Accessibility links

სამხედრო ნაწილი, რომელმაც ცხინვალის მიმართულებით მშვიდობა უნდა დაიცვას


3 ივნისს გორში 30-მდე ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკის მარში

მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა. მაგრამ კადრს მიღმა დარჩა იმ სამხედრო ნაწილისა და პირადი შემადგენლობის პრობლემები, რომელმაც ამ ტექნიკით საქართველოს ხელისუფლების საბრძოლო დავალება უნდა შეასრულოს ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებაზე. გასულ კვირაში მივლინებით ვიმყოფებოდი შიდა ქართლში. დღეს მინდა თავდაცვის სამინისტროს გორის სასწავლო ცენტრის შესახებ გესაუბროთ.


თავდაცვის სამინისტროს ნომერ პირველი სასწავლო ცენტრი ქალაქ გორის შესასვლელში, ყოფილი საბჭოთა სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე, მდებარეობს და დიდად არაფრით გამოირჩევა სხვა, ასევე საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული, სამხედრო ობიექტისაგან. ნაწილი 12 წლის წინ, მიღება-ჩაბარების დროს, ჯერ რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს, შემდეგ კი - პარამილიტარისტულმა ქართულმა დაჯგუფებებმა და მოსახლეობამ. ამ ხნის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე სცადა ფეხზე დაეყენებინა ეს ნაწილი; ზოგიერთი სასწავლო ობიექტი მახლობლად მდებარე სასროლეთზე თურქმა სამხედროებმა შეარემონტეს, მაგრამ ფული ფულად დაიხარჯა, სამხედრო ნაწილს კი დღემდე არაფერი ეტყობა. როგორც გორში არსებული სერჟანტთა მომზადების ცენტრის უფროსი კაპიტანი გიორგი ბაბუნაშვილი აღნიშნავს, მათი დაჟინებული მოთხოვნით, ინფრასტრუქტურის სამმართველომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით სამხედრო ნაწილს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კონტინგენტის მომზადება შეუძლია:

[გიორგი ბაბუნაშვილის ხმა] "ესე იგი, როდესაც აქ ადრე ჩამოვედით, არანაირი ხელსაყრელი პირობები არ იყო. გადასახური იყო შენობები, არ იყო აბანო, არ იყო შემოყვანილი წყალი, ბუნებრივი აირი,ელექტროენერგია. სულყველაფერი, რომ იტყვიან, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით შესრულდა, რამაც უზრუნველყო 30 კურსანტისათვის პირობის შექმნა."(სტილი დაცულია)

არადა, საბრძოლო შტატის მიხედვით, გორის სასწავლო ცენტრმა 200 სერჟანტის მომზადება უნდა უზრუნველყოს. პროფესიონალი სერჟანტები, რომლებიც ყველა ქვეყნის არმიის ხერხემალს წარმოადგენს, თვალისჩინივით სჭირდება ქართულ არმიას. საამისოდ გორის სამხედრო ნაწილის ბაზაზე უკვე არსებობს სასწავლო მეთოდოლოგია და მომზადებული კადრები. გერმანიის მთავრობის დახმარებით, მეხუთე წელია ხდება ქართველი ოფიცერ-ინსტრუქტორების გადამზადება ბუნდესვერის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში. კაპიტანი გიორგი ბაბუნაშვილიც ერთ-ერთი პირველი ქართველი ოფიცერია, ვინც მომზადება გერმანიის სამხედრო სასწავლებელში გაიარა. გიორგი ამბობს, რომ გორის სასწავლო ცენტრის მძიმე ტექნიკით, ტანკებითა და თვითმავალი საზენიტო დანადგარებით დაკომპლექტების შემდეგ სამხედრო ნაწილის პროფილი კიდევ უფრო გაფართოვდება:

[გიორგი ბაბუნაშვილის ხმა] "კურსების პროგრამას კურატორობს გერმანელი სამხედრო მრჩეველი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ გერმანული ლიტერატურით მეცადინეობებისათვის, მაგრამ ყველანაირი მეცადინეობები მიმდინარეობს ქართული წესდებების მიხედვით. დასაწყისისათვის ჩვენ დავიწყეთ მარტივით - მსუბუქი ქვეითით, რადგან ტექნიკის პრობლემა იყო. მაგრამ მომავალში ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს არტილერისტების და ტანკისტების მომზადება და, რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა ძალიან ხელსაყრელ პირობებს შექმნის."(სტილი დაცულია)

გორის სასწავლო ცენტრში, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ბოლო ფაზაზე, საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, უკვე გამოჩნდნენ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ჯავშანსატანკო ასეულის მებრძოლები, რომლებმაც ტექნიკის ექსპლუატაცია უნდ უზრუნველყონ. ძლიერი სამხედრო ნაწილის შექმნა საქართველოსათვის სტრატეგიულ ცხინვალის მიმართულებაზე, რაც წინა ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, აშკარად ზრდის მოსახლეობის დაცულობის ხარისხს და ხელსაყრელია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სამხედრო ნაწილის შტატზე ირიცხება ორასამდე მაღალანაზღაურებადი ჯარისკაცი, რომლებიც თავისი შემოსავლის ნაწილს სწორედ გორში დახარჯავენ. შესაბამისად, 3 ივნისს სამხედრო ნაწილის ახალი შევსება გორის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. მოსახლეობა აღტაცებით ხვდებოდა საბრძოლო ტექნიკისა და პროფესიონალი ქართველი ჯარისკაცების გამოჩენას მათი ქალაქის ქუჩებში.

[გორელი მამაკაცის ხმა] "სიამაყე კი არა, ჩვენი მომავალის სიბედნიერეა. და ყველანაირად ვეცდებით, რომ თქვენს გვერდზე ვიყოთ სუყველანაირად, რა საშუალებაც გვექნება."
[გორელი ქალის ხმა] "ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და ღმერთმა ქნას, რომ ცხინვალი დაგვიბრუნდეს და აფხაზეთი."(სტილი დაცულია)


თუმცა, როგორც ირკვევა, მძიმე ტექნიკის გადასროლა თბილისადან გორში იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ადგილზე ძვირად ღირებული ტექნიკის დასაბინავებელი საცავები მოუმზადებელი აღმოჩნდა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად 3 ივნისს სამხედრო ნაწილი საქრთველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ მოინახულეს. მინისტრი დაპირდა ჟურნალისტებს, რომ სულ მალე ტექნიკა გარემონტებულ საცავებში განთავსდება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკის ბოქსებს, ჩვენ გენერალური შტაბის უფროსთან ერთად დავგეგმეთ, რომ გამოვაგზავნით სპეციალისტებს და დაიწყება კაპიტალური შეკეთება ტექნიკისთვის იმ ბოქსებისა, რომლებიც თქვენ ნახეთ."(სტილი დაცულია)


გორში განლაგებულ სამხედრო ნაწილს, თავის მხრივ, დახმარებას ჰპირდება შიდა ქართლსა და ცხინვალის ზონაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელიც, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო ამ მიმართულებაზე ძლიერი სამხედრო ქვედანაყოფის ჩამოყალიბებისა. მიხეილ ქარელმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ რეგიონის ადმინისტრაცია ჯარისკაცებს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება:

[მიხეილ ქარელის ხმა] "მაქსიმალურად დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალებები, რომ მათ დავეხმაროთ კვების პროდუქტებით, მოვუგვაროთ, ნაწილობრივ, ჩაცმულობის პრობლემები და სხვადასხვა ისეთი ტექნიკური პრობლემები, როგორიც არის დენის, გაზის და სხვადასხვა ასეთი პრობლემები."(სტილი დაცულია)

წლების მანძილზე სამხედრო საკითხებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების შეუთანხმებელი მოქმედება ქართულ არმიას და, შესაბამისად, სახელმწიფოსაც წინსვლის საშუალებას არ აძლევდა. საქართველოს ახალი ხელისუფლება კი ყოველ ნაბიჯზე ენერგიულად ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ არმია და ხალხი ერთიანია.
XS
SM
MD
LG