Accessibility links

სამხედრო ძალთა თანაფარდობა თბილისსა და ცხინვალს შორის


31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სპეცდანიშნულების დამატებითი ძალების შეყვანით პირველად დაირღვა 12 წლიანი მოჩვენებითი მშვიდობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.

როგორც აჭარის კრიზისის დროს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან ძალის დემონსტრირებით საქართველოს ხელისუფლება შეეცადა დაემტკიცებინა, რომ იგი დიდი ხნით არ აპირებს შეეგუოს არსებულ ვითარებას. როგორც აჭარის კრიზისის დროს, დღესაც აქტუალურია შეკითხვა: რა სამხედრო ძალას ფლობს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება და როგორია ძალთა თანაფარდობა თბილისსა და ცხინვალს შორის?


1992 წლის 24 ივლისის დაგომისის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ერთწლიან ქართულ-ოსურ სამხედრო დაპირისპირებას წერტილი დაესვა. მაგრამ თითქმის იმდროიდან თბილისის დაქვემდებარებიდან გამოსული ყოფილი ავტონომიის ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რაიონად იქცა სამხრეთ კავკასიაში. დაგომისის ხელშეკრულებით დადგენილ კონფლიქტის ზონაში ერთბაშად ყოფილი სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, რუსეთისა და საქართველოს სამშვიდობო ბატალიონები განლაგდნენ. მათ რიცხვში, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ყველაზე დაუკომპლექტებელი და ცუდად გაწვრთნილი
გახლდათ ქართული სამშვიდობო ნაწილი ნიქოზში. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 31 მაისს კონფლიქტის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილების შეყვანით საქართველომ სწორედ აუთვისებელი სამშვიდობო კვოტა შეავსო.
[ვანო მერაბიშვილის ხმა]

რაც შეეხება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს, მათ შემადგენლობაში, ძირითადად, მძიმე საბრძოლო ტექნიკა და საარტილერიო სისტემებია. დამოუკიდებელ გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, ცხინვალი მთელი 12 წლის განმავლობაში იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით - ზოგჯერ ლეგალურად, ზოგჯერ არალეგალურად - სწორედ მედიატორი რუსეთის საშუალებით მარაგდებოდა. გაზეთის ცნობით, რუსეთიდან თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში შეტანილია დიდი ოდენობით იარაღი, რომელიც მოსახლეობაში რიგდება ზუსტად ისე, როგორც აჭარის კრიზისის დღეებში. თუმცა, როგორც "გაზეთ კვირის" პალიტრის სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ლადაშვილი აღნიშნავს, ცხინვალის ლიდერი ედუარდ კოკოითი გაცილებით უფრო დიდ შეიარაღებას ფლობს, ვიდრე აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე.

[ირაკლი ლადაშვილის ხმა]

გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია რუსეთის სამშვიდობო ბატალიონისა და ჩრდილო ოსეთის კონტინგენტის ხელთ არსებული საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება. დაგომისის ზემოხსენებული ხელშეკრულების თანახმად, სამშვიდობო ქვედანაყოფებს პირდაპირ ევალებათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება და ახალი სამხედრო დაპირისპირების მცდელობის აღკვეთა. მიუხედავად ამისა, დაგომისის ხელშეკრულებაში არის მცირე საკანონმდებლო ხვრელი, რომლის გამოყენებითაც თბილისს შეუძლია ცხინვალის ზონაში პლაცდარმის გაფართოება შინაგანი ჯარების ხარჯზე - ეს არის ბრძოლა ნარკოტიკების, იარაღისა და კონტრაბანდის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. და თბილისიც სწორედ ამით ცდილობს ინფორმაციული შეტევა განახორციელოს საზოგადოებრივ აზრზე.
XS
SM
MD
LG