Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პოლიტიკა: საზღვრების გამჭვირვალობა


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს არასოდეს ჰქონია ისეთი გამჭვირვალე საზღვრები, როგორსაც ახალი ხელისუფლება ჰპირდება საკუთარ მოსახლეობას და მეზობლებს.

მინდა ამ მოვლენის დადებით და უარყოფით მხარეებზე გესაუბროთ.

თავის დროზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ერთმანეთს გადააბრალა. პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ რაც უფრო მეტად ჩაკეტავს საზღვრებს რუსეთის ხელისუფლება, მით მეტი თურქული, გერმანული, ბრიტანული თუ ამერიკული მისამართი გაჩნდება ქართველი ბიზნესმენების უბის წიგნაკებში.

ჩრდილოეთით საზღვრის გადაკეტვას მართლაც წინ უსწრებდა სამხრეთის საზღვრების გახსნა. ქართველები მეტ-ნაკლებად თავისუფლად ხვდებოდნენ არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში, არამედ თურქეთშიც. ტვირთებიც, ძირითადად, სწორედ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. ეს ვითარება ზედმიწევნით მიესადაგებოდა "დერეფნის" ფუნქციას, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ ფაქტორად მიიჩნევდა.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას და ყველა უშუალო მეზობელს ახალ პოლიტიკას სთავაზობს: საზღვრების გამჭვირვალობას. ეს შეთავაზება ეხება როგორც ადამიანების მიმოსვლას, ისე კაპიტალის დინებას. მართალია, ბალანსი მკვეთრად დარღვეულია რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ პრინციპი ერთია: საქართველოს სახელმწიფო თავისუფლდება არასრულფასოვნების კომპლექსისგან და ნდობას უცხადებს მეზობლებს.

ამგვარ "ღია კარის" პოლიტიკას თავისი უპირატესობები და საფრთხეები ახლავს. საფრთხე სახელმწიფოს სისუსტეს უკავშირდება, სარგებელი კი - სიძლიერეს. ამიტომ ახალი პოლიტიკის საერთო ბალანსი სერიოზული ტესტი იქნება ხელისუფლებისთვის.

ერთი მხრივ, საზღვრების ნებაყოფლობითი გამჭვირვალობა ქვეყნის შინაგან რესურსსა და საკუთარი ძალების რწმენაზე მიუთითებს. ამავდროულად, ეს ევროპული სივრცის კუთვნილების ნიშანიცაა. დემოკრატიული ქვეყნები ფორმალურ საზღვრებს სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. ავტოკრატიული ქვეყნები კი, პირიქით, რეჟიმების შენებას სწორედ საზღვრების ჩაკეტვით იწყებენ.

მაგრამ, მეორე მხრივ, საზღვრის გამჭვირვალობა ხელისუფლების დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკით მმართველი წრეები თავის მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მათ დაცულობას, მათ ეროვნულ იდენტურობას, მათ საკუთრებას საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ თუ ამგვარი დაპირება ზედაპირული და უსაფუძვლოა, თუ სამართალდამცავი სისტემა სუსტია, ეროვნული კაპიტალი განლეულია, იდენტურობის საზღვრები მოშლილია და განათლების სისტემა ფესვების გამყარებისკენ არ არის მიმართული, ამ შემთხვევაში სასაზღვრო ბარიერების მოხსნა ან შემცირება სახელმწიფოს ვნებას მეტს მოუტანს, ვიდრე სარგებელს.

ნებისმიერ შემთხვევაში ახალი ხელისუფლების ახალი პოლიტიკა საკუთარი ძალების რწმენას ეფუძნება. რამდენად არის ეს რწმენა გაჯერებული პასუხისმგებლობით? ამ კითხვის პასუხს მომავალში დავუბრუნდებით.
XS
SM
MD
LG