Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მოსკოვური ვიზიტი, რუსეთის ბიზნესმენთა სტუმრობა საქართველოში - აი,

ამ თემების ამსახველი წერილების შინაარსი მინდა გაგაცნოთ.

თავდაპირველად გესაუბრებით იმ წერილებზე, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისის დღესასწაულს მიეძღვნა.

27 მაისის "მთავარი გაზეთის" თქმით, "სამხედრო აღლუმის მონაწილეებმა შეძლეს საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველო სახელმწიფოა. მართალია, ჯერ კიდევ ძველი, რთული პრობლემებით "დატვირთული", მაგრამ სახელმწიფო, რომლის მოსახლეობასაც სჭირდება სახელმწიფოებრივი ემოცია."

გაზეთი წერს: "ალბათ, ამიტომ თითქმის არავის გაუმახვილებია ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ოთხი თვის განმავლობაში ორი აღლუმი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, შესაძლოა, დიდი ფუფუნება იყოს.
დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი მოსახლეობას ბევრ რამეს დაჰპირდა. მიხეილ სააკაშვილი გუშინ არც გალში წასულა და არც ცხინვალში, თუმცა ირწმუნება, რომ ამ ქალაქებში ვიზიტის დღე შორს არ არის. 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემიგრირებულ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პრობლემა აღარ ექნებათ."

როგორც წერილშია აღნიშნული, "პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო გამოიყენებს შანსს და გახდება დიდი სახელმწიფო - ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც იამაყებენ თავიანთი წარმომავლობით, მოქალაქეობით; ქვეყანა, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოები პატივს მიაგებენ და ანგარიშს გაუწევენ.

რაც შეეხება საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, გრანდიოზული აღლუმის ფონზე მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვაში საკმაოდ ემოციურად, მაგრამ, ამავე დროს, კონკრეტულად მიუთითა გეგმაზე, რომლითაც მთავრობა უახლოესი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებს."

"მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, პირველად მიმართა აფხაზებსა და ოსებს მათ მშობლიურ ენებზე და სახელმწიფოებრივი მოწყობის ისეთი მოდელი შესთავაზა, რომელიც ერთიან საკონსტიტუციო სივრცეში აფხაზებისა და ოსების ინტერესების გათვალისწინებას შესაძლებელს გახდის."

26 მაისის გაზეთმა "ხვალინდელმა დღემ" რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. კითხვაზე - რა განწყობა გქონდათ ტრიბუნასთან? - მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
"გამარჯვების განწყობა. ყველაფერი, რაც ნახეთ, ჩვენი არმიის საკუთრებაა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკებები, ერთიანობა. გვინდა ყველა ერისა და ყველა კუთხის წარმომადგენელს პატივი ვცეთ და ამას აუცილებლად განვახორციელებთ. არ ვაპირებთ, ვინმეს თავს დავესხათ და ეს დღეს ნათლად გამოვხატე. მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანობას ხელყოფს ან საქმე თავდასხმასა და აგრესიასთან გვექნება, მზად ვართ ყველას საკადრისი პასუხი გავცეთ."

ახლა კი იმის შესახებ, თუ რას წერდა გასული კვირის პრესა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ.

26-27 მაისის გაზეთ "ახალი ვერსიის" თქმით, "რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი დაძაბულობა კონსტრუქციულმა ურთიერთობებმა შეცვალა."

გაზეთი წერს: "რუსეთი მზად არის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული მთავრობების პოზიციების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შუამავლის როლი შესრულოს. რას ითხოვს სანაცვლოდ?

პირველი - აფხაზეთი მიიღებს ფართო პოლიტიკური ავტონომიის სტატუსს... ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რას გულისხმობს პოლიტიკური ავტონომიის სტატუსი, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე დიდი ლუკმის დათმობა ქართულ მხარეს მოუწევს.

მეორე -რუსეთს ექნება სრული კარტ-ბლანში აფხაზეთის ტერიტორიაზე, კაპიტალის დაბანდების და ინვესტიციების ჩადების თვალსაზრისით, ანუ მოსკოვი ეკონომიკურ ბერკეტებს ითხოვს."

26 მაისის გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, "საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთულად შესათანხმებელი აღმოჩნდა."

გაზეთის თქმით, "რუსეთს საქართველოდან ბაზების გაყვანა არ სურს, მაგრამ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ამ პირობის შესრულებას ითვალისწინებს. პრემიერთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ჟვანიამ და ლავროვმა გალის რაიონში ლტოლვილების დაბრუნებისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის გზებზეც ითათბირეს."

"რეზონანსის" თანახმად, "აფხაზეთის პრობლემის მოგვარება რომ საქართველოში, გარკვეულწილად, რუსული ინვესტიციების დაბანდებაზეა დამოკიდებული, რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის გამგეობის თავმჯდომარის ანატოლი ჩუბაისისა და ზურაბ ჟვანის საუბრის თემაც ადასტურებს."

გაზეთი წერს: "ზურაბ ჟვანიამ და ანატოლი ჩუბაისმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ენგურჰესის რეაბილიტაციასა და ამ კონტექსტში გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე ისაუბრეს.

ზურაბ ჟვანიამ ანატოლი ჩუბაისს განუცხადა, რომ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით დაეთანხმება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც რუსულმა კომპანიამ მოამზადა, თუ მანამდე იქნება მიღწეული სერიოზული პროგრესი გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების საკითხში."

"რუსული ექსპედიცია თუ რუსული ექსპანსია", "მილიონერთა დესანტი საქართველოში", "რას უქადის საქართველოს რუსული მილიარდები", - ამ სათაურებით გამოეხმაურა გასული კვირის პრესა რუსეთის ბიზნესმენთა სტუმრობას საქართველოში.

28 მაისის გაზეთი "24 საათი" წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, "საქართველოს მთავრობა, რუს ბიზნესმენებთან ერთად, ათამდე პროექტის განხორციელებას აპირებს. სავარაუდოდ, ეს პროექტები ტურიზმს, რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროს მოიცავს. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ინვესტიციებს დააბანდებენ რუსები საქართველოში, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ საქმე საკმაოდ სოლიდურ თანხას ეხება."

28 მაისის გაზეთი "რეზონანსი" სვამს კითხვას: ქვეყნისთვის რამდენად საშიში შეიძლება იყოს ერთი რომელიმე ქვეყნის მიერ ასეთი მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება?

გაზეთი გვამცნობს: "ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ "ფულს ეროვნება არ აქვს". მისი თქმით, "სწორად მართვის შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება."

თუმცა მთავარი საკითხი მაინც ის არის, სწორად მართვა რამდენად განხორციელდება. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის განცხადებით, "ეს არც ისე მარტივი თემაა, როგორც ერთი შეხედვით აცხადებენ."

სხვა საკითხებთან ერთად ნიკო ორველაშვილის ეჭვს იწვევს ის გარემოება, "თუ რატომ დაინტერესდნენ რუსი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნესგარემოთი, როდესაც რუსეთში ბიზნესის განხორციელების უკეთესი პირობებია." ექსპერტის აზრით, "ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ რუსეთზე უკეთესი პირობები უნდა შეუქმნას, მაგრამ რის ფასად?"

29 მაისის "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს, რომ "საქართველომ რუსულ კაპიტალს ფართოდ გაუხსნა გზა."

გაზეთი წერს: "მიხეილ სააკაშვილმა რუს ბიზნესმენებს აღუთქვა, რომ მთლიანად იქნება დაცული ის ინვესტიცია, რომლის ჩადებასაც ისინი საქართველოს ეკონომიკაში აპირებენ. ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს ახალი საგადასახადო კოდექსი. უახლოეს მომავალში, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოში ჩამოვლენ რუსი ექსპერტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საგადასახადო სისტემის რეფორმირებაში დაეხმარებიან."

"მთავარი გაზეთის" კიდევ ერთ წერილში კი ნათქვამია, რომ
"საქართველოს ხელისუფლება თბილისში მიმდინარე რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ფორუმზე დიდ იმედს ამყარებს."

გაზეთი წერს: "მთავრობა იმედოვნებს, რომ რუსი ოლიგარქების მიერ ინვესტირებული მილიარდები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს საუბარს საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება რუსული კაპიტალის შემოსვლას მოჰყვეს, რადგან დღეს რუსული პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული."
XS
SM
MD
LG