Accessibility links

logo-print

ახალგაზრდულ პროგრამას დღესაც ორ ნაწილად გთავაზობთ:


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამას დღესაც ორ ნაწილად გთავაზობთ:

პირველ ნაწილში პრობლემაზე ვისაუბრებთ, მეორეში - მსუბუქ თემებზე. ამ ორიოდე კვირის წინ "მომავლის სახლში", სადაც მიუსაფარი ბავშვები ცხოვრობენ, ჟურნალისტებმა ცხოვრების მძიმე პირობები და ბავშვებისადმი არაჯეროვანი მოპყრობის ფაქტები გამოამზეურეს. ეკა წამალაშვილი "მომავლის სახლის" მკვიდრთა ბედზე გესაუბრებათ და შეეცდება გაარკვიოს, რატომ არ რეაგირებს ფაქტებზე განათლების სამინისტრო. შემდეგ ერთი ლიტერატურული კონკურსის შესახებ ვილაპარაკებთ.

ამ ორი კვირის წინ მთელმა ქვეყანამ შეიტყო იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც თბილისში არსებულ მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში, "მომავლის სახლში", ერთ-ერთი არასამთავრობო ორაგნიზაციის - " თბილისის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის" - წარმომადგენლის თენგო გოგოტიშვილის, აგრეთვე რამდენიმე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფისა და რადიო "მწვანე ტალღის" ჟურნალისტის მისვლას მოჰყვა. მაშინ "მომავლის სახლში" მისულ დაუპატიჟებელ სტუმრებს ამავე სახლის სხვა სტუმრები, "მომავლის სახლის" მეზობლები, დაემუქრნენ, რომ თუ იქ გადაღებულ კადრებს საზოგადოებას უჩვენებდნენ, ამით სერიოზულ პრობლემებს შეიქმნიდნენ. კადრები რამდენიმე ტელეკომპანიამ გაავრცელა და საზოგადოებამაც ნახა, როგორი ბინძური ტუალეტებით სარგებლობდნენ სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელები. არადა, იქვე არსებობდა სხვა, ახლად გარემონტებული და დირექციის მიერ ბავშვებისთვის საგულდაგულოდ ჩაკეტილი, ტუალეტი. საზოგადოებამ იხილა ბავშვების ჩამონგრეული საძინებლებიც, სადაც არ არსებობს ელექტროგაყვანილობა და, რაც მთავარია, შეიტყო იმის შესახებ, რომ რამდენიმე მოზარდი "მომავლის სახლიდან" წამოვიდა და გადაწყვიტა აღარ დაბრუნდეს იქ. სად ცხოვრობენ ისინი, რითი არსებობენ, სახელმწიფო ამით არ დაინტერესებულა.

16 წლის თეა ალადაშვილი ორი კვირაა ღამეს ქუჩის ბავშვთა ღამის თავშესაფარში, "ღამურებში", ათევს, მანამდე, მთელი 6 თვის მანძილზე, ის ქუჩაში ცხოვრობდა. "მომავლის სახლში" მომხდარი სკანდალის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. " თბილისის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის" თანამშრომელი თენგო გოგოტიშვილი ამ სახლს ჟურნალისტების თანხლებით მას შემდეგ ეწვია, რაც "მომავლის სახლის" დირექტორმა ცირა ლანჩავამ უარი უთხრა "მომავლის სახლიდან" 6 თვის წინ წამოსულ თეას უკან მიღებაზე. უარის მიზეზი იყო ის, რომ თეა ქუჩურ ცხოვრებას ეწეოდა.

[ცირა ლანჩავას ხმა] "ვინ გნახა შენ მთვრალი, ნაცემი, 5 კაცთან რომ იყავი?"

დირექტორმა ეს სიტყვები 16 წლის გოგონას ჟურნალისტების, თანატოლების და ძმის თანდასწრებით უთხრა ( ხაზს ვუსვამთ, რომ "მომავლის სახლი" სწორედ ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრია). "მომავლის სახლი" თეას ძმამ, 18 წლის შალვამაც, დატოვა. ის დღეს ვაკეში, "თბილისის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის" ოფისში, ატარებს; დღისით იქვე არიან "მომავლის სახლიდან" წამოსული ძმები - 16 წლის ლაშა ცხოიძე და 18 წლის ლევან ცხოიძე. მათ კვებაზე ასოციაციის ხელმძღვანელი თენგო გოგოტიშვილი ზრუნავს, ღამით კი, როცა ოფისი იკეტება, მოზარდებს გზის ფულს აძლევს და ფონიჭალაში, ძმების ცხოიძეების ბინაში, ისტუმრებს. შალვას, ლაშას და ლევანს ამ ქვეყანაზე ჯერჯერობით ერთადერთ გულშემატკივრად თენგო და მისი უცხოელი მეგობრები ეგულებათ. დაახლოებით ასე იყო ადრეც, სანამ მოზარდები "მომავლის სახლიდან" წამოვიდოდნენ. თენგო გოგოტიშვილი მათ მას შემდეგ დაუმეგობრდა, რაც "მომავლის სახლში" ადრე წყნეთის ბავშვთა სახლში გაცნობილ დათუნას მიაკითხა. თენგოს "მომავლის სახლში" გაცნობილი ბავშვები ხან დასასვენებლად, ხანაც ექსკურსიებზე დაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი გასვლიდან დაბრუნებისას შალვა ალადაშვილი დაინტერესდა, სად იყო თენგოს ოფისი და ამის შემდეგ დაიწყო ის, რამაც "მომავლის სახლის" დირექცია გააღიზიანა:

[თენგო გოგოტიშვილის ხმა] "მეორე დღის 12 საათზე ბავშვი მოვიდა, მას მოჰყვნენ სხვებიც. არანაირი იძულება არ ყოფილა. ამას მოჰყვა ის, რომ ადმინისტრაციას მიუვიდა ინფორმაცია, თითქოს ბავშვები აქ მასზე ლაპარაკობენ ცუდს."

იყო თუ არა ეს ასე, ამას, რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ყველაზე გაჭირვებულები საქართველოში, ბუნებრივია, იტყოდნენ იმას, რაც აწუხებდათ.

[შალვა ალადაშვილის ხმა] "რაც მოჰქონდათ საჩუქრები, სახლებში მიჰქონდათ. შეიძლება ბავშვს მოპარო? სკოლებში ნახევრად მშივრები მივდიოდით, ტუალეტები სუფთა არ იყო, ნახევრად დანგრეულ ოთახებში ეძინათ ბავშვებს. "

ეს იყო შალვა. მასთან ერთად ადრე თენგოს 16 წლის ლაშა ცხოიძეც აკითხავდა. ხომ არ იყო ეს "მომავლის სახლში" მის მიმართ ბოლოდროინდელი დამოკიდებულების მიზეზი? ლაშა ამბობს, რომ იქ ბოლო დროს მას ცუდად ექცეოდნენ:


[ლაშა ცხოიძის ხმა] "ბოლო დროს მასწავლებლები გახდნენ ცივები, რაღაცნაირად გვიყურებდნენ. ყველას არა, რამდენიმეს. მეც. თუმცა დაშავებით არაფერი დამიშავებია. თუ დავაშავებ, უნდა დამსაჯონ. რა ვიცი.... დაურტყიათ კიდეც ჩემთვის. ზავხოზმა დამარტყა. " (სტილი დაცულია)

ლაშა "მომავლის სახლში" დაბრუნებას აღარ აპირებს. მისი ძმა ლევანიც იქიდან 6 თვის წინ წამოვიდა და ამბობს, რომ წამოსვლა თენგოსთან ოფისში სიარულის გამო დირექტორთან გართულებულმა ურთიერთობამ გადააწყვეტინა. ლევანი უკვე სრულწლოვანია და სახელმწიფო მის ბედზე პასუხს აღარ აგებს.



ძმები ლევან და ლაშა ცხოიძეები "მომავლის სახლში" 6 წლის წინ მეზობელმა მიიყვანა. რა ხდებოდა მანამდე, ამაზე ისინი ცოტას საუბრობენ. ამბობენ, რომ მამა სვამდა, დედა კი მამასთან გაშორებული იყო. მშობლებზე არც 18 წლის შალვა საუბრობს. აბობს, რომ დედასთან და მამინაცვალთან ვერ მივა. სახელმწიფო აღარც მასზეა პასუხისმგებელი. საქართველოში არ არსებობს არავითარი პროგრამა ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში სრულწლოვანებას მიღწეულების დასახმარებლად. სრულწლოვანებზე რაღა უნდა ვთქვათ, როცა არ არსებობს პასუხისმგებლობა არასრულწლოვანების მიმართ. თენგო გოგოტიშვილი 15 მაისს დაუკავშირდა განათლების მინისტრს კახა ლომაიას და პირადად მას გააცნო "მომავლის სახლიდან" წამოსული მოზარდების პრობლემა:

[თენგო გოგოტიშვილის ხმა] "მან მითხრა, რომ დღეს არის შაბათი, ხვალ არის კვირა, რომ ორშაბათამდე ამ პრობლემისთვის არავის ეცლება და ორშაბათს ყველაფერს მიშა მინდაძე გაარკვევდა. "

მიშა მინდაძე სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელსაც ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პრობლემების გადაწყვეტა ავალია. მასაც და განათლების მინისტრაც მე 28 მაისს ვესაუბრე. დავიწყოთ მინისტრით:

[კახა ლომაიას ხმა] "კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია. მხოლოდ ის ვიცი, რომ დეპარტამენის ხელმძღვანელია ჩართული, დავურეკავ მას.. "

ეს იყო კახა ლომაია. ახლა მიშა მინდაძეს მოვუსმინოთ:

[მიშა მინდაძის ხმა] "ჩვენ რაღაცები შევისწავლეთ; დავავალეთ, ვისაც ეკუთვნის. ეკუთვნის ქალაქს. იქიდან ინფორმაცია არ მიმიღია. ხვალ შაბათია, ზეგ კვირა, ორშაბათს მექნება. "

მიშა მინდაძე ადასტურებს, რომ გასულ ორშაბათამდეც და ამ ორშაბათამდეც მოზარდების უმეთვალყურეოდ დატოვების გამო სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა; ხაზს უსვამს, რომ მოზარდების პრობლემა ისევ "მომავლის სახლს" მათი უკან დაბრუნებით უნდა გადაეწყვიტა, თუმცა იცის, რომ მოზარდები "მომავლის სახლში" დაბრუნებაზე უარს ამბობენ და ვერც ვერავინ აიძულებს მათ იქ დაბრუნებას. მოკლედ, პასუხი ბუნდოვანია.
რა ელით 16 წლის მოზარდებს, თეას და ლაშას ? ან როგორ შეძლებენ თავის რჩენას 18 წლის ახალგაზრდები, შალვა და ლევანი, გაურკვეველია. ფაქტია, რომ "მომავლის სახლში" ისინი მომავალს ვერ ხედავენ. იქ ხომ ჟურნალისტების მისვლა - ბავშვების მძიმე ყოფის გადასაღებად - "ვარდების რევოლუციის" მონაპოვრის ხელყოფის მცდელობად შეაფასეს, იქ ხომ ბავშვებს გარემონტებულ ტუალეტს უკეტავენ და ხელ-პირს სარეცხის საპნით აბანინებენ. იქ მისულ ჟურნალისტებს ცხვირაკრულებს მოუხდათ მუშაობა, რადგან ირგვლივ გულისამრევი სუნი ტრიალებდა.


თქვენ უსმენთ რადიო "თავისუფლების" ახალგაზრდულ პროგრამას. გადაცემის მეორე ნაწილში შევხვდებით გამომცემლობა "დიოგენეს" მესვეურებს - თამარ ლებანიძეს და ჯარჯი აქიმიძეს, რომლებიც წელს უკვე მესამედ აწყობენ ლიტერატურულ კონკურსს - პენ მარათონს. კონკურსის საპრიზო ფონდი 2 000 ლარია. სხვა გარემოებებზე კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG