Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმოქმედებს თუ არა საუდის არაბეთში მომხდარი ტერაქტი ნავთობის ფასებზე?


ის, რაც შაბათ-კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ხობარში მოხდა, უპირველესად ადამიანური ტრაგედიაა:

ტერორისტებმა დაატყვევეს რამდენიმე ათეული ადამიანი და ვიდრე არაბეთის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცები მათ დახსნას მოახერხებდნენ, 22 ადამიანი მოკლეს. სპეცრაზმელებმა შეძლეს 41 ტყვის განთავისუფლება და ტერორისტთა ლიდერის დაკავება. სამი გაქცეული ტერორისტის ძებნა გრძელდება. მომხდარზე პასუხისმგებლად თავი ალ-ყაიდის ერთ-ერთმა დაჯგუფებამ გამოაცხადა. გასული შაბათ-კვირის ხობარის მოვლენების შემდეგ ყველა მიმომხილველისთვის მსჯელობის უპირველეს საგნად ნავთობის ფასების მომავალი რჩება

არაბულენოვან ვებ-საიტზე გამოქვეყნდა, როგორც თავად აცხადებს, აბდულ აზი ალ-მუყრინის აუდიო-განცხადება. ის ხობარში ტერაქტის მომწყობთ სიმამაცეს უქებს და ამბობს, რომ "მამაცმა მუჯაჰედინებმა შეძლეს ხობარის იმ უბანში შეღწევა, სადაც ცნობილი დასავლური ნავთობკომპანიების თანამშრომლები ცხოვრობენ და ზოგიერთი მათგანი მათგანის დახოცვა. მათ შორის - ერთი ამერიკელის, რომელიც ქალაქში ათრიეს, ერთი ბრიტანელისა და იტალიელის, რომლის ცხედარიც საჩუქრად გაუგზავნეს მისივე ქვეყნის მთავრობას.

არაბულენოვანი ქვეყნების ლიდერებმა ორშაბათს დილით დაგმეს საუდის არაბეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ხობარში მომხდარი. შეგახსენებთ, რომ 22 დაღუპულს შორის 19 უცხოელი იყო - ცხრა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე. თვითმხილველთა თქმით, ტერორისტები მსხვერპლად სწორედ უცხოელებს ირჩევდნენ. დაკავებული ტერორისტის ვინაობა არ სახელდება. საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ის ქვეყანაში ძებნილ 25 ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში იყო.

ბოლო 13 თვის მანძილზე საუდის არაბეთში უკანასკნელი შემთხვევის ჩათვლით უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმის ოთხი შემთხვევა მოხდა. ეს მაშინ, როცა საუდის არაბეთის ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს საკუთარ ეფექტიანობაში (უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვგულისხმობ) დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ხობარში მომხდარმა ნავთობის ფასებზე მსჯელობას ახალი მუხტი შემატა. მართალია, მიმომხილველები ირწმუნებიან, რომ ეს ტრაგედია პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ნავთობის ფასზე, მაგრამ იმის უარყოფაც უჭირთ, რომ ის საერთოდ არ იმოქმედებს ნავთობის ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე. გეივინ ნაითი ლონდონში არსებული მსოფლიოს ბაზრების კვლევის ცენტრის თანამშრომელია. ის შენიშნავს, რომ ეს ტერაქტი არ იქონიებს ზეგავლენას საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტის მოცულობაზე. მაგრამ ნაითი ასევე ამბობს, რომ საუდის არაბეთში უკვე მომხდარი და მოსალოდნელი ტერაქტები წარმოშობს შიშის ფაქტორს, რამაც ნავთობის ფასი შესაძლოა ერთ ბარელზე კიდევ 8 დოლარით გაზარდოს:

[ნაითის ხმა]
"რაც შეეხება თავად ნავთობის ფასს, სახეზეა შიშის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ზემოქმედების მოხდენა მასზე. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაქციას მოახდენს მომავლის ბაზარი ამ ფაქტორზე და რამდენად ძლიერად აღიქმება მომავალში არსებული საფრთხე".

ხობარის ტერაქტი დროში დაემთხვა საუდის არაბეთის ხელისუფლების დაპირებას - საკუთარი ნავთობწარმოების დღეში 8,5-დან 9 მილიონ ბარელამდე გაზრდის შესახებ. ამ გზით საუდის არაბეთი შეძლებდა მსოფლიო ნავთობის ფასის დაწევას. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში, როცა ნავთობის ფასმა ბარელზე 42 დოლარს მიაღწია, საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იქამდე გაზრდის ნავთობის წარმოებას, სანამ ეს მსოფლიო ბაზარზე ფასის შეცვლას არ გამოიწვევს. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის - "ოპეკის" წევრთა შორის საუდის არაბეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, თუკი "ოპეკის" დანარჩენ წევრთა წინააღმდეგობას დაძლევს.

ტერორისტთა მუქარა და ხობარში მომხდარი საუდის არაბეთში დაძაბულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. იქ მყოფმა დიდი ბრიტანეთის ელჩმა - შერარდ კაუპერ-კოლსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხოელებზე მორიგი თავდასხმების მომზადება დასრულების ფაზაშია. ელჩს სხვა არაფერი დაუზუსტებია.

დასასრულ კვლავ გეივინ ნაითის მოსაზრებას გაგაცნობთ, რომელსაც მიაჩნია, რომ ნავთობის ფასის განსაზღვრისას ნებისმიერი სახის შიშს მომავალში ეკონომიკური ფაქტორი გადაწონის. მას მაგალითად ჩინეთის მზარდი მოთხოვნა ნავთობზე და "ოპეკის" არაწევრი ქვეყნების, უპირველესად კი რუსეთის მიერ ნავთობწარმოების შესაძლო გაფართოება მოჰყავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG