Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშის რთული სიმბოლოებით დატვირთული ვიზიტი ევროპაში


4 ივნისს იწყება შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოგზაურობა ევროპაში.

იგი ჯერ რომსა და პარიზს ესტუმრება, შემდეგ კი ნორმანდიის სანაპიროზე მონაწილეობას მიიღებს 1944 წელს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 60 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაში. ვიზიტი ემთხვევა მნიშვნელოვან პერიოდს ბუშის პოლიტიკურ კარიერაში, როცა ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს პარალელები გაავლოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის წარმატებულ აღდგენასა და ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიზაციის კამპანიას შორის.

1944 წლის 4 ივნისს შეერთებული შტატების გენერალი მარკ კლარკი მოკავშირეთა ჯარებს რომში შეუძღვა და ამით დაასრულა ნაცისტების ოკუპაცია. მანამდე მიღწეული წინასწარი შეთანხმებით გერმანელებმა დატოვეს ქალაქი, რათა იგი დანგრევას გადარჩენილიყო.

ორი დღის შემდეგ საფრანგეთში, ნორმანდიის ნაპირებზე მოკავშირეებმა დაიწყეს ჯარების გადასხმა და მოგვიანებით წარმატებით გადალახეს მდინარე რაინი.

60 წლის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რომში ჩასვლა მოუწევს უფრო განსხვავებულ ატმოსფეროში, რომლის წინასწარ განჭვრეტა ძალზე ძნელია.

დიდია ტერაქტის შიში. ქალაქის გარშემო 10 ათასამდე პოლიციელი და ჯარისკაცი იქნება განლაგებული; სამხედრო თვითმფრინავები გამუდმებით იფრენენ ცაში; მზადყოფნაში იქნება მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები; საგანგებო რეჟიმში იმუშავებს საავადმყოფოები.

იტალიის დედაქალაქში მასობრივ საპროტეტსო დემონსტრაციებს ელიან. შინაგან საქმეთა მინისტრ ჯიუზეპე პიზანუს თქმით, იგი პრობლემებს მოელის.

რამდენიმე დღის წინ სიტყვით გამოსულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაიხსენა 60 წლის წინ დაღუპული ამერიკელები, რომელთაც მსხვერპლი გაიღეს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

[ბუშის ხმა] "მეორე მსოფლიო ომის მემორიალი სამუდამოდ იდგება იმ თაობის პატივსაცემად, რომელიც იბრძოდა ომში, და იმ 400 ათასი ამერიკელის პატივსაცემად, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს. მათ მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით ტირანია დაემხო; ფაშიზმი და ნაციზმი დამარცხდა და თავისუფლებამ გაიმარჯვა."

თავის გამოსვლაში ბუში შეეცადა გარკვეული მემკვიდრეობითობა ეჩვენებინა ამერიკის 60 წლის წინანდელ და ახლანდელ როლებს შორის.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რაც უნდა კეთილგანწყობილი ყოფილიყვნენ ევროპელები ამერიკელების მიმართ მაშინ, ამჟამად ევროპული პერსპექტივით, ერაყის კონფლიქტში შეერთებულმა შტატებმა შეცდომა დაუშვა და ერაყის ოკუპაციის შემდეგ საერთაშორისო ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხე უფრო გაიზარდა.

ლონდონის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსის, მარკ ჯოისის თქმით, ბუში შეეცდება როგორმე გამოასწოროს ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის გაფუჭებული ურთიერთობები.

[ჯოისი ხმა] "ევროპაში ბუშის ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის ცდაა, რომ კვლავ მშობლიურ კერას დაუბრუნოს ევროპელები, პირველ რიგში გერმანია და საფრანგეთი."

რომის შემდეგ ბუში ეწვევა პარიზს და იქ შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს, შემდეგ კი გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერს. ისინი ბუშის ყველაზე ძლიერი ოპონენტები არიან ერაყის ომის საკითხში.

6 ივნისს ბუში ნორმანდიაში საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას შრიოდერთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად. მათ შორის იქნება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.

როგორც მარკ ჯოისი შენიშნავს, ბუშის ევროპული ტურნე ამერიკასა და ევროპელებს შორის ურთიერთობის ერთობ საგულისხმო პერიოდს დაემთხვა. 30 ივნისს ერაყის ახალი დროებითი მთავრობა ხელისუფლებას გადაიბარებს მოკავშირეებისგან. ვაშინგტონი ცდილობს, დაარწმუნოს გაერო და მისი ევროპელი წევრები, მიიღონ რეზოლუცია, რომელიც ერაყის აღდგენის საქმეში უფრო დიდ როლს მიანიჭებდა საერთაშორისო თანამეგობრობას.
XS
SM
MD
LG