Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგანი ჯარის ნაწილების მობილიზაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


საქართველოს ხელისუფლების გააქტიურებას კონტრაბანდის წინააღმდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შინაგანი ჯარის ნაწილების მობილიზაცია მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი იყო რეაქცია ოსური მხარისა და

კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ერთობლივ გადაწყვეტილებაზე გაეუქმებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის მიერ შექმნილ ბლოკ - საგუშაგოები სოფლებში: ტყვიავში, ფხვენისში, ნიქოზსსა და ერედვში. შინაგანი ჯარების ძალები ორშაბათს, სწორედ ამ საგუშაგოებზე განლაგდნენ. ორშაბათს კონფლიქტის ზონაში იყვნენ ჩასულები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირები, სამოქმედო გეგმის დასასახად მათ იქ სოფელ ტყვიავში მუდმივმოქმედი შტაბიც შექმენს, მოგვიანებით კი კონფლიქტის ზონაში შეყვანილი ძალების უკან გმოყვანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში მობილიზებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უკან გამოყვანის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა გარანტიები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობისგან მიიღო. გარანტიები იმის შესახებ, რომ სოფლებში: ტყვიავში, ფხვენისში, ნიქოზსსა და ერედვში არსებული ბლოკ-საგუშაგოები ხელუხლებელი იქნება.

მანამდე მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული იყო.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, ჩვენ არავის არ ვერჩით, ვერჩით მხოლოდ კონტრაბანდისტებს. თუ კონტრაბანდისტები შიშველი ხელებით დაგვიპირისპირდებიან დავუპირსიპირდებით შიშველი ხელით, თუ იარაღით - იარაღით. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს. "

ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელიც მან 31 მაისს დილით გააკეთა. ამავე პერიოდში გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილიც მკაცრი ტონით აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ოსურ და არც შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობას შიდა ქართლში კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით განლაგებულ ბლოკ-პოსტების აღების უფლებას არ მისცემდა. გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი, უშიშროების მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ვანო მერაბიშვილთან ერთად ორშაბათს მთელი დღის მანძილზე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ. იქ საქართველოს შინაგნი ჯარის ნაწილების მობილიზაციამ ცხინვალში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. გაკეთდა განცხადებები , რომ საქართველოს ხელისუფლება აგრესიულ პროვოკაციაზე მიდიოდა, თუმცა როგორც უკვე ვთქვით დაძაბულობა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განიმუხტა. 31 მაისის 18 საათისთვის კონფლიქტის ზონა დაცარიელებული იყო იქ შეყვანილი ცოცხალი ძალისგან და სამხედრო ტექნიკისგან, თუმცა დაცარიელებული იყო ერგნეთის ბაზრობაც, საიდანაც საქართველოში კონტრაბანდა უწყვეტად შემოედინებოდა. ეს ჩვენთან საუბრისას ჩვენმა გორელმა კორესპინდენტს გოგა აფციაურმა დაადასტურა. ბაზრობის დაცარიელებული ტერიტორია მან თავად მოინახულა. საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ ერგნეთის ბაზრობა ისტორიას ჩაბარდა, როგორც შავი ლაქა. ამის შემდეგ გაიმართება შერეული საკონტროლი კომისიის სხდომა, რომელზეც საქართველოს წარმომადგენელი მკაცრად გააფრთხილებს მხარეებს იმის თაობაზე, რომ საქართველო არ შეეგუება ცხინვალის მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის მოწამვლას.

ანტიკონტრაბანდული ღონისძიება კვირას ქვემო ქართლშიც ჩატარდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია წითელ ხიდთან საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე. სასაზღვრო სამსახურის გარდაბნის კომენდანტმა ლაშა მუმლაძემ განმარტა რომ ეს ასე არ არის.

[ლაშა მუმლაძის ხმა] " არა , ეს ასე არ არის. არასწორი ინფორმაციაა. საზღვარი ერთი წუთით არ ჩაკეტილა და მუშაობს ჩვეულ რეჟიმში."

"საზღვარი არ ჩაკეტილა, თუმცა, ტვირთვები საზღვარზე ადრინდელზე მკაცრად კონტროლდებაო"- გვითხრა ლაშა მუმლაძემ და ბოლოს, ზუგდიდის რაიონში დაკავებულ იქნა აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდა - 70 ტონა ბენზინი და 95 ყუთი სიგარეტი. ამ ტვირთს ზუგდიდის რაიონის პოლიციის თანამშრომელი მიაცილებდა.
XS
SM
MD
LG