Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შესძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სამხედრო-საინჟინრო აკადემია?


საქართველოს დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალების არსებობის განმავლოში მისი ელიტა,

უმაღლესი რანგის ქართველი ოფიცრები, მომზადებას ჯერ რუსეთის, შემდეგ კი უკრაინისა და დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო სასწავლებლებში გადიოდნენ. შარშან ზაფხულში, გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის დაარსებით, ეს ტრადიცია დაირღვა. სულ რამდენიმე კვირაში კი ქვეყანა უკვე საკუთარ უმაღლეს სასწავლებელში მომზადებულ პირველ ნაკადს, 17 მაღალი რანგის ოფიცერს, მიიღებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს მეგობარი სახელმწიფოების მიერ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში უანგაროდ გამოყოფილ ადგილებზე.


თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში, სადაც გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაა განლაგებული, სარეჟიმო ობიექტისთვის დამახასიათებელი ვითარება სუფევს: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მდგარი გასამხედროებული დაცვა მკაცრად ადევნებს თვალს, რომ სპეციალური საშვების გარეშე შენობაში არავინ მოხვდეს. დაცვის ასეთი ზომების აუცილებლობას მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა შენობაში აღმოჩნდები. სამხედრო-საინჟინრო აკადემიის ხუთსართულიანი შენობა ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს. აქ თავმოყრილია უამრავი ექსპონატი, რაც ქართული საინჟინრო მეცნიერების უახლოეს მიღწევებს ასახავს. მათ შორის არის რეფლექტორული ანტენა, რომელიც 2000 წელს რუს კოსმონავტთა ჯგუფმა ღია კოსმოსში გაიტანა. რეფლექტორული ანტენის შემქმნელი, კოსმოსური დარგის ცნობილი მეცნიერი ელგუჯა მეძმარიაშვილია სწორედ პირველი ქართული უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, სამხედრო-საინჟინრო აკადემიის, დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი. ელგუჯა მეძმარიაშვილი ამბობს, რომ ერთი წლის წინ აკადემიის დაარსება და მისთვის საინჟინრო პროფილის მიცემა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდა:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "სამხედრო-საინჟინრო საქმე ქვეყანას ძალიან სჭირდება. ბოლო მომენტებმაც კი, რომელიც აჭარაში მოხდა, როდესაც გარკვეული მზაკვრული მიზნით ადამიანი პირველად კომუნიკაციას მიადგა და ააფეთქა ხიდი. როდესაც ეს ქვეყნის შიგნით მოხდება, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება მაშინ, როდესაც მტერი დაგიპირისპირდება? თუ ქვეყანა დროზე თავის კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას არ მოაწესრიგებს და ოპერატიულად არ დაეუფლება მას სამხედრო ხელოვნებით, მაშინ მტერი გამოიყენებს მას და ის გახდება ყველაზე უფრო დამანგრეველი ძალა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის." (სტილი დაცულია)

თუმცა ერთი წლის განმავლობაში ელგუჯა მეძმარიაშვილმა, როგორც თავად ამბობს, ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ბაზაზე და მისი ფონდების გამოყენებით აარსება. თუმცა ამ თანხებით შესაძლებელი გახდა 30-მდე პროფესორისა და უმაღლესი დონის სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 17 ქართველ ოფიცერს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ოპერატიულ-სტრატეგიულ დისციპლინებში უკითხავდნენ საგნებს. მიუხედავად იმისა, რომ კონტინგენტი შეიარაღებული ძალების უფროსი და უმაღლესი რანგის ოფიცრებისგან შეირჩა, ელგუჯა მეძმარიაშვილის თქმით, მსმენელებს სწავლის პროცესში არავითარი შეღავათი არ ჰქონიათ:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "საკმაოდ მკაცრი! ჩვენ წელს ძალინ გადატვირთული გვქონდა სალექციო საათები, მაგრამ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ისინი უკვე დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და სალექციო საათების უფრო კონცენტრაცია გახდა მომგებიანი. იმიტომ რომ უფრო მეტი შემოქმედებითი მუშაობის წარმოჩინების საშუალება მივეცით." (სტილი დაცულია)

ერთწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, გენერალური შტაბის საინჟინრო აკადემიისადმი მოთხოვნილება გაიზარდა და საქმიანობის გასაგრძელებლად წელს სამხედრო საინჟინრო აკადემია, მიზნობრივი პროგრამების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საკუთარი ოფიცრების გადასამზადებლად აკადემიის ხელმძღვანელობას, სამხედრო უწყების გარდა, ზოგიერთმა სამოქალაქო სამინისტრომაც მიმართა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის გადაყვანა მთლიანად დასავლურ სტანდარტებზე. საქართველოს გენერალური შტაბის სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსის მაიორ ნიკა ჯანჯღავას თქმით, გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია ზოგადეროვნული მასშტაბის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი უნდა გახდეს:

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] საჭიროა ამ სასწავლებლის გადაყვანა ევროპულ, ანუ ნატოს, რელსებზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, იწერება ახალი სახელმძღვანელოები, ახალი საბრძოლო პროგრამა, მაგრამ, კადრების სიმწირიდან გამომდინარე, ეს, გარკვეულწილად, ფერხდება. საქართველოში აუცილებლად უნდა არსებობდეს სამხედრო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს არა მარტო თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ შინაგანი ჯარებისათვის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის და უშიშროების სამინისტროსათვის კადრებს."

გასული კვირის ბოლოს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში დაიწყო საგამოცდო პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგაც - დაახლოებით, სამ კვირაში - სასწავლებელში პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია მოეწყობა. პირველ კურსდამთავრებულთა შორის იქნება პოლკოვნიკი მალხაზ ყიფიანი, რომელსაც სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობებზე მუშაობის სტაჟი აქვს. ვიდრე პირველი ქართული უმაღლესი სამხედრო სკოლის მსმენელი გახდებოდა, მალხაზ ყიფიანმა ორი წლის წინ კიევის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია დაამთავრა. ქართველი პოლკოვნიკი ამბობს, რომ სწავლების დონემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და სამხედრო-საინჟინრო აკადემიის კედლებში მიღებულმა ცოდნამ მისი თავლსაწიერი კიდევ უფრო გააფართოვა.

[მალხაზ ყიფიანის ხმა] "თუ მე ახლა გავაკეთებ შედარებას, რაც მე ვნახე კიევში, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ოფიცრები, რომლებიც დღეს სწავლობენ გენშტაბის საინჟინრო აკადემიაში, არაფრით არ ჩამოუვარდებიან. მე მეამაყება, რომ უახლოეს ხანებში ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული ვიქნები და მთელი ქართული მეცნიერების და სიანჟინრო აზრის კორიფეები გვასწავლიდნენ. მე მქონდა შესაძლებლობა მომესმინა და მესწავლა ამ ხალხისგან და მე ამით ვარ ბედნიერი."(სტილი დაცულია)

საზეიმო გამოშვების დროს, დიპლომების გარდა, სამხედრო საინჟინრო აკადემიის მსმენელები, სასწავლებლის დამთავრების ნიშნად, ოქროსა და ვერცხლისგან შესრულებულ საგანგებო სამკერდე ნიშნებსაც მიიღებენ. საქართველოს პირველი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის პირველი მსმენელები მოუთმენლად ელიან ამ დღეს და იმედი აქვთ, რომ აკადემიური განათლების გამოყენებას ისინი კონკრეტულ თანამდებობებზე მოახერხებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG