Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლიანობა საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობაში


როდესაც ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რევოლუციამდე თუ რევოლუციის დღეებში საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, მისი მთავარი დაპირება სამართლიანობის დამკვიდრება იყო.

რას ნიშნავს სამართლიანი ხელისუფლება და რამდენად ასრულებს საკუთარ დაპირებას ამჟამინდელი პრეზიდენტი?

მოქალაქეთა კავშირი ნებისმიერ არჩევნებში სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე საუბრობდა, მოქალაქეთა კავშირისგან გამოყოფილმა ოპოზიციამ კი მთავარ თემად სამართლიანობა აირჩია. კორუფციასთან ბრძოლა, ჩინოვნიკებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, შევარდნაძის გარემოცვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, - ეს ის თემები იყო, რომლებიც მოსახლეობას გაცილებით მეტად მოსწონდა, ვიდრე ყალბი დაპირებები ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ.

დღეს, ახალი ხელისუფლების პირობებში, სამართლიანობის განცდა დიდწილად განსაზღვრავს მოსახლეობის ნდობის ხარისხს.

ელოდა თუ არა საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომ თუკი რომელიმე მაღალჩინოსანს დაუსაბუთებელი თანხებით შეძენილ სახლს ჩამოართმევდნენ, ამ სახლში პირადად მას ან ვინმე მის მსგავსს შეასახლებდნენ? ცხადია, არა. ელოდა თუ არა რომელიმე რიგითი პენსიონერი, რომ თუკი ხელისუფლება შეიცვლებოდა, მასაც იმდენსავე პენსიას დაუნიშნავდნენ, რამდენსაც რომელიმე ყოფილი პარლამენტარი იღებდა? ალბათ, არა. თანამედროვე საზოგადოებისთვის, მათ შორის, ქართული საზოგადოებისთვის, სამართლიანობა ნიშნავს არა კოლექტიური პრინციპით დოვლათის გადანაწილებას, არამედ სწორ დამოკიდებულებას პიროვნული მოთხოვნილებებისა და საჭიროებებისადმი. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის სამართლიანია ხელისუფლება, რომელიც თვითრეალიზაციისთვის თანაბარ პირობებს ამკვიდრებს; ბიზნესმენებისთვის სამართლიანია ხელისუფლება, რომელიც ლიბერალურ, კონკურენტულ გარემოს ქმნის; სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის სამართლიანია ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს, რომ სინათლე მის ფანჯრებშიც ენთოს ყოველღამ; მეცნიერისთვის სამართლიანია ხელისუფლება, რომელიც მას ღირსეული არსებობისა და საქმიანობის პირობებს სთავაზობს. უმთავრესი, რაც სამართლიან ხელისუფლებას ახასიათებს, კანონის წინაშე ყველას თანასწორობაა, - სწორედ ეს და არა გათანაბრება დოვლათის განაწილებაში.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს არ დაუკარგავს და არც დაუმალავს თავისი ადამიანური სახე. ცენტრშიც და რეგიონებშიც თანამდებობებზე დაინიშნენ ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ არაფრით გამოირჩეოდნენ თავიანთი გარემოცვისგან. ახალი ხელისუფლების ადამიანური რესურსი თითოეულ მოქალაქეში ამკვიდრებს განცდას, რომ "ისინიც ჩვენნაირები არიან". ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს მანძილს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ნომენკლატურულ-იერარქიული კიბე, რომლის ავლას წლები და საგანგებო თვისებები სჭირდებოდა, ბოლოს და ბოლოს, გაუქმებულია. ეს ფაქტორი სამართლიანობის სასარგებლოდ მეტყველებს.

მაგრამ დღეს არსებული სახელისუფლო ნიადაგი თავის თავში საგანგებო საფრთხესაც მოიცავს. როდესაც ძველ დროში რომელიმე კარიერისტი ნომენკლატურულ კიბეზე იწყებდა მოძრაობას, იგი თანდათან კარგავდა ძველ მეგობრებს და იძენდა ახლებს, კარგავდა ძველ მეზობლებს და იძენდა ახლებს, ნათესავებსაც კი თანამდებობის შესაბამისად ირჩევდა. ამ პროცესს წლები სჭირდებოდა და როდესაც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე პარტიული ან სამთავრობო ლიდერი ხდებოდა, იგი სრულიად მიუწვდომელი იყო ძველი გარემოსთვის. ახალი გარემო კი მისნაირი ადამიანებისგან შედგებოდა.

დღეს პოლიტიკური პროცესი მეტისმეტად სწრაფად ვითარდება იმისათვის, რომ მავანმა ხელისუფალმა ძველი გარემოსგან უმტკივნეულო გამიჯვნა მოასწროს. შესაბამისად, მისი საქმიანობა - წარმატებულიც და წარუმატებელიც, უანგაროც და ანგარებიანიც - გაცილებით ადვილად და სწრაფად აღსაქმელია საზოგადოებისთვის, ვიდრე ძველ დროში. ნიშანდობლივია, რომ დღევანდელის მსგავსი ვითარება იყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას. მაშინაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი ნომენკლატურული კიბე და, შესაბამისად, არ ჰქონდათ დრო თავის გარემოსგან უმტკივნეულოდ გასამიჯნად. ასეთ ვითარებაში ორი არჩევანი არსებობს: პირველი - გაემიჯნო შენიანებს მტკივნეულად და გუშინდელი ახლობლებისთვის დღეს ზეაღმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ იქცე. ასეთი არჩევანი ხელისუფლების მიმართ ძლიერ აგრესიას ბადებს; მეორე გზა კი ის არის, რომ არ გაემიჯნო, პირიქით, კიდევ მეტად დაუახლოვდე შენს ხალხს და ემსახურო მას. მიხეილ სააკაშვილმა ეს გამოცდა ჩააბარა. როგორ არჩევანს გააკეთებს მისი ახლო და შორეული გარემოცვა - ხალხისგან გამიჯვნისა თუ ხალხთან დაახლოების, ეს დამოკიდებული იქნება თითოეული ხელისუფლის შინაგან საყრდენსა და პოლიტიკურ ალღოზე. ახალი ხელისუფლებისა და ხალხის თანასწორი, უანგარო ურთიერთობა გაცილებით ღრმად დაამკვიდრებს სამართლიანობის განცდას, ვიდრე, თუნდაც, ჯოხთაბერიძის მიერ გადახდილი მილიონების გადანაწილება 20-20 ლარიან პენსიებად.
XS
SM
MD
LG