, არა?/ ამ ბოლო პერიოდში უკვე - არა, უკვე ვეღარ ახერხებენ."

გატაცებული ავტომობილების რიცხვის გაზრდამ თურმე დაზღვევის მსურველთა რაოდენობაც 2-ჯერ გაზარდა. სადაზღვევო კომპანია იმედი-ელ-მა (იმედი-L) წელს ზარალი უკვე ორ მძღოლს აუნაზღაურა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი კახა ხარშილაძე განმარტავს, პროცედურა 3 თვეს გულისხმობს:

(კახა ხარშილაძის ხმა) "მანქანის გატაცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ის 3 თვე აქტიურ ძიებაშია. თუკი მანქანა ამ ხნის განმავლობაში ვერ იპოვეს, საქმე იხურება, დაზარალებულს პოლიციიდან მოაქვს ცნობა და ამის შემდეგ ხდება ანაზღაურება."

და მაინც, რამ გამოიწვია გატაცებული ავტომობილების რიცხვის ასეთი მკვეთრი ზრდა?! როგორც ვიცე-პოლკოვნიკი ენდელაძე გვამშვიდებს, ეს მხოლოდ აღრიცხვიანობის ბრალია:

(დავით ენდელაძის ხმა) "შარშან ყველა დანაშაული არ აღირიცხებოდა, ბევრი დაზარალებული არც მოდიოდა პოლიციაში, თავისი ინიციატივით ეძებდნენ ავტომანქანებს. წელს კი, ჩვენ ვეძებთ ჩვენი ინიციატივით, რომ არ დაიმალოს დანაშაული და პრაქტიკულად 99% აღირიცხება."

ხალხში კი დადის ხმა, რომ ბოლო პერიოდში კანონიერი ქურდებისათვის შექმნილმა დისკომფორტმა წვრილი კრიმინალის გააქტიურება გამოიწვია. ასე ვთქვათ, დრო იხელთეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG