Accessibility links

logo-print

ერაყის დროებითი პრეზიდენტი იქნება ღაზი ალ-იავერი


გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ერაყში, ლაჰდარ ბრაჰიმიმ, სამშაბათს დაადასტურა, რომ ერაყის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობებს ღაზი ალ იავერი შეასრულებს.

40-ს გადაცილებული იაევერი პროფესიით სამოქალაქო ინჟინერია. მან 1990 წელს დატოვა ერაყი. იგი სუნიტი არაბია და შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ერაყის მმართველი საბჭოს მხარდაჭერით სარგებლობს.

ერაყის დროებითი პრეზიდენტობის ბედი უკანასკნელ მომენტში გადაწყდა. ჯერ კიდევ სამშაბათს ელოდნენ, რომ ამ თანამდებობას დაიკავებდა ადნან პაჩაჩი, რომელიც სადამის რეჟიმამდელ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაგრამ პაჩაჩიმ უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა, როგორც ამბობენ, "კერძო მოტივით".

სამშაბათს, ალ-იავერთან და გასულ კვირაში დანიშნულ პრემიერ-მინისტრ იად ალავისთან ერთად გამოსვლაში გაეროს წარგზავნილმა ბრაჰიმიმ განაცხადა:

[რაჰიმის ხმა] პირველ რიგში ნება მიბოძეთ, ორივეს და მათი სახით მათ კოლეგებს ახალ მთავრობაში, გულითადად მივულოცო და საუკეთესო სურვილები ვუსურვო მათი ამოცანის წარმატებით შესასრულებლად. მე ვფიქრობ, ერაყელი ხალხი მთელ ქვეყანაში ილოცებს მათი მისიის წარმატებისთვის, რაც ახალი ერაყის მშენებლობას ისახავს მიზნად."

ღაზი ალ-იავერი ერაყის პირველი პრეზიდენტი იქნება სადამისშემდგომ პერიოდში. მის დანიშვნას წინ უძღოდა მწვავე პოლიტიკური დრამა, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები და მოწინააღმდეგეები ვაშინგტონი და მისივე დანიშნული ერაყის მმართველი საბჭო გახლდათ.

როგორც იტყობინებიან, ვაშინგტონი და ბრაჰიმი პაჩაჩის უჭერდნენ მხარს. მაგრამ მმართველი საბჭოს წევრთა უმრავლესობა ალ-იავერის გაყვანას ცდილობდა.

ნათქვამის სისწორეში დასარწმუნებლად იმის ხსენებაც კმარა, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე მმართველი საბჭოს წევრები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ შეერთებული შტატები მათზე ერთობ არადემოკრატიული მეთოდებით ახორციელებდა ზეწოლას პაჩაჩის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. კულუარებში კი ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო შორს მიდიოდა ამერიკის კრიტიკაში.

ეს უთანხმოება სერიოზულ დაპირისპირებაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო, მაგრამ სამშაბათის გადაწყვეტილებით საქმე მშვიდობიანად დასრულდა.

რას წარმოადგენს დროებითი პრეზიდენტის ინსტიტუტი? მისი ამოცანები ძირითადად ცერემონიული ხასიათისაა. მან ქვეყანა უნდა მიიყვანოს სადამისშემდგომ პირველ არჩევნებამდე, რომელიც იანვარში უნდა გაიმართოს. ამ არჩევნების მერე შეიქმნება ე.წ. საკონსტიტუციო ასამბლეა, რომლის შემადგენლობიდანაც შეირჩევა ახალი გარდამავალი მთავრობა. ეს უკანასკნელი კი ქვეყანას გაუძღვება პირდაპირი არჩევნებისკენ, რომელზეც მომავალი წლის ბოლოს უკვე მუდმივი მთავრობა აირჩევა.

დროებით პრეზიდენტად ალ-იავერის დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში მმართველი საბჭო სერიოზულ მოთამაშედ იქცა. ამას ნათელყოფს ისიც, რომ პარასკევს საბჭოს კანდიდატი დაინიშნა უფრო კიდევ უფრო ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, პრემიერ-მინისტრად. ეს უკანასკნელი, იად ალავი, შიიტი საერო პირია და ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირები აქვს.

მაღალი თანამდებებების კანდიდატთა სელექციის პროცესში ერაყის მმართველი საბჭოს გაზრდილმა როლმა ზოგიერთი მიმომხილველის გაკვირვება გამოიწვია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ საბჭოს სუსტი კავშირი აქვს მოსახეობასთან და ძირითადად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ზრუნავს.

30 ივნისს ერაყში კოალიციის მმართველობა ძალაუფლებას ერაყელებს გადასცემს. ახალი მთავრობის წევრთა შერჩევაში აქტიურ მონაწილეობას იღებს გაერო. ლაჰდარ ბრაჰიმი აქტიურად მართავს კონსულტაციებს იმის დასადგენად, კანდიდატთაგან ვინ უფრო კარგად წარმოადგენს მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს.
XS
SM
MD
LG