Accessibility links

logo-print

კახა ბენდუქიძის ადგილი და როლი პოლიტიკურ ინტერიერში


საქართველოს ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის დანიშვნა უსათუოდ შეცვლის ძალთა განლაგებას პოლიტიკურ სივრცეში. როგორი იქნება ახალი მინისტრის ფუნქცია?



თუ ახალ ხელისუფლებას რომელიმე სფეროში გაუჭირდა ხალხის იმედების გამართლება, ეს სფერო, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაა. მიღწევის პიკი არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ხელფასების დროული გაცემა და პენსიის გაზრდა 20 ლარამდე. თუმცა ბევრჯერ გაიგონებთ, რომ როდესაც პენსია 13 ლარი იყო, ფქვილი და შაქარი გაცილებით იაფი ღირდა; დღეს კი პროდუქტები ისე გაძვირდა, რომ პენსიამ მოიმატა თუ მოიკლო, ძნელი სათქმელია. ბოლო თვეების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, დასაქმებულები კი შიშით ელიან ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, რაც მთავრობამ გაზაფხულიდან შემოდგომისთვის გადადო.

სწორედ ამ მძიმე ფონზე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ბიზნესმენს კახა ბენდუქიძეს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება და, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი ეკონომიკის მშენებლობა.

ბენდუქიძე ძლიერი ფიგურაა და მისი მოწვევა საქართველოს მთავრობაში ნიშნავს პოსტრევოლუციური, ბუფერული პერიოდის დასრულებას. ამ პერიოდში ადამიანები თანამდებობებზე გაურკვეველი კრიტერიუმებით ინიშნებოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იყო მხოლოდ შანსი. საფიქრებელია, რომ სააკაშვილი არავის მისცემს დიდ დროს საკუთარი უნარების გამოსავლენად. სალომე ზურაბიშვილის და, განსაკუთრებით, კახა ბენდუქიძის მოწვევა საქართველოს მთავრობაში იმის ნიშანია, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობიდან წავა ყველა, ვინც თავს ვერ გამოიჩენს.

რას ნიშნავდა თავად ბენდუქიძის თანხმობა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე? პირველ რიგში, ნიშნავდა სერიოზულ განზრახვას და ხანგრძლივად შემოსვლას პოლიტიკურ ინტერიერში, რადგან უპერსპექტივო წინადადებას კარგი ბიზნესმენი არასოდეს თანხმდება.

რას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმის შემდეგ, რაც ეკონომიკის სადავეები გადაეცა ძლიერ ფიგურას, რომელმაც იცის საქმის, ფულის, წარმატების და ძალაუფლების ფასი? თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალოვან უწყებებს პრეზიდენტი პირადად აკონტროლებს, ხოლო ეკონომიკა, თავისი ინფრასტრუქტურით, კახა ბენდუქიძის პასუხისმგებლობის სფეროში გადადის, ზურაბ ჟვანიას ფუნქცია აშკარად იკვეცება. მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტი საკმაოდ მოწყლვადია. ნებისმიერი წარუმატებლობა საკმარისია იმისათვის, რომ მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა ან პრეზიდენტმა გამოუცხადოს, ან პარლამენტმა. მაგრამ დღეს, მთავრობაში კახა ბენდუძის შემოსვლით, პასუხიმგებლობის ტვირთი სწორედ მასზე გადადის, პრემიერად კი კვლავ ჟვანია რჩება. ამიტომ, შესაძლოა, განვლილი უნაყოფო თვეების ფონზე, ზურაბ ჟვანიასთვის კარიერის გადარჩენის ტოლფასიც კი იყოს ბენდუქიძის გამოჩენა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს საკმაოდ "მსუბუქი" მთავრობა სასიამოვნოდ "დამძიმებას" იწყებს.
XS
SM
MD
LG