Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს


ყოველი წლის 5 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ტრადიცია შორეული 1972 წლიდან იღებს სათავეს და მისი მთავარი მიზანია გარემოს დაცვის საკითხებზე

ინფორმაციის ეფექტური გავრცელება. როგორი იყო ეს დღე თბილისში?

5 ივნისი, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული "გარემოს მსოფლიო დღე", ბუნების დაცვის გლობალურ კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ თარიღად ითვლება. ყოველი წლის 5 ივნისს გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები თავს ვალდებულად მიიჩნევენ განსაკუთრებული ინტენსივობით გაავრცელონ ინფორმაცია პლანეტის დაცვის გადაუდებელი საჭიროების შესახებ. მოსახლეობისა და მთავრობის ყურადღების მისაქცევად იმართება აქციები, კონფერენციები. ამ მხრივ, წელს გამონაკლისი არც საქართველო და თბილისი ყოფილა. მაგალითად: 5 ივნისს თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტმა დედაენის ძეგლთან ყვავილების დღესასწაული მოაწყო, ხოლო, სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტების ძალისხმევით, ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში სკვერი გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობდა ინფობუსი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ბუკლეტები და საინფორმაციო ბიულეტენები ურიგდებოდა. თუმცა, გარემოსდამცველთა ამგვარი აქტიურობის მიუხედავად, თბილისელების უმეტესობა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.
-იცით, დღეს გარემოს დაცვის დღე რომ არის?

[მამაკაცის ხმა] " არ ვიცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა ჩვენთვის აქტუალური არ არის, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არ გამიგია, რომ ასეთი დღეა. ძალიან მაწუხებს უხარისხო წყალი, უხარისხო ჰაერი, უხარისხო პირობები: შუქი, ყველაფერი." (სტილი დაცულია)

-იცით, რა დღეა?

[ ქალბატონის ხმა] "ყვავილების! "

რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, 5 ივნისს ორგანიზებულად აღნიშნავს კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრი, რომელიც 2000 წელს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და ევროკავშირის ძალისხმევით დაფუძნდა და რომლის ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების კომპეტენტური ჩართვაა. გიორგი გახელაძე, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ 5 ივნისს ისინი ქუჩის ხმაურიანი აქციით არ აღნიშნავენ, თუმცა:

[გიორგი გახელაძის ხმა] "ჩვენ უფრო მივმართავთ სხვა მეთოდს: ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვაწყობთ ხოლმე, ვფიქრობ, განსაკუთრებულად საინტერესო შეხვედრებს, ისევე როგორც დღეს, მაგალითად, გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტების საქართველოს გუნდს ვთავაზობთ შეხვედრას საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის დირექტორ პაატა შანშიაშვილთან." (სტილი დაცულია)

სპეციალისტთა მტკიცებით, პროექტი, რომლის დირექტორი პაატა შანშიაშვილია და რომელიც გარემოს დაცვის გლობალური ფონდის - ჯი-ი-ეფ-ის - გრანტით ფინანსდება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უმსხვილესია. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკოსისტემის დაცვას, მართლაც რომ, გლობალური მნიშვნელობა აქვს. თუმცა უმჯობესია პაატა შანშიაშვილს მოვუსმინოთ.

[პაატა შანშიაშვილის ხმა] "ეს პროექტი არის კომპლექსური პროექტი, შედგება სხვადასხვა კომპონენტებისაგან. პირველი კომპონენტი ეს არის დაცული ტერიტორიების შემდგომი დაგეგმვა. მთავარი ობიექტი ამ კომპონენტში არის: ცენტრალური კავკასიონი, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი... მოგეხსენებათ, ეს რა მნიშვნელობის ტერიტორიებია, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობით, და ასევე ეკოლოგიური კორიდორების დაგეგმვა აღმოსავლეთ საქართველოში. შემდეგი კომპონენტი ეს არის დაცული ტერიტორიების შექმნა. ეს უმთავრესი კომპონენტია, ყველაზე მეტი დაფინანსება სწორედ ამ კომპონენტს აქვს. ეს არის დაცული ტერიტორიების შექმნა აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონში: ახმეტაში, ლაგოდეხში და დედოფლისწყაროში." (სტილი დაცულია)

თავად "დაცული ტერიტორია", როგორც ამას ჩემი რესპონდენტი განმარტავს, კრებითი ტერმინია და :

[პაატა შანშიაშვილის ხმა] "გულისხმობს ყველა კატეგორიას: ნაკრძალს, ეროვნულ პარკს, ბუნებრივ ძეგლს, აღკვეთილს, დაცულ ლანდშაფტს და მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიას და ამ სხვადასხვა კატეგორიებით უნდა ავაგოთ ქსელი. არა რაღაცა კუნძულოვანი და მიბნეული დაცული ტერიტორიები, არამედ ქსელი."

საინტერესოა საქართველოს ფართობის რა ნაწილს იკავებს "დაცული ტერიტორიები", რომელთა არსებობასა და გაფართოებას, სპეციალისტების მტკიცებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:

[პაატა შანშიაშვილის ხმა] "როდესაც ჩვენ ეს საქმიანობა დავიწყეთ, 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, დაახლოებით, 2 პროცენტი იყო (სხვადასხვა კატეგორიები იგულისხმება). ჩვენი მიზანია პირველი ოთხი კატეგორია ფარავდეს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს. ეს გამომდინარეობს თვითონ რესურსიდან, თვითონ ბუნებრივი მემკვიდრეობიდან. იქნება გულდასაწყვეტი, რომ 21-ე საუკუნემდე ხელუხლებლად მოსული ეკოსისტემები, რომლებიც კარგვადი ფასეულობაა მთელ მსოფლიოში, დღეს მოხდეს მისი არაადეკვატური გამოყენება, მოდიფიკაცია, განადგურება და ასე შემდეგ..." (სტილი დაცულია)

დაბოლოს, "დაცული ტერიტორიებისა" და გარემოს გლობალური ფონდის ეფექტურობაზე მიუთითებს წლის სენსაცია - ვაშლოვანში წლების წინ გადაშენებული ლეოპარდის დაბრუნების ფაქტი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG