Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტროს "ახალი" მმართველობის 100 დღე


საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე აქტიური სამოქალაქო კონტროლის ერთ-ერთ ფორმად ასოციაციამ "სამართალი და თავისუფლება" ასდღიანი მონიტორინგის ფორმა შეარჩია.

თავდაცვის სამინისტროს ახალი მმართველობის ერთ-ერთ პირველ ეტაპად ასოციაციამ 17 თებერვლიდან 26 მაისამდე პერიოდი მონიშნა. ამ ეტაპის დასრულებიდან გასული რამდენიმე დღის შემდეგ, 3 ივნისს, მონიტორინგის შედეგებზე საჯარო ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაცია არცთუ სახარბიელოა: თავდაცვის სამინისტროზე დაკვირვების 100-მა დღემ აჩვენა, რომ ქართული ჯარის მშენებლობა კონცეპტუალური რეფორმების გეგმის გარეშე, სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს.

ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა ისეთი პრობლემატური საკითხები მოიცვა, როგორიცაა: თავდაცვის სამინისტროს სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმიანობა, საკადრო და სახელფასო პოლიტიკა, პრობლემები სახელმწიფო შესყიდვებში და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მმართველობისა და გენერალური შტაბის ფუნქციების გამიჯვნა. თითოეული ამ მიმართულებით, ასოციაციის დასკვნით, არსებობს როგორც შედარებით ზედაპირული, ისე ფუნდამენტური ხასიათის შეფერხებები და შეუსაბამობები. ავიღოთ, მაგალითად, უფლებამოსილებების გადანაწილება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მმართველობასა და გენშტაბს შორის. "ახალი" მმართველობის დაწყებიდან დღემდე მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ რეფორმის ეს ნაწილი უკვე შესრულებულია. თუმცა რეალური სურათი საწინააღმდეგოს ადასტურებს. 5 აპრილს, პრეზიდენტის ბრძანებულებით, დამტკიცდა, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც სამოქალაქო პირია, სამხედრო ძალებს განუსაზღვრავს როგორც მომზადების დონეს, ისე სამხედრო მზადყოფნას, სამშვიდობო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაზე გადაყვანას და ასე შემდეგ. ამით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლისა და თავისუფლების" წარმომადგენლის შალვა თადუმაძის აზრით, სამოქალაქო მმართველობასა და გენშტაბს შორის უფლებები კი არ გაიმიჯნა, გენშტაბის ფუნქცია დაკნინდა.

[შალვა თადუმაძის ხმა]"დღეს თუ კანონმდებლობით გვინდა მუშაობა და კანონმდებლობის დაცვით იწყება მუშაობა, მაშინ მე ვთვლი, რომ სახელმწიფო არის დაუცველი, იმიტომ რომ გელა ბეჟუაშვილი - და ნებისმიერი პირი, რომელიც იქნება სამოქალაქო - ჯარებს ვერ განუსაზღვრავს მომზადების დონეს. და ეს დებულება მოამზადა ხუთმა კაცმა, წაიკითხა ოცმა კაცმა მარტო თავდაცვის სამინისტროში, მერე ოცდახუთმა კაცმა - უშიშროების საბჭოში, მერე პრეზიდენტსაც, წესით, უნდა წაეკითხა, მაგრამ პრეზიდენტმა ამას ხელი მოაწერა. " (სტილი დაცულია)

მეორე მხრივ, თუ თავდაცვის სამინისტროს ახალი მმართველობის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საქმიანობას გავადევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ ჯარში ვითარება უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში, რევოლუციურ რეჟიმში, ნამდვილად არ შეცვლილა: არარეგისტრირებული, თვითნებური საკანონმდებლო აქტები, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა და ცალკეული თანამდებობის პირთა მითითებების შესაბამისად მოქმედება, საბჭოთა დროის სადისციპლინო წესდება და ასე შემდეგ. ჩამონათვალის გაგრძელება, მონიტორინგის მასალების მიხედვით, მიგვიყვანს ასევე არასწორ საკადრო პოლიტიკასთან, კორუფციული მაღალჩინოსნების თანამდებობაზე დატოვების ფაქტებთან, გრანტებისა და ხელფასების ნათესავ-მეგობრობის პრინციპით დარიგებასთან, სახელმწიფო შესყიდვების კანონდარღვევებით წარმოებასთან და ასე შემდეგ. მოკლედ, ჯარში, არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, წინა რეჟიმის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა:
[ირაკლი სესიაშვილის ხმა]"პირველი ჩვენი 100 დღე მონიტორინგის იქნება, ასე ვთქვათ, შენიშვნები და დაველოდებით მომავალ 100 დღეს. ანუ ჩვენი კრიტიკა მიიღონ, როგორც კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი ჩვენის მხრიდან და დახმარება. ასე ვთქვათ, ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა პრობლემები აქვთ, რა დარღვევები აქვთ და კეთილი ინებონ და გამოასწორონ."(სტილი დაცულია)

ეს გახლდათ ასოციაცია "სამართლისა და თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის მეორე ასდღიან ციკლს გახსნილად აცხადებს.
XS
SM
MD
LG