Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფუძველი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკას


დავით პაიჭაძე, თბილისი 31 მაისს, გვიან საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმკაცრესად გააკრიტიკა საქართველოს საგზაო პოლიციის თანამშრომლები. იმავე დღეს პარლამენტის თავდაცვისა

და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ უარყოფითად შეაფასა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელსაც, დეპუტატის აზრით, არაფერი გაუკეთებია სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. ბევრმა ეს გამოსვლები შინაგან საქმეთა მინისტრის კრიტიკად და გია ბარამიძეზე მიტანილ პოლიტიკურ იერიშად მიიჩნია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი:

[გია ბარამიძის ხმა] "არავითარ შემთხვევაში! ეს არათუ ჩემ წინააღმდეგ არის მომართული, არამედ, ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ყველა პოლიციელმა უნდა დაინახოს: რა მოთხოვნებსაც მე ვაყენებ, არ არის მხოლოდ ჩემი მოთხოვნები ან ახირება. ამ მოთხოვნებს მე ჩვენი გუნდი და საზოგადოება მიყენებს. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ამას მე მთხოვს პრეზიდენტი, ჩვენი გუნდის აქტიური წევრები და რიგითი მოქალაქეები. გიორგი ბარამიძე შეიძლება წავიდეს ამ პოსტიდან, მაგრამ მოვა ისეთი, ვინც სწორედ ამ ხაზსა და კურსს გააგრძელებს."

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 1 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკულ გამოსვლას საფუძვლად ედო პრეზიდენტისთვის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ იღებენ ქრთამს საგზაო პოლიციელები. პრეზიდენტის რეაქცია კი ამ ინფორმაციაზე ასეთი გახლდათ:

[სააკაშვილის ხმა] "მე მინდა გავაფრთხილო საქართველოს ყველა საგზაო ინსპექტორი: ახლა იწყება საზაფხულო სეზონი, ხალხი იწყებს კურორტებზე გასვლას და ბევრ თქვენგანს ხელები ექავება, როდის გამოჩნდება ხალხი ტრასაზე, რომ ფული გამოსძალოს. მე თქვენ გაძლევთ ვადას 15 ივლისამდე. თუ ამ დრომდე საგზაო ინსპექცია არ მოიშლის ქრთამების აღებას და კორუფციული სიტუაცია მკვეთრად არ გაუმჯობესდება, ჩემი ბრძანებით, უკლებლივ ყველა საგზაო ინსპექტორი დათხოვნილ იქნება სამსახურიდან და ვეღარასოდეს იმუშავებს პოლიციის ორგანოებში."

გიორგი ბარამიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმოადგინა ფრაგმენტები თითქმის სამსაათიანი, ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალიდან, რომელიც აჩვენებს, როგორ იღებენ ქრთამს საგზაო პოლიციელები - სხვათა შორის, არა მხოლოდ ფულით: ერთ მძღოლს ფორთოხლის წვენიც კი გამოართვეს, რაკიღა ფული არ ჰქონდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩამოთვალა იმ პოლიციელთა გვარები, რომლებიც უკვე დაითხოვეს ამ საფუძველზე სამსახურიდან და მათი საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურასაც გადაეცემა. გიორგი ბარამიძე ლაპარაკობს პოლიციის რეფორმაზე, რომელიც საჯარიმო ტარიფების მყარად დადგენასა და შემცირებასაც გულისხმობს:

[ბარამიძის ხმა] "მე ვფიქრობ, მთავრობა ჩვენი ინიციატივით შევა პარლამენტში, რათა არსებობდეს მეტ-ნაკლებად ფიქსირებული გადასახადები. ასევე, ვფიქრობთ, შევამციროთ ისინი, რათა მოქალაქეს ჰქონდეს მეტი სტიმული, გადაიხადოს ოფიციალურად და არ შევიდეს რაღაც კრიმინალურ თუ კორუფციულ გარიგებაში პოლიციასთან."

პოლიციის რეფორმა, ბარამიძის თქმით, რეალურ შედეგს ერთი-ორი წლის შემდეგ აჩვენებს, თუმცა პირველ ყლორტებს უკვე გაისიდან დავინახავთ, როცა საგზაო პოლიცია თბილისში ქალაქის საპატრულო სამსახურს შეუერთდება.
XS
SM
MD
LG