Accessibility links

მეათე სტუდია


542-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 542-ე გამოშვებას. სამხრეთი ოსეთის კონფლიქტი და რესტიტუციის პრობლემა - ასეთია ჩვენი დღევანდელი გამოშვების პირველი თემა; გარდა ამისა გაგაცნობთ საქართველოს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს; შევეცდებით, გავარკვიოთ, როგორი მუსიკა უყვართ თბილისელებს; ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარია ამერიკაში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი, ალექსანდრე გედევანიშვილი; გადაცემას დავასრულებთ ტრადიციული რუბრიკით "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

სამხრეთი ოსეთის კონფლიქტი და რესტიტუციის პრობლემა

ბიძინა რამიშვილი:
მიმდინარე კვირაში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში და მის უშუალო სიახლოვეს განვითარებულმა მოვლენებმა. საქართველოს მთავრობამ, ჩანს, გადაწყვიტა, მკვეთრად შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა დამოუკიდებელ რესპუბლიკად თვითაღიარებული რეგიონის მიმართ - პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, ოსეთში აღადგენენ რკინიგზას, იქაურ მოქალაქეებს მიაწვდიან სასუქს და გადაუხდიან პენსიას. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაუჭრელად კონფლიქტის ამოწურვა და სრული მოგვარება, ალბათ, შეუძლებელია. ეს გახლავთ დაზარალებულ მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენა, ანუ რესტიტუცია. რესტიტუციის იდეითა და კანონპროექტით ამ 4 წლის წინათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოვიდა, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ პროექტი ჯერ შეცვალა, შემდეგ კი წაუყრუა. დღეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ბურდული, შეეცდება მსმენელს განუმარტოს, რას გულისხმობს რესტიტუცია. ზურაბ ბურდულს თბილისის სტუდიაში დავით პაიჭაძემ უმასპინძლა.

[ზურაბ ბურდულის ხმა] "რესტიტუცია, თავისთავად, საკუთარ უფლებებში აღდგენას ნიშნავს. ამ იდეისა და ინიციატივის არსი ასეთი გახლდათ: იმ ადამიანებს (იქნებიან ისინი ქართული თუ ოსური მხარის წარმომადგენლები), ვინც კონფლიქტის შედეგად დაკარგა ქონება, პირველ რიგში, საცხოვრებელი სახლი, ან განადგურდა, ან სხვა ადამიანია მასში ამჟამად შესული, სახელმწიფო სთავაზობს მექანიზმს, რომლითაც უნდა მოხდეს ამ ქონების დაბრუნება, აღდგენა, თუ შესაძლებელია, საკუთარ უფლებებში აღდგენა - ლაპარაკია ბინადრობის უფლებებზე."

დავით პაიჭაძე:
რაკიღა კონფლიქტი მასშტაბური იყო და მასში ათასობით ადამიანი დაზარალდა, ამბობს ზურაბ ბურდული, რესტიტუციის განხორციელება სასამართლოს გვერდის ავლითა და ადმინისტრაციული წესით უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდათ. სასამართლო დავები დიდ დროს წაიღებდა, ადმინისტრაციული გზით მოგვარება კი ამას გულისხმობდა:

[ბურდულის ხმა] "ლაპარაკი იყო სპეციალური სამმხრივი კომისიის შექმნაზე: მასში შევიდოდნენ ქართული და ოსური მხარეების, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები. ეს იყო 9 წევრიანი კომისია, რომელიც მიიღებდა ინდივიდუალურ და კოლექტიურ განაცხადებს და შეეცდებოდა, მოკლე, მაქსიმუმ, ერთი თვის ვადაში გადაეწყვიტა საკითხი, ვინ იყო კონკრეტული ბინის პირველადი მაცხოვრებელი".

ახალგაზრდა იურისტთა მიდგომაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბინადრობის უფლების აღდგენას სთავაზობენ ქართულ-ოსური კონფლიქტში დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, ეროვნების განურჩევლად: სამხრეთი ოსეთიდან იძულებით აყრილ ქართველებსა და თბილისიდან, ბაკურიანიდან თუ ლაგოდეხიდან გაძევებულ ოსებს. ცხადია, რესტიტუცია არ ეხება იმას, ვინც საკუთარი საცხოვრებელი გაყიდა და კონფლიქტის დროს თავს ასე უშველა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკითხის გადაწყვეტა მიენდობა არა პარიტეტულად დაკომპლექტებულ კომისიას. საქართველოს ადრინდელმა ხელისუფლებამ ახალგაზრდა იურისტების კანონპროექტი შეცვალა და სპეციალური კომისიის ნაცვლად ხსენებული ფუნქციები ქართულ უწყებათაშორის კომისიას დააკისრა. ეს პროექტს, ზურაბ ბურდულის აზრით, არარეალისტურ ტექსტად აქცევდა და თვითონ კონფლიქტის ზონაში დაზარალებულ მოქალაქეებს გაურკვეველი ვადით გადაუწევდა ბინადრობისა და საკუთრების უფლებათა აღდგენას.

ზურაბ ბურდულმა ჩვენს საუბარში ახსენა პირველადი მაცხოვრებლის ცნება. პირველადი მაცხოვრებელი, რომელმაც დაკარგა სახლი ან ბინა, გარანტიების მხრივ, პირველ ადგილზე უნდა იყოს. მეორადია მაცხოვრებელი, რომელიც იძულებით მიტოვებულ ან დანგრეულ და შემდეგ აღდგენილ ბინაში შესახლდა. აღმოცნდა, რომ უფლებები მეორად მაცხოვრებელსაც აქვს:

[ბურდულის ხმა] "მეორადი მაცხოვრებლის უფლებაც უნდა იყოს დაცული, გარდა შემთხვევისა, თუ ის, უბრალოდ, არ შეჭრილა ცარიელ სახლში ან აქვს სხვა საცხოვრებელი. თუ ის იძულებით მიტოვებულ ბინაში შევიდა იმის გამო, რომ საკუთარი სახლი კონფლიქტის მიზეზით დაკარგა, დაცული უნდა იყოს მისი უფლებაც და სახელმწიფომ სხვა საცხოვრებელი ადგილი უნდა შესთავაზოს".

დღეს რესტიტუციის საკითხი გაყინულია. საქართველოს პრეზიდენტმა სამშაბათს სარამოს ავადმყოფი ადამიანების ნამოქმედარი უწოდა კონფლიქტის დროს ბაკურიანიდან ოსების იძულებით გასახლებას. ამ განცხადებას მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი ნაბიჯები ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის მიმართულებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ბურდული მიიჩნევს, რომ დროა, რესტიტუციის საკითხიც წამოიჭრას:

[ბურდულის ხმა] "ვფიქრობთ, ხელისუფლების ნაბიჯებს ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ამ ინიციატივის გამოცოცხლებაც. ბატონი ხაინდრავას უწყება, იუსტიციის სამინისტრო, ვფიქრობ, უნდა ჩაერთოს ამ საკითხის განხილვაში. ჩვენ შევეცდებით, ის ორიგინალური, თავდაპირველი ვერსია მივაწოდოთ მათ და საკითხი ერთად წავწიოთ წინ".
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


საქართველოს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული მოსაზრებები

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აფასებენ ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას. ექსპერტთა ნაწილისთვის, ორმაგი მოქალაქეობა, დღევანდელ ეტაპზე მაინც, ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია.მათ შორისაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი ავთო კახნიაშვილი, რომელსაც ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
იურისტის განმარტებით, ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს შემუშავებული ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტის მიმართ. მაგალითად, ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია გერმანიაში, იაპონიაში, რუსეთში, მაგრამ, როგორც ავთო კახნიაშვილი აღნიშნავს, გასათვალსიწინებულია, ამ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა და მიგრაციისადმი მათი დამოკიდებულება.
რიგ შემთხვევებში, შედარებით მცირერიცხოვან სახელმწიფოებშიც ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია. მაგალითად, რუმინეთში, მაგრამ ერთი არსებითი გამონაკლისით: უცხოელ მოქალაქეს არა აქვს უფლება დაიკავოს მაღალი თანამდებობა სახელმწიფო სტრუქტურებში.

[კახნიაშვილის ხმა] "დაუშვა გამონაკლისი ლიტვამ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ იქ დამკვიდრებულია ევროპული აზროვნების ტიპი, წესრიგისადმი დამოკიდებულება ამ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკონტროლებს პარლამენტი, სადაც თვითნებობის საშუალება ნაკლებია. მაგრამ რამდენად მისაღებია ორმაგი მოქალაქეობა საქართველოსთვის, - ეს ცალკე მსჯელობის საგანია: დღევანდელ ვითარებაში, როცა ჩვენთან არც სამართლისადმი პატივისცემაა, არც კანონის უზენასობას იცავენ, ორმაგი მოქალაქეობის დაშვება აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია".

რით არის განპირობებული ამგავრი დამოკიდებულება?
ჩემთან საუბარში ავთო კახნიაშვილი რამდენიმე მომენტს გამოყოფს. მისი თქმით, ჯერ-ერთი, გასათვალისწინებელია საქართველოს დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: ორმაგი მოქალაქეობის დაშვება საქართველოს ბევრ მოქალაქეს მისცემს სტიმულს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლისთვის, - ამბობს იგი.
იურისტი აგრეთვე არ გამორიცხავს საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების მომენტს:

[კახნიაშვილის ხმა] "თუ ჩვენ უფლებას მივცემთ საზღვარგარეთელ მოქალაქეს, რომ იმავდროულად საქართველოს მოქალაქეც იყოს და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის ნებასაც დავრთავთ, გამორიცხული არ არის, რომ მმართველმა ძალამ დღევანდელ ვითარებაში ეს გამოიყენოს გაყალბებისთვის და ფიქტიური ხმების მოგროვებისთვის".

ჩემი თანამოსაბრის აზრით, არც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზემოქმედების მომენტი უნდა გამოვრიცხოთ:

[კახნიაშვილის ხმა] "მე ეჭვი არ მეპარება: შეიძლება მილიონობით თურქეთის მოქალაქემ გამოთქვას ორმაგი მოქალაქეობის სურვილი და თუ მათ მიეცათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა, ეს გაუმართლებლად მიმაჩნია ამ ვითარებაში და მირჩევნია, რომ საქართველოს ბედი გადაწყვიტონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც მყარად არიან დაკავშირებულნი ამ სახელმწიფოსთან".

გარდა ამისა, ავთო კახნიაშვილის თქმით, წარმოიშვება პრობლემები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით და მეტიც,

[კახნიაშვილის ხმა] "აღმოჩნდება, რომ ქვეყნის თავდაცვიუნარიანობას საფუძველი შეერყევა და საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა აღმოჩნდება სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამსახურში. და კიდევ ერთს მინდა ხაზი გავუსვა: თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ცხოვრობს არანაკლებ 500 000 აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე და სომხური ეროვნების არანაკლებ 300 000 მოქალაქე, ორმაგი მოქალაქეობის დაშვების შედეგად,- და მე ვვარაუდობ, რომ მათი უმრავლესობა მიიღებს თავისი მკვიდრი ერის მოქალაქეობას, -წარმოიდგინეთ ვითარება, როცა,თუნდაც, პროვოცირებულ კონფლიქტს შეიძლება მოყვეს ამ სახელმწიფოების მხრიდან უკვე თავიანთი მოქალაქეების უფლებების დაცვა".

ავთო კახნიაშვილი იმეორებს, რომ დღევანდელ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის დაშვება საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამასთან, მისი აზრით, არანაირი გამონაკლისი არ უნდა კეთდებოდეს, მათ შორის, არც იმათთვის, ვინც მეცნიერებისა თუ ხელოვნების დარგებში მოღვაწეობს და საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩემს თანამოსაუბრეს შევეკამათე:

-მაგრამ აქ, ალბათ, გასათვალისწინებელია გარკვეული ადამიანური მომენტები, მაგალითად, ხელფასთან და შეღავათებთან დაკავშირებით.

[კახნიაშვილის ხმა] "შესაძლებელია ამის გათვალისწინება სამართლებრივი ფორმით: კონტრაქტი - ეს კერძო სამართლის ურთიერთობებია და, ბუნებრივია, მასზე არ ვრცელდება სახელმწიფოს გარანტიები. მაგრამ უცხოეთში არის კერძო საპენსიო ფონდები და ნებისმიერს შეუძლია იქ ფულის შეტანა, საქართველოს მოქალაქეს ამას არავინ უკრძალავს.
უცხოეთში ძლიერია სოციალური დაცვის გარანტიები და თუ ამის გამო ადამიანი საჭიროდ ჩათვლის, რომ დათმოს საქართველოს მოქალაქეობა, ეს მისი ნებაა".

-ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის გამოასწორებს საქართველოს დემოგრაფუილ მდგომარეობას. თქვენ როგორ ფიქრობთ?

[კახნიაშვილის ხმა] "მე ასე არ ვთვლი. დემოფრაფიული ვითარებას გამოსწორებს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აქცენტის გაკეთება, გონივრული საგადასახადო სისტემა, ბიუჯეტის ფორმირება.
ორმაგი მოქალაქეობის დაშვება კიდევ ერთი საფეხურია იმისკენ, რომ ადამიანმა თავისი თავი ვერ მიაკუთვნოს კონკრეტულ ტერიტორიას, კონკრეტულ ერს, კონკრეტულ სარწმუნოებას და კონკრეტულ დამწერლობას. ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ დემოგრაფიული ვითარება გამოსწორდეს, ოღონდ იმ ქართველებში, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები და ხვალ-ზეგ მათი ინტერესები უკვე იმ სხვა ქვეყნას მიხმარდება. ეს კი ინტელექტუალური პოტენციალისა და გენოფონდისა საქართველოდან უფრო აქტიურ გადინებას მოასწავებს ასეთია ჩემი პოზიცია".

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


როგორი მუსიკა უყვართ თბილისელებს?

ბიძინა რამიშვილი:
მუსიკა ჩვენი ცხოვრების ასე ვთქვათ, განუყოფელ ნაწილად იქცა. მათაც კი, ვინც მუსიკის სიყვარულით არ გამოირჩევა, იძულებით უწევს მუსიკის ჰანგების მოსმენა თბილისის ქუჩებში მუსიკალური მაღაზიების წინ დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებისა თუ კაფეებსა და რესტორნებში ჩართული მაგნიტაფონების წყალობით. მაინც, როგორი მუსიკა უყვართ თბილისელებს - ამის დასადგენად თამარ ჩიქოვანი ერთერთ მუსიკალურ მაღაზიას ესტუმრა

თამარ ჩიქოვანი:
გარი 40 წელს გადაცილებული თბილისელია. რამდენიმე წლის წინ ერთერთ რადიოსადგურში მუშაობდა. დღეს რუსთაველზე განთავსებულ ერთერთ მაღაზიაში მუსკალური სექცია აქვს გახსნილი და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მუსიკის მოძებნაში" ეხმარება ადამიანებს. შესაბამისად, მას თავისი წარმოდგენები აქვს, როგორი მუსიკა უყვართ მათ, ვინც საკმაოდ ხშირად სტუმრობს მის სამფლობელოს.

გარის დაკვირვებით, ადამიანების მუსკალურ გემოვნებას, პირველ რიგში, ასაკი განსაზღვრავს:

[ გარის ხმა] „ უფრო ასაკოვანი მყიდველი ირჩევს უფრო ტრადიციულ მუსკას - ვგულისხმობ ნებისმიერი სახის კლასიკას. ეს არა მხოლოდ ბახს და მოცარტს ეხება, არამედ ასევე ჯაზის და როკ-მუსიკის კლასიკას."

რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, გარის აზრით, ახალგაზრდები უფრო მაძიებელი ხალხია და ხშირად, მასთან „თავისი მუსიკის" მოსაძებმად დადიან:

[ გარის ხმა] „ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეძებს მუსიკას. ვინც ეძებს - ყოველთვის პოულობს. ასევეა ჩვენთან. ჩემი დახმარებით ბევრ რამეს პოულობენ და ბევრი რამ უკვე ნაპოვნი აქვთ."

გარი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც „აბეზარა" კლიენტები ნერვებს არ უშლის - პირიქით, ასეთ კატეგორიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება უყალიბდება:

[ გარსი ხმა] „სხვათაშორის, რამოდენიმე იაპონელი დილიდანვე მოდიოდა და საღამოს ჩვენ ერთად ვკეტავდით მაღაზიას. მთელი დღე ადამიანი იჯდა და ეძებდა თავის მუსიკას. აქ არ არის ძალიან დიდი არჩევანი, მაგრამ ისეთი რაღაცეები აღმოაჩინა ადამიანმა, აზრზე რომ არ იყო. მთელი დღე ჩემთან რჩებოდა. მთელი დღე აქ იყო - ჩემი კოლეგები დამცინოდნენ, აი, ისევ მოვიდაო. ყავას ვადუღებდით...

მაინც, ყველაზე ხშირად რომელი მუსიკოსის კომპაქტ-დისკებს კითხულობენ. გარის თქმით, დაახლეობით ორი წლის წინ ახალგაზრდა თაობაში მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდა კეიტ ჯარეტი - ყველა ჯარეტის დისკს კითხულობდა. ახლა ასეთივე მოთხოვნილებაა მაილს დევისზე:

[ გარის ხმა] „ზოგიერთი ირჩევს იმ პერიოდს, როცა მაილსი წმინდა ბობს უკრავდა. ზოგიერთს ურჩევნია ბოლო ნაწარმოებები, რაც ძალიან განსხვავებულია ჟღერადობით. საერთოა მაილს დევისის გენიალურობა დასაწყისშიც და ბოლო პერიოდშიც."

არსებობენ განსაკუთრებული სტატუსის კლიენტები - მელომანები, რომელთა კოლექციები მხოლოდ კეთილ შურს თუ გამოიწვევს რიგით მუსკისმოყვარულებში. გარის თქმით, ამ კატეგორიის ადამიანებმა ზუსტად იციან, რა უნდათ:

[ გარის ხმა] „ რამოდენიმე ისეთი ადამიანი ვიცი, ვიცი კოლექციაც შეიძლება გამოიფინოს. უამრავი ფირფიტები აქვთ."

თავად მუსიკას სამსახურის გარდა, სახლშიც უსმენს. რა თქმა უნდა, განწყობის შესაბამისად. ერთადერთი, რასაც არ უსმენს და, იმედი აქვს, რომ არ მოუსმენს, ე.წ. მტვ-ის მუსიკაა.
[ გარის ხმა] „ ყოველ რე მხვდება უამრავი ადამიანი თავისი გემოვნებით. ზოგიერთმა, უბრალოდ, არ იცის, რა უნდა. ალბათ, მაგაშია ჩემი დანიშნულება, რომ ყოველთვის ადამიანი მიდის კმაყოფილი იმით, რაც შეიძინა, რაც მოისმინა და, ალბათ, მომავალში შეიძენს."

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი

ინტერვიუ ალექსანდრე გედევანიშვილთან
ბიძინა რამიშვილი:
უკანასკნელ ხანებში განსაკურებით პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალების სამშობლოში დაბრუნების თემა. პოპულარულ ენას თუ მოვიშველიებთ, ქართველი "ლეგიონერები", ბევრის აზრით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის საქმეში. ერთ-ერთი უპირველესი სფერო, რომელიც გარდაქმნას ითხოვს, არის მედიცინა. მეათე სტუდიის წინა გამოშვებაში საუბარი გვქონდა ბერლინში მოღვაწე გამოჩენილ ქართველ კარდიოლოგ ლადო ალექსი-მესხიშვილზე და მის ძალისხმევაზე, წვლილი შეიტანოს საქართველოს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში. მოხდა ისე, რომ მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმარიც მედიკოსია, ისიც კარდიოლოგი, და ისიც უცხოეთში, შეერთებულ შტატებში მუშაობს წლების მანძილზე. უცხოეთში მცხოვრები და მოღვაწე მისი არაერთი ქართველი კოლეგის მსგავსად, ალექსანდრე გედევანიშვილის ფიქრებიც საქართველოს სამედიცინო სისტემის რეალურ გაუმჯობესებას უკავშირდება. მას ჩვენი გადაცემის წინ დავუკავშირდი ტელეფონით ტეხასის ქალაქ გალვისტონში.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ ქართველ კარდიოლოგთან, პროფესორ ალექსანდრე გედევანიშვილთან, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ გალვისტონში.

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ახლა კი ჩვენი ტრადიციული რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი", რომელიც მარიამ ჭიაურელმა მოამზადა პრაღაში.

მარიამ ჭიაურელი:
მიხაილ გორბაჩოვი თავს ძალიან კარგად გრძნობს კინომსახიობების საზოგადოებაში: ყოფილი საბჭოთა ლიდერი, რომელსაც დასავლეთში დღემდე დიდი პატივისცემით, ლამის მოწიწებით ეპყრობიან, თავის მეგობრებად "პოლ ნიუმენს, რობერტ დე ნიროს ასახელებს ინტერვიუში, რომელსაც გერმანიის ჟურნალი "ტეფაუ მუვი" ბეჭდავს. გასულ კვირაში შინ კევინ კოსტნერს ვეწვიე და მისი სამი ვაჟიშვილი გავიცანიო", დასძენს გორბაჩოვი. ეჭვი არ არის, მის მიერ წამოწყებულმა "პერესტროიკამ" ნაყოფი გამოიღო. წარმოიდგინეთ ძველი საბჭოთა ლიდერი, თუნდაც სტალინი სტუმრად, დავუშვათ, ჯონი ვაისმიულერის სახლში...

გამორიცხული არ არის, მალე ყოფილ პოლიტიკურ ლიდერად იქცეს ჯორჯ ბუშიც, შეერთებული შტატების პრეზიდენტი - შემოდგომაზე, როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. სულ მალე, 7 ივნისს კი მისი მეტოქე დემოკრატი ჯონ კერი, მძიმეწონიან დახმარებას მიიღებს - ლოს-ანჯელესში გაიმართება კერის მხარდამჭერი ამერიკელი ვარსკვლავების კონცერტი ჯონ ბონ ჯოვის, ბილი კრისტალის, ვუპი გოლდბერგის, უილი ნესლონის, ბარბარა სტრეიზანდის მონაწილეობით. შეერთებული შტატებისნაირ ქვეყანაში, სადაც (თუნდაც ტელევიზიის როლის გამო) მასმედია უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანების ცნობიერებაზე, შოუ ბიზნესის ვარსკვლავების რისხვა, შესაძლოა, პრეზიდენტსაც კი ძალიან ძვირად დაუჯდეს...

შემდეგი ცნობა ჩვენს კალეიდოსკოპში ეხება ეკრანის ორ გმირს, რომელთაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, ხმაზევე იცნობთ დონალდ დაკს- დიდი უოლტ დისნეის მულტფილმების- თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიურ გმირს- ასაკი არ ეტყობა, მაგრამ აქვს. 9 ივნისს ის, თქვენ წარმოიდგინეთ 70ის ხდება. ისე რა გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხატვარს, რომელიც მრავალი წელია, დისნეის კომპანიაში დონალდის ხატვა ევალება, მისი 1000-ზე მეტი თავგადასავალი აქვს შექმნილი. ამას კი დრო უნდა... რაც შეეხება მსოფლიოში, ალბათ ყველაზე ცნობილი იხვის წარმატების საიდუმლოს - ის მხატვრის, ვიქტორ არიაგადა რიოსის, იმავე ვიკარის რწმენით, დონალდ დაკის ხასიათის კომპლექსურობაში მდგომარეობას. დონალდი ანტიგმირია, გმირები კი ადამიანებს მალე ბეზრდებათო. მაგრამ ვითომ ასეა? ყოველთვის არა და ამაში ახლავე დაგარწმუნებთ...

დიახ, ეს ტარზანის შეძახილია, რომელიც, ალბათ, არა მარტო უფროსი თაობის მსმენელებს ახსოვთ ცნობილი კინოფილმიდან ჯონი ვაისმიულერის მონაწილეობით. 2 ივნისს 100 წელი შესრულდა ცნობილი ამერიკელი სპორტსმენისა და შთამბეჭდავი გარეგნობის კინოგმირის დაბადებიდან.ჯონი ვაისმიულერი ოლიმპიური გმირიც იყო- ოლიმპიურ თამაშებზე 1924 და 28 წლებში ცურვაში ხუთი ოქროს მედლის მფლობელი. მისსავე სახელს უკავშირდება 50-ზე მეტი მსოფლიო რეკორდი. მას შემდეგ მართალია, ბევრმა წყალმა ჩაიარა - ვაისმიულერი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სპორტული რეკორდები მოხსნეს და მის ტარზანსაც ურიცხვი კონკურენტი შეეჭიდა მომდევნო ფილმებისა და მათი გმირების სახით, მაგრამ ვაისმიულერს ვერავინ შეედრება - მაიმუნებში გაზრდილი ბიჭუნას მითის ეკრანიზაციებში მაინც მას ეკუთვნის "ჯუნგლების მბრძანებლის" გვირგვინი - კინომაყურებლის მეხსიერებას მისი ტარზანი, მისი შეძახილი შემორჩა... არ მობეზრდა მისი გმირი.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG