Accessibility links

logo-print

რუსი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან - ქართულ-რუსული ბიზნესფორუმის პირველი დღე


საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესასწავლად და იქ რუსული ინვესტიციების განსახორციელებლად რუსეთიდან თბილისს სტუმრობს ბიზნესმენთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია,

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მეთაურობით. ყველა ერთად 28 მაისს ქართულ-რუსული ბიზნესფორუმის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას. არსებობს მოლოდინი, რომ ინვესტიციების საერთო მოცულობა, რაც საქართველოში ამ ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჩაიდება, 10 მილიარდი დოლარი იქნება. საქართველოს ახალი ხელისუფლება კარს უღებს სერიოზულ რუსულ კაპიტალს.

"ერთად მთებს გადავაბრუნებთ," - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მყოფ რუს ბიზნესმენებს, მათ საქართველოში დასაბანდებელი კაპიტალის დაცვის სრული გარანტიები შესთავაზა და მეტი დამაჯერებლობისთვის გია დანელიას ფილმის "მიმინოს" მთავარი პერსონაჟის სიტყვები მოიშველია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "რუსულ კაპიტალს გაცილებით მეტი ინტუიცია აქვს, გაცილებით გაბედულია, მასთან მუშაობა გაცილებით იოლია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ და პერიფრაზი მოვიშველიოთ გია დანელიას "მიმინოდან", თქვენებრი ინვესტორები ქუჩაში არა ყრიანო."

პრეზიდენტმა გამოსვლის ამ ფინალური ეპიზოდით თბილისში მყოფ რუს ბიზნესმენებს, აშკარად, ასიამოვნა. თავის მხრივ, ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა ჰერმან გრეფმაც არ დაიშურა ძალისხმევა მასპინძლების საამებლად: "გამარჯობა, გენაცვალეთ!" - ასე დაიწყო მან თავისი გამოსვლა:

[ჰერმან გრეფის ხმა] "ვფიქრობ, რომ ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისთვის კარგ საძირკველს ვყრით და ვიმედოვნებ, მას ვერავითარი პოლიტიკური ხაზი ვერ დაარღვევს. "

ჰერმან გრეფის სიტყვებით, რუსეთი საქართველოს მაკროქვეყნად განიხილვას. ეს მაკროქვეყანა კი ავლენს დაინტერესებას, რუსმა ინვესტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ მისი ენერგეტიკის, რკინიგზის, ტურიზმისა და სხვა სფეროების განვითარებაში. "კაპიტალს არ გააჩნია ეროვნება, რუსეთი საქართველოსთვის არის პროდუქციის გასაღების უზარმაზარი ბაზარი, მდიდარი ქვეყანა, მძლავრი თავისუფალი კაპიტალით. ასეთი შესაძლებლობების იგნორირება არ შეიძლება," -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და თბილისში მყოფი რუსი ბიზნესმენებიც ადასტურებენ, რომ არ აპირებენ იმაზე უარის თქმას, რასაც საქართველოში სთავაზობენ და შესთავაზებენ.

"ძალიან მოგვწონს ყველაფერი. ვფიქრობ, დავაბანდებ აქ ფულს, მაგრამ რამდენს, ჯერ არ ვიცი. ჩვენ ნებისმიერი საქმე გვაინტერესებს, ჩვენ მრავალმხრივი მიმართულებით ვმუშაობთ," - აცხადებდა პარასკევს ერთ-ერთი მათგანი.

თანამშრომლობისთვის პირველი შეთანხმება "გაერთიანებულ ქართულ ბანკთან" არის მიღწეული. ამას გარდა, ხელმოწერილია ოქმი, რომლის ძალითაც, საქართველო აღარ შექმნის ბარიერებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოსა და რუსებსა და ქართველებს შორის საგრძნობლად დათბა. ხელისუფლება, რომლის წევრებიც რევოლუციამდე ასე მწვავედ გამოდიოდნენ ქართულ ენერგოსექტორში რუსული კომპანიების შემოსვლის წინააღმდეგ, საქართველოში სერიოზულ რუსულ კაპიტალს უღებს კარს. ეკონომიკურმა ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ ამ ინიციატივას, ჩვენთან საუბრისას, ერთი საინტერესო ახსნაც მოუძებნა:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] "ქართველი და ევროპელი ან ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთსა და იმავე სიტყვებს - მაგალითად, პატიოსნებას - სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. რუსებთან ეს პრობლემა მოხსნილია."

და მაინც, ექსპერტები და არამარტო ისინი - მაგალითად, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ რუსეთის ინვესტიციები საქართველოში ზომიერების ფარგლებში უნდა მოექცეს.
XS
SM
MD
LG