Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრაბანდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე "ერგნეთის ბაზრობის" დახურვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კონტრაბანდასთან ბრძოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს. უაქციზო სიგარეტი და განუბაჟებელი საწვავი - ეს არის ის ძირითადი საქონელი, რომელიც კონტრაბანდისტებს წლების განმავლობაში აფხაზეთიდან ზუგდიდის რაიონში შემოაქვთ. თუმცა კონტრაბანდის ყველა მცდელობა ერთნაირად წარმატებით როდი სრულდება. მაგალითად, 4 ივნისს, გამთენიისას, უშიშროების სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 17 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების სიგარეტი დააკავეს.


ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი კონტრაბანდისტები მაღალი მილიტარისტული სულისკვეთებითაც გამოირჩევიან. ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელოს განყოფილების თანამშრომელთა მცდელობას, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასთან შეეჩერებინათ კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული გაზ-66 მარკის ავტომანქანა, ორმხრივი სროლა მოჰყვა.

[ისმის სროლის ხმა]

სროლა, როგორც ამას გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ბადრი დგებუაძე აცხადებს, დაახლოებით ათი წუთი გაგრძელდა. შედეგად, კონტრაბანდისტებმა სიგარეტით დატვირთული მანქანა მიატოვეს და მიიმალნენ. უშიშროების ოფიცერი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი კარგად ორგანიზებული ქსელის შესახებ საუბრობს:

[ბადრი დგებუაძის ხმა] "იგივე ბუთბას დაჯგუფება თუ გსმენიათ, ან ტურანბას დაჯგუფება... ასევე, იქ ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები და მებაჟეები რომ დგანან, პოსტები რომ აქვთ გალის რაიონში, - ისინი არიან ამ ბიზნესით დაკავებულნი. აქ სოხუმიდან მოაქვთ, იქ არის საბითუმო ბაზა, მოაქვთ გალამდე და მანქანებით გადმოაქვთ მერე ზუგდიდის ტერიტორიაზე." (სტილი დაცულია)

ცხადია, კონტრაბანდული საქონელი გალიდან ზუგდიდის ტერიტორიაზე სეპარატისტებთან დანაშაულებრივ კავშირში შესულ საქართველოს მოქალაქეებს გადმოაქვთ. ვინ არიან ეს ადამიანები? ადრე გალის რაიონში მოქმედ პარტიზანულ შენაერთებზე ჰქონდათ ეჭვი. თემურ გაბუნია, უშიშროების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი განმარტავს:

[თემურ გაბუნიას ხმა] "პარტიზანული მოძრაობები დაშლილია. არ არსებობს პარტიზანული მოძრაობა, მაგრამ არის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ამით იყო და ამით გაჰქონდა თავი და ახლა ვერ მოაშლევინებ... მე ახლა იმის მტკიცებას ვერ დაგიწყებთ, რომ მაღალი ეშელონებიდან ვიღაცა აკონტროლებს ამას, მაგრამ ოჯახში ყოველთვის გამოერევა ასეთი პიროვნება და თუ სამართალდამცავებში გამოერია, ვინც ლობირებას უკეთებს ამას, ან მოაცილებს თვითონ, ან რაღაც ინტერესით არის ჩამჯდარი ამ შავ ბიზნესში, ამას ვეთანხმები, ასე არის." (სტილი დაცულია)

თუმცა, აწყობილი მექანიზმის მიუხედავად, ბოლო ორი თვის განმავლობაში, როგორც ამას უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრაბანდის მოცულობა მკვეთრად შემცირდა. თუ ადრე ენგურს დღის განმავლობაში, სხვადასხვა შემოვლითი გზებით, საწვავით დატვირთული ათი-თხუთმეტი მანქანა კვეთდა, ახლა კვირის მანძილზე ერთი-ორი თუ გაიპარება. კონტრაბანდის მასშტაბების შემცირების ფაქტს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელოს განყოფილების უფროსი კახა კაკაბაძეც ადასტურებს:

[კახა კაკაბაძის ხმა] "ბოლო პერიოდში გამოჩნდა ტენდენციები, რომ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ კონტრაბანდა. არის ფაქტები გადმოსვლის, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვავლინოთ და ეს ხვრელი ამოვავსოთ. ამის პირობას გაძლევთ."(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ ჩემი რესპონდენტის ოპტიმიზმი რეალური ციფრებით არის გამაგრებული. საფინანსო პოლიციის მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას 250 ტონა საწვავისა და 70 ათასი კოლოფი სიგარეტის კონტრაბანდა იქნა აღკვეთილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG