Accessibility links

logo-print

ცხინვალის მიმართულებით ძალის დემონსტრირების შემდეგ სანდრა რულოვსი ცხინვალში არ შეუშვეს


ქართულ ბლოკსაგუშაგოებთან დაკავშირებით ინციდენტი ამოიწურა, თუმცა ამით ცხინვალის რეგიონში დაძაბულობა არ განმუხტულა. კონფლიქტის ზონიდან საქართველოს შინაგანი ჯარების ნაწილების

გამოყვანის შემდეგ მორიგი აჟიოტაჟი იქ საქართველოს პირველი ლედის ვოიაჟს მოჰყვა. ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ლიახვის ხეობის ქართულ სოფელში, თამარაშენში, გადასვლას სანდრა რულოვსი ცხინვალის გავლით შეეცადა, თუმცა მას ცხინვალში შეშვებაზე უარი უთხრეს. საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის გავლას ცხინვალზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გარდა, ადგილობრივი ოსი ქალბატონებიც შეეწინააღმდეგნენ. სანდრა რულოვსი, თანმხლებ პირებთან ერთად, სოფელ ტყვიავში გამობრუნდა და თამარაშენში ვერტმფრენით გამგზავრება გადაწყვიტა.


"თქვენ ჩვენ გვანადგურებდით, არ კითხულობდით როგორ ვცხოვრობდით, დაგვანებეთ თავი!" - ცხინვალის მისადგომებთან ოსი ქალები ასეთი შეძახილებით შეხვდნენ საქართველოს დელეგაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს სანდრა რულოვსს ახლდა და ცხინვალის გავლით სოფელ თამარაშენში აპირებდა გადასვლას. აქცია მშვიდობიანი იყო, სანდრა რულოვსს ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენში მცხოვრები ბავშვებისთვის საჩუქრები მიჰქონდა და მათთვის კონცერტის ჩასატარებლად მომღერლები მიჰყავდა. თბილისიდან ჩასულებს თამარაშენელი ბავშვებისთვის ბავშვთა საერთაშორისო დღე უნდა აღენიშნათ.

მსვლელობა ცხინვალის გავლით არ შედგა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ცხინვალში შესვლა ფეხით სცადა. მას ახლდა უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი. ბრძანება - ცხინვალში არ შეეშვათ საქართველოს პირველი ლედი - ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა გასცა, რის შესახებაც ცხინვალთან მისულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა ნაბდზოროვმა მიაწოდა. უშიშროების მინისტრის მოადგილემ მას უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი მოსთხოვა, თუმცა ვერ მიიღო. საჭირო გახდა უკან დახევა და საქართველოს მხარემ ოსური მხარე სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მსვლელობა ცხინვალის გავლით ხომ აბსოლუტურად მშვიდობიანი უნდა ყოფილიყო.

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც 31 მაისს ოს ხალხს ხელი სამეგობროდ გაუწოდა და მათ პენსიებს, სასუქსა და რკინიგზის აღდგენას დაპირდა, მეუღლის მსვლელობას ცხონვალისკენ თბილისიდან მშვიდად ადევნებდა თვალს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ რკინიგზაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა, იმ კვირიდან საპენსიო პუნქტები გაიხსნება ცხინვალში. საქართველოს ტელევიზიით დავიწყეთ ოსური მოამბე. ის, მართლაც, საოცრად კარგი ხარისხის გადაცემა გამოვიდა. რაც შეეხება ჩემი ცოლის გადაადგილებას, ბევრმა დაუშალა, მაგრამ მე არ დამიშლია, რადგან ვიცოდი, რომ ამას აზრი არ ექნებოდა. "

სანდრა რულოვსი თამარაშენში მაინც გაემგზავრა, ოღონდ ვერტმფრენით. ცხინვალის მისადგომებთან მისთვის შექმნილი პრობლემის გამო ლიახვის ხეობის ამ ქართულ სოფელში ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება დაგვიანებით დაიწყო. საქართველოს ტელევიზიამ კი 1 ივნისიდან, მართლაც, დაიწყო მუშაობა ოსურენოვან საინფორმაციო პროგრამაზე და გეგმა, რომელიც მანამდე, კონფლქიტის ზონიდან შინაგანი ჯარების ნაწილების გამოყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გეგმა, საჯაროდ უაღრესად დადებითად შეაფასა ხელისუფლების ოპონენტმა მთელ რიგ საკითხებში კობა დავითაშვილმა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პასუხი მიხეილ სააკაშვილის მთელ სამშვიდობო წინადადებებზე ჯერჯერობით იყო ის, რაც 1 ივნისს ცხინვალთან მოხდა. ვგულისხმობთ ცხინვალის შესასვლელიდან სანდრა რულოვსის უკან გამობრუნებას.
XS
SM
MD
LG