Accessibility links

ერაყში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა


ინფორმაციას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 3 ივნისს გაავრცელა, ერთდროულად საგანგაშოც შეიძლება ვუწოდოთ და დამამშვიდებელიც. საგანგაშო და სამწუხაროა ის,

რომ დაჭრილია ერაყში დისლოცირებული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული მეთექვსმეტე სამთო ბატალიონის მესამე ასეულის სამი მებრძოლი. თუმცა ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, გარკვეულწილად, დამშვიდების საფუძველსაც იძლევა.

ანტიტერორისტულ კოალიციაში გაწევრიანებისა და ქართული სამხედრო შენაერთის საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნის შემდეგ, ერაყში მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო გამოშვებათა მშრალ ქრონიკად საქართველოში ცოტა ვინმე თუ აღიქვამს. 159 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით იქნა მომზადეული, მშვიდობას ერაყის მიწაზე კოალიციური ჯარების შემადგენლობაში იცავს. იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი დიქტატორის მომხრეებს პარტიზანული ომის ტაქტიკა აქვთ არჩეული, სასიკვდილო ხიფათისაგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის, არც ქართველი სამხედროები. ამის დასტურად თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შემდეგი ცნობაც გამოდგება:

[თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის ხმა] "კოალიციური ძალების ბაზის - "warhorse"-ის წინააღმდეგ განხორციელდა ნაღმტყორცნის რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ნამსხვრევით მსუბუქად დაიჭრა სამი ქართველი ჯარისკაცი. ესენი არიან: უმცროსი სერჟანტი ოთარ ბებიაშვილი, უმცროსი სერჟანტი ზურაბ ჩაჩანიძე და კაპრალი გოჩა ზურაბიანი. არც ერთი ჭრილობა არ აღმოჩნდა გამჭოლი და არ მიუყენებია მათთვის სერიოზული ზიანი."

სამხედრო ბაზა "ვორ ჰორზი" - იგივე "საბრძოლო ცხენი" - ბაღდადიდან ერთი საათის სავალზე, ქალაქ ბაქუბაშია განთავსებული და ქართველი სამხედროები იქ ამერიკის შეერთებული შტატების ქვეითთა პირველი დივიზიის შემადგენლობაში არიან დისლოცირებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, ღამღამობით "საბრძოლო ცხენი" სისტემატიურად იცხრილება, რის გამოც კოალიციის წევრი ჯარისკაცები ბაზის ტერიტორიაზეც კი ჯავშანჟილეტებით გადაადგილდებიან.
თუმცა, ამის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სახალხო დაცვის ლიგის" ხელმძღვანელი ირინა სარიშვილ-ჭანტურია ფიქრობს, რომ ქართველ სამხედროებს ამჯერად გაუმართლათ.
ცნობისათვის: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, თვეზე მეტია, ერაყიდან ქართული სამხედრო შენაერთის გამოყვანის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებს.

[ირინა სარიშვილის ხმა] "დაჭრის ფაქტმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოაფხიზლოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისევე როგორც ეს მოხდა ევროპის არაერთ ქვეყანაში და ისევე როგორც ეს ხდება შეერთებულ შტატებშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იმდენად უკმაყოფილოა ამ ომით, რომ სერიოზულ პრობლემას უქმნის მოქმედ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების წინ."

ქართული დანაყოფის ერაყში მივლინების ფაქტს სულ სხვა კუთხიდან უყურებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომლის თქმითაც:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ჩვენ თუ ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება, ძალაუნებურად ვალდებულნი ვართ ჩვენს ძლიერ მოკავშირეს იქითაც დავეხმაროთ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, ერთი ბატალიონით ან ასეულით მეტი იქნება თუ ნაკლები, მაგრამ ამას მათთვის აქვს დიდი მორალური მნიშვნელობა, რაზეც ამას წინათ თვით პრეზიდენტმა ბუშმაც ისაუბრა, რომ ჩვენი მოკავშირეებიც აგზავნიან ჯარსო. ამას უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს."(სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, პოლიტიკურ ფაქტორს საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის მიუხედავად, ერაყში მივლინებულ ქართველ ჯარისკაცთა რიცხოვნების გაზრდას წინ ვერაფერი დაუდგება. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ქართული კონტინგენტი 156 კაცით გაიზრდება.
XS
SM
MD
LG