Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციული და ლიბერალური ძალების დაპირისპირება საქართველოს მარლთმადიდებლურ ეკლესიაში


4 ივნისს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარ გიორგი ჩაჩავას. იგი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში"

მონაწილეობის შემდეგ ავტომობილით შინ ბრუნდებოდა, როდესაც მეორე ავტომობილი დაედევნა და ნუცუბიძის პლატოზე მისი სავალი გზიდან გადაგდება სცადა. "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი ჩაჩავამ ეკლესიაში არსებულ ფუნდამენტალისტურ მოძრაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეაქციული ძალები ფიზიკურად უსწორდებიან ყველას, ვინც კი სიმართლის თქმას დააპირებს.

ფიზიკურ ზეწოლას ვერც თავად გიორგი ჩაჩავა გადაურჩა. სატელევიზიო ინტერვიუს დამთავრებისთანავე, როდესაც ჩაჩავა საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა, მასთან მიცვივდნენ ფუნდამენტალიზმსა და რეაქციონიზმში დადანაშაულებული პირები. წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარი გიორგი ჩაჩავა, აი, ასე აღწერს თავდასხმის დეტალებს:

[გიორგი ჩაჩავას ხმა] "უცბად დავინახე, რომ გვერდზე დიდი სისწრაფით მოაყენეს შვინდისფერი ოპელი. ერთდროულად ორივე კარები გაიღო და იქედან გამოვარდა მამა დავით ქვლივიძე, წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარი, და, მასთან, ერთი ბოევიკი, რომელიც ძალიან ხშირად არის შემჩნეული ასეთ ქმედებებში. მოვარდნენ ჩემს ავტომობოლითან, მე ამასობაში დავქოქე ავტომობილი და ისინი დამედევნენ."

გიორგი ჩაჩავას ავტომობილს მდევარი ნუცუბიძის პლატოს აღმართზე წამოეწია და ავტოსაგზაო შემთხვევაც მოახდინა.

[გიორგი ჩაჩავას ხმა] "წამომეწივნენ და მანქანა დამაჯახეს."

ამის შემდეგ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარმა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა მას საცხოვრებელ სახლთან მაინც წამოეწივნენ.

[გიორგი ჩაჩავას ხმა] "გადმოხტნენ მანქანიდან და მემუქრებოდნენ, ანაფორა რომ არ გეცვას, იცი, რამდენს გირტყამდითო. მაგრამ მეზობლები რომ დაინახეს, ცოტა დაშოშმინდნენ."

ეს მძაფრსიუჟეტიანი ამბავი ქართული რეალობისთვისაც კი უცნაურია, რადგან მისი მოქმედი პირები სასულიერო ფენის წარმომადგენლები არიან. პოლიციამ უკვე დაიწყო ამ ფაქტის გამოძიება, საპატრიარქო კი ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, იქ უქმე დღეებს იმიზეზებენ.

მაინც რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი? ამ კითხვას, გარკვეულწილად, პასუხს გასცემს კომენტარი კიდევ ერთი სასულიერო პირის, ბასილ კობახიძისა, რომელმაც 5 ივნისს "თავისუფლების ინსტიტუტში" გამართულ პრესკონფერენციაზე რეაქციონერი სასულიერო პირების საკმაოდ ვრცელი სია გამოაქვეყნა:

[ბასილ კობახიძის ხმა] "ეს არის დიდი ბანდა, რომელიც ახორციელებს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებით იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოძღვრებითმა ინსტიტუტმა, მოახდინოს გაუკუღმართებული ზეგავლენა მოსახლეობაზე, ასწავლოს მას ფსევდომართლმადიდებლობა... რომ წარმოიდგინოთ ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც გამოიყვანა საქართველო გაეროდან, აი, ვინ არის ახლა ეს ჯგუფი? მაშინ როდესაც ჩვენ გამოგვიყვანეს ქრისტიანული გაეროდან და ევროკავშირიდან ერთი და იგივე დღეს." (სტილი დაცულია)

ბასილ კობახიძის მტკიცებით, ეს ძალები საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ და ფიზიკურად უსწორდებიან ყველა სასულიერო პირს, ვინც კი იდეოლოგიურად განსხვავებული აზრის გამოთქმას შეეცდება. თავად ბასილ კობახიძეც არაერთხელ იქნა გაკიცხული ოფიციალურისგან განსხვავებული პოზიციის გამო და ორიოდე წლის წინ ეკლესიიდან განკვეთას ძლივს გადაურჩა. როგორც ჩანს, მის მსგავსად სხვა სასულიერო პირებიც აზროვნებენ და მათ უკვე აღარ ეშინიათ ფიზიკური თუ მორალური ზეწოლისა. ხოლო რაც შეეხება ამ დაპირისპირების უფრო ღრმა რელიგიურ-იდეოლოგიურ საფუძვლებს, ის უფრო ვრცელი საუბრის თემაა.
XS
SM
MD
LG