Accessibility links

logo-print

ცხინვალთან სარკინიგზო მიმოსვლა ერთ კვირაში უნდა აღდგეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში 13 წლის განმავლობაში შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას იწყებს. გორი-ცხინვალის სარკინიგზო მაგისტრალის ფუნქციონირებას

პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური დატვირთვაც მიეცემა. რა მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს ხელისუფლების ახალმა ინიციატივამ?


"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს ახლად დანიშნული თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი თბილისსა და ცხინვალს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ერთ კვირაში გვპირდება. ამ მიზნით აღდგენითი სამუშაოების დაწყების ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს რკინიგზის შეფი და პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზს ეწვივნენ.

მანამდე ეს საკითხი ოთხმხრივი კომისიის სხდომაზე შეთანხმდა. ონოფრიშვილის ინფორმაციით, გორი-ცხინვალის მიმართულებით სარკინიგზო ხაზი სოფელ ნიქოზამდე ხელუხლებელია. აღდგენა დასჭირდება დაახლოებით მხოლოდ 5 კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის სამუშაოებსაც ევროკავშირი დააფინანსებს. ლიანდაგის აღდგენას ერთი დღეც არ დასჭირდა, ხოლო პირველი საკონტროლო მატარებლის გაშვება ერთ კვირაშია ნავარუდევი. საინტერესოა, რომ ამ მატარებლის მემანქანედ შეიძლება თავად ქვეყნის "პირველი რკინიგზელი" დავით ონოფრიშვილი მოგვევლინოს.

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ყველა რკინიგზელს აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდა, რისთვისაც ისინი გასამრჯელოსაც მიიღებენ.

[დავით ონოფრიშვილის ხმა] "იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ადრე რკინიგზაში, შემოუერთდნენ ამ აღდგენით სამუშაოებს. ისინი მიიღებენ ანაზღაურებას და, გარდა ამისა, ჩვენ კადრების საკითხის გადაწყვეტაც გვინდა. მათ ჩვენ მუდმივად ავიყვანთ რკინიგზის საშტატო განაკვეთში და მათ დაენიშნებათ ხელფასი. ანუ სრულად უნდა აღდგეს სარკინიგზო კავშირი."(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ცხინვალში რკინიგზის შესაკეთებლად ევროკავშირმა გასულ წელს 400 ათასი ევრო გამოყო, თუმცა მაშინ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა და ამ თანხით რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალები შეიძინეს.

ცხინვალის რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივით ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. სააკაშვილი, რკინიგზის აღდგენის გარდა, გეგმავს ცხინვალშივე გახსნას ცხინვალის რეგიონის პენსიონერებისთვის საპენსიო პუნქტები, სადაც ისინი კუთვნილ პენსიას მიიღებენ.
ცხინვალის რეგიონის ფერმერებისთვის ასევე გათვალისწინებულია უსასყიდლოდ სასუქის დარიგება.

ცხინვალის ინტეგრაციას ქართულ ეკონომიკასთან, უდავოდ, პოლიტიკური დატვირთვა აქვს და "ცხინვალის ლოკომოტივი" ხელისუფლებისთვის შეიძლება ერთგვარი ექსპერიმენტიც აღმოჩნდეს, თუნდაც აფხაზეთში შემდგომი მოქმედებების თვალსაზრისით. რაც შეეხება ამ პოლიტიკური ნაბიჯის ეკონომიკურ სარგებელს, სამგზავრო მიმოსვლის აღდგენით კოლოსალურ თანხებს ნამდვილად არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმავე ცხინვალის რეგიონიდან შემოსული კონტრაბანდის გასაკონტროლებლად რკინიგზა გაცილებით ეფექტური საშუალება იქნება.
XS
SM
MD
LG