Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა ჯორჯ ტენეტი?


ხუთშაბათს საღამოს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ცნობამ, რომელიც ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან გავრცელდა: ეს იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადება ამერიკის სადაზვერვო უწყების მეთაურის გადადგომაზე.

ეს უწყება - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - 1947 წელს შეიქმნა და მას შემდეგ სადაზვერვო საქმიანობით: შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმციის მოპოვებით, შესწავლით და შეფასებით არის დაკავებული. რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს უწყება (მისი ინგლისური აბრევიატურაა CIA) სხვა თუ არაფერი, ჰოლივუდის ფილმებიდან ვიცით. ამდენად, ბუნებრივია მითქმა-მოთქმა, რომელიც ასეთი უწყების შეფის უეცარ გადადგომას მოჰყვა - მაინც რატომ გადადგა ჯორჯ ტენეტი? ვიდრე ამ საკითხზე გამოთქმულ ვარაუდებს გაგაცნობდეთ, თვით ჯორჯ ტენეტის განმარტებას მოვუსმინოთ. [ტენეტის ხმა] "ეს არის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია. ვაშინგტონი და მასმედია მას ბევრ სხვადასხვა ინტერპრეტაციას მისცემენ, მაგრამ ეს იყო პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც ერთადერთი მიზეზი აქვს: ჩემი დიდებული ოჯახის ბედნიერებაზე ზრუნვა".

ჯორჯ ტენეტი არ შემცდარა - უკვე ბევრი გამოთქვამს ეჭვს, რომ მისი უეცარი გადადგომის მიზეზი ოჯახი არ ყოფილა... უფრო დამაჯერებელ განმარტებას ისინი ორ საკითხს უკავშირებენ: დაზვერვის შეცდომებს 2001 წლის 11 სექტემბრის კონტექსტში და დაზვერვის შეცდომებს სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებით. ტენეტი აღიარებდა ხარვეზებს თავისი უწყების მუშაობაში, მაგრამ უწყებას ყოველთვის თავგამოდებით იცავდა. მიზეზად იმისა, რომ თავიდან ვერ იქნა აცილებული 11 სექტემბრის ტერაქტები, ტენეტი ასახელებდა უხეირო კოორდინაციას მის სამმართველოსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) შორის. რაც შეეხება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს, რომლის არსებობაზეც ტენეტი თავის ომამდელ განცხადებებში ეჭვს არ ტოვებდა და რომელიც, მოგეხსენებათ, დღემდე არ უპოვიათ - ტენეტი ირწმუნებოდა, რომ მის უწყებას თეთრი სახლი შეცდომაში არასოდეს შეუყვანია. ყოველივე ამას ბოლოხანს დაემატა ტენეტის უწყების მისამართით კრიტიკა ერაყელი ემიგრანტების ლიდერის, აჰმად ჩალაბის გამო: ჩალაბის, შესაძლოა, ირანისათვის ჰქონდეს გადაცემული ვაშინგტონისათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და თუ ეს დადასტურდა, საქმე შეეხება სერიოზულ დარტყმას ამერიკის უშიშროების წინააღმდეგ.

მაგრამ დავუბრუნდეთ ერაყში აკრძალული იარაღის ყოფნა-არყოფნას - საკითხს, რომელმაც, ზოგი ექსპერტის შეფასებით, ყველაზე მეტად ავნო ჯორჯ ტენეტის კარიერას. გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკი კენეთ ალარდი, რომელიც დაზვერვაში მუშაობდა, ფიქრობს, რომ ტენეტის უწყებას მართლაც არ შეუყვანია შეცდომაში ვაშინგტონის ადმინისტრაცია: თვით ადმინისტრაცია თავისთვის სასურველ ინტერპრეტაციას უკეთებდა დაზვერვის ინფორმაციას: [ალარდის ხმა] "ისინი, ვიზეც იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თავიანთთვის სასურველ ინტერპრეტაციას აკეთებდენენ. ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში დაზვერვის ინფორმაცია უხეირო იყო, საერთოდ არ იყო, წინააღმდეგობრივი იყო - მაგრამ ისინი ხედავდნენ, რისი დანახვაც სურდათ".

აქამდე, განაგრძობს ალარდი, ბუშის ადმინისტრაციაში არავის გადაუხდია საფასური 11 სექტემბრის, ან ერაყში დაზვერვის შეცდომების გამო, არავინ გადამდგარა და, შესაძლოა, ჯორჯ ტენეტი გახდა ფიგურა, რომელიც გაწირეს. ამავე აზრს ხშირად გამოთქვამენ პრესაში, რომელიც უკვე ფართოდ გამოეხმაურა ტენეტის გადადგომას.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ტენეტი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად 7 წელი მუშაობისას საქართველოსაც ესტუმრა. ეს 2 წლის წინ მოხდა - მართალია, სულ ნახევარი დღით, მაგრამ მან რამდენიმე საათშიც მოასწრო თავი დაემახსოვრებინა მასპინძლებისათვის: თბილისში ახსოვთ, მაგალითად, რომ ტენეტი 6 შვილის, უმეტესწილად ვაჟიშვილების მამაა და რომ თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტის დროს მან ივარჯიშა კიდეც - სასტუმროდან დილაუთენია გავიდა და მეტეხის ხიდიდან სამასი არაგველის მოედნამდე ირბინა...
XS
SM
MD
LG